,,ჭორიკანა კაცთა ჯოგი ორი ქალის წინააღმდეგ დაირაზმა და მათ კაცები ჰქვიათ თუ არა საერთოდ, ეგეც საკითხავია''

,,ჭორიკანა კაცთა ჯოგი ორი ქალის წინააღმდეგ დაირაზმა და მათ კაცები ჰქვიათ თუ არა საერთოდ, ეგეც საკითხავია''

,,დიახ, კიდევ ერთი სია იქნება, ოღონდ იმ ადამიანების, ვისაც სასამართლოში ვუჩივლებ! ვუჩივლებ ელისო კილაძეს, ალეკო ელისაშვილი კი მხოლოდ სამოქალაქო დავით ვერ შემოიფარგლება, რადგან გამოძიებას უკვე ჩვენება მისცა, რომლის შინაარსიც არ ვიცი. ამბობს, რომ გვარებიც დაასახელა, მაგრამ თუ დადგინდა, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, რომ პასუხი აგოს!'' 

ალეკო ელისაშვილმა, შეწყალებისა და პოლიტპატიმრების სიების ორკვირიანი სკანდალის შემდეგ, ორი გვარი დაასახელაბესელია და კობახიძე და განაცხადა: ,,მე არ ვაპირებ ჩვენების გასაჯაროებას. ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ არ აინტერესებდათ სხვა მსჯავრდებულები. მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ''. ელისაშვილი მოითხოვს ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა, გიორგი გოგაძეს მთავარი პროკურორის მოადგილის, ხოლო მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს, თუმცა არ ასახელებს იმ მაღალჩინოსნის ვინაობას, ვინც მას ინფორმაცია მიაწოდა, დასახელებული პიროების ფინანსური დაინტერესების შესახებ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც საქართველოში ახლახან დაბრუნდა, თავის მხრივ იმ პირების სიას ადგენს, ვის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ,,ვერსიას'' კი ექსკლუზიურ საგაზეთო ინტერვიუს აძლევს და ყველა ბრალდებას პასუხობს.
- პროკურატურამ გამოძიება ალეკო ელისაშვილის იმ ბრალდებისა და ცილისწამების გამო დაიწყო, რომელიც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისდროინდელ პერიოდს ეხება. ბუნებრივია, გამოძიებას ეს ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა. ნამდვილად არეულ-დარეულია, სად სიაა, სად - შეწყალება, პოლიტპატიმრები, ვის რა ედება ბრალად და საერთოდ რა შუაშია ე.წ. კოკაინის საქმე. ისე აირ-დაირია ყველაფერი, საზოგადოება კი არა, ხანდახან მე ვერ ვხვდები, ვინ რაზე ლაპარაკობს. არ ვიცი, ელისაშვილი ასე შეგნებულად მოიქცა თუ თავადაც დაიბნა, მაგრამ ფაქტია, რეალურად რა ხდება, მოგვიანებით გამოჩნდება. კარგია ის, რომ გამოძიება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ამასობაში ჩემთვისაც ახალ-ახალი ინფორმაციები ხდება ცნობილი შეწყალების კომისიის შესახებ. მაგალითად, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები კომისიაში და ა.შ. მივიღე ინფორმაცია, რომ თურმე, რამდენიმე პირი შეიწყალეს, ეს ადამიანები უკვე ციხის დასატოვებლად ემზადებოდნენ და ამ დროს უკან შეაბრუნეს, აღარ გიშვებთო, რაც დაუშვებელია. 
- ეს ვის დროს მოხდა, ან რატომ? 
- სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია. როგორც კი ხელთ მექნება დოკუმენტი, კონკრეტულად ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, ელისაშვილს დავემსგავსო და ვაკეთო უსაგნო განცხადებები მტკიცებულების გარეშე. რაც შეეხება პოლიტპატიმრების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მთელმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც შემდეგ კანონად იქცა. მას დაედო ვეტო, ვეტო დაძლეულ იქნა და დადგენილებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. ამიტომაც როცა ვიღაც თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს პოლიტიკოსები ფულს იღებდნენ, ეს ყველას შეურაცხყოფაა და არა კონკრეტული დეპუტატის. 
- თუმცა ალეკო ელისაშვილი მხოლოდ ბესელიასა და კობახიძეზე საუბრობს, ეს მიზანმიმართული პროცესია კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, თუ უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტგადალაგება იგეგმება? 
- მგონი, ორივე ერთად. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ესეც ამის ნაწილია. თუმცა, ნებით თუ უნებლიედ, ალეკო ელისაშვილი ბარიკადების იმ მხარეს დგას, სადაც არის ირმა ნადირაშვილი, რომელიც მართლაც კორუფციაშია ჩაფლული, უსახური გივი თარგამაძე, ბატონი ქორიძე და მას მხარს უჭერს პრეზიდენტიც. ხოლო მთავარი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს სკანდალი ყველაზე მეტად შედიოდა, ნაციონალური მოძრაობაა და ვისაც იმის გათვლა არ შეუძლია, თავისი ქმედებებით ვის თამაშს თამაშობს, არც პოლიტიკაში ესაქმება რამე. Mეც მაინტერესებს პასუხი კითხვაზე რატომ აგორდა ეს სკანდალი ახლა და არა 2-3 წლის წინ, თუნდაც მაშინ, როცა ელისაშვილი შეწყალების კომისიაში იყო. თუმცა ამაზე სხვა პასუხი არ არსებობს გარდა იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვიღაცები საკუთარი ნიშის დაკავებას ცდილობენ, თუნდაც სიცრუითა და ცილისწამებით. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილს გვარები არ დაუსახელებია, ეს შეტევა პერსონალურიცაა. ყველაფერი სწორედ მან დაიწყო და აჰყვა ელისო კილაძე, მან გაახმაურა გვარები, თუმცა არ ვიცი, რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. რეაქცია მხოლოდ ერთ განცხადებაზე მქონდა - პოლიტპატიმართა სიაზე პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენო. საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი ნაწილი ამას სერიოზულად არ აღიქვამს, მეორე ნაწილი კი, ვინც მიიჩნევს, რომ ელისაშვილმა მთელ იმ პროცესს სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა, თემას გამოეხმაურა. მე ეს თემა არ გავატარე და არც არასოდეს გავატარებ. 
- იქნებ, ეს დამოკიდებულება სწორედ ბიძინა ივანიშვილის რჩევის დამსახურებაა, რომელიც მანანა კობახიძეს მისცა - ბრალდებებს არ აჰყვე და არ უპასუხოო. ეს სწორად მიგაჩნიათ? 
- ყველა ბრალდებას ნამდვილად არ გამოვეხმაურები. ზოგ შემთხვევაში, საქმე ფსიქიკურ ანომალიასთან გვაქვს. მაგალითად, როცა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ,,კაპიუშონიანი'', თავდაბურული, ანონიმური პირი ალაპარაკეს და ოპონენტებს იმ დონეზე გაუჭირდათ, რომ ასეთი პერსონაჟები შემოიყვანეს. მესმის ივანიშვილის პოზიციაც, რადგან ის პერსონალური შეტევის ობიექტი არაერთხელ ყოფილა და ამიტომაც ამბობს, არ ღირს ამაზე ნერვიულობა და დროის ხარჯვაო. აბა, მაშინ ივანიშვილმა რა თქვას, ვინც ბევრის მაგივრად ამდენი დარტყმა და შეურაცხყოფა მიიღო და არასდროს დამალულა?! 
- ახლა ბიძინა ივანიშვილი დამალული არ არის? 
- არა, რას ჰქვია დამალულია. იქ არის, სადაც უნდა იყოს და მოქმედებს. როცა საჭიროა, გამოდის და განმარტებებსაც აკეთებს. 
- თქვენ თუ შეხვდით ამ მოვლენების დროს? 
- მე საქართველოში არ ვიყავი, მას მანანა კობახიძე ესაუბრა, ორივეს სახელით და მე მისი პოზიცია ვიცი ისევე, როგორც პრემიერის. 
- და რა არის დღეს პრემიერის პოზიცია, რომელმაც ამ სიების შედგენის და მისი შს მინისტრობის დროს თქვა, ერთი-ორი პირი ნამდვილად არ უნდა მოხვედრილიყო ამ სიაშიო? 
- მერე რა. პრემიერსაც და მეც ერთნაირი, პრინციპული პოზიცია გვქონდა ზოგადად პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. რაც შეეხება მის მაშინდელ განცხადებას, მაშინ შს სამინისტროში ახალი დანიშნული იყო და ყველა ის კადრი, ვინც სხვადასხვა სპეცამსახურებში იყვნენ, ისევ იქ მუშაობდა. ალბათ, მათ მიერ დაპატიმრებული ზოგიერთი ადამიანის ამ სიაში ხილვა გააპროტესტეს და პრემიერმაც პროფესიული სოლიდარობა გამოავლინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ,,ოცნების'' მთელი გუნდის გადაწყვეტილება იყო. დღეს მე და მანანა კობახიძესაც ერთი პოზიცია გვაქვს - სასამართლოში ვაპირებთ სარჩელის შეტანას. 
კონკრეტულად ვის უნდა უჩივლოთ? 
- ახლა ვალაგებ ამ სიას. დიახ, კიდევ ერთი სია იქნება, ოღონდ იმ ადამიანების, ვისაც სასამართლოში ვუჩივლებ! ვუჩივლებ ელისო კილაძეს, ალეკო ელისაშვილი კი მხოლოდ სამოქალაქო დავით ვერ შემოიფარგლება, რადგან გამოძიებას უკვე ჩვენება მისცა, რომლის შინაარსიც არ ვიცი. ამბობს, რომ გვარებიც დაასახელა, მაგრამ თუ დადგინდა, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, რომ პასუხი აგოს! 
- ეს განცხადებაა განცხადებისთვის თუ ომში მართლა შედიხართ? 
- ეს იქნება პრეცედენტი ჩემგან! არ მჩვევია საქმეების შუა გზაზე მიტოვება. ასეთი პრეცედენტი უკვე იყო, ზუსტად ორი დღის წინ, როცა ცილისმწამებლური კამპანია ბოლომდე მივიყვანე. თვეების განმავლობაში ველოდე ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას ,,ფრეშნიუსის'' წინააღმდეგ, რომელმაც ჩემს შვილზე ცილისმწამებლური მასალა გაავრცელა. ზუსტად ორი დღის წინ კი ქარტიამ დაადგინა, რომ ეს მასალა დარღვევებით გაკეთდა. იურისტი ვარ, მთელი ცხოვრება საადვოკატო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, იმის უნარიც მაქვს და გამოცდილებაც, რომ ასეთი პრეცედენტები მოხდეს და საზოგადოებას მდარე, უხარისხო და ჭორებზე დაყრდნობილი ინფორმაცია არ მიეწოდებოდეს. 
თუმცა ზოგადის გარდა, თქვენს წინააღმდეგ ძალიან კონკრეტული ბრალდებები ისმის, მათ შორის, ცნობილი პერსონების მხრიდან. მაგალითად, ლევან მამალაძე, რომელიც თუ არ ვცდები, პოლიტდევნილების სიაში მოხვედრის კანდიდატი იყო და შემდეგ აღარ მოხვდა, ამბობს, რომ დაურეკა თქვენმა ფოთელმა ახლობელმა და სიაში მოსახვედრად ფულის გადახდა შესთავაზა. თუ დანარჩენებზე ამბობთ, რომ ნაციონალების თამაშს თამაშობენ, ლევან მამალაძე ეს შემთხვევა ხომ არ არის? 
- არ ვიცი, ვნახოთ, ვინ რა შემთხვევაა. გარდა იმისა, რას ამბობენ, იმასაც უნდა შევხედოთ, ამას ვინ ამბობს და რა მტკიცებულება აქვს. ლევან მამალაძე 10-ჯერ მაინც ჩაერთო ტელევიზიებში, მაგრამ არავინ ჰკითხა, ამ განცხადებებს რით ამტკიცებდა. პირველ რიგში, მან ის უნდა ახსნას, აქამდე რატომ არასდროს უთქვამს, რომ ბესელიას გარემოცვიდან ვიღაც უკავშირდებოდა და ფულის გადახდაზე მინიშნებებს აძლევდა? მეორე - თქვას, ვინ დაუკავშირდა. როცა არ ამბობ, ვინ დაგიკავშირდა, როდის და არც ფაქტები გაქვს, როგორ გადავამოწმო, მართალს ამბობს თუ არა? იქნებ, მართლა ვინმემ ისარგებლა და ჩემი სახელით რაღაც უთხრა, ამას ხომ ვერ გამოვრიცხავთ? თეორიულად დავუშვათ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ხელები აფათუროს ამ პროცესში - მაშინ უნდა მითხრას, ვინაა ეს ადამიანი და მე თავად გადავამოწმებ! მსმენია, რომ ჩემი სახელით, ჩემი ყოფილი კოლეგები, ადვოკატები ვიღაცებთან მისულან. ასეთი შემთხვევები უკვე მქონია და ყველას შესაბამისი პასუხიც გავეცი. ამიტომ უნდა ვიცოდე, ვინმემ ხომ არ ისარგებლა ჩემი სახელით ფოთიდან, სამტრედიიდან თუ სენაკიდან! მამალაძესთან ცხოვრებაში არასდროს არანაირი კონტაქტი არ მქონია, არც ტელეფონით, არც ესემესით და სხვათა შორის, მამალაძე იმ პოლიტდევნილთა სიაში რომ მოხვედრილიყო, ვერასდროს ვერცერთი ადამიანი ვერ გაიმართლებდა თავს, რომ მის იქ მოხვედრაში ფული არ იყო აღე¬ბული. რაც შეეხება ვინმე ცოტნე ბაკურიას, ჯერ იმით დავიწყებ, რომ ნახევარი დღე მარტო იმას ვიხსენებდი, ვინაა ეს ადამიანი. 
- ,,აღორძინების'' ყოფილი სახე, რომელიც ამბობს, რომ მას პირადად დაურეკეთ და პოლიტსტატუსის სანაცვლოდ, ფულის ფონდში გადახდა შესთავაზეთ. 
- აი ეს კაცი გამოდის და პირდაპირ ეთერში იტყუება. მე მას ამერიკაში დავურეკე, და რა ვუთხარი? სულ რომ ასე გავგიჟებულიყავი და ხალხთან რეკვა დამეწყო, ამერიკაში რატომ დავურეკავდი ვიღაც კაცს, თინა ხიდაშელის ნათესავს? ან საერთოდ, ვინმესთან რატომ უნდა დამერეკა? 
- მოკლედ, სიების შედგენის სქემა ასე გამოიყურება - რეკავდით ხალხთან და სთავაზობდით, პოლიტპატიმირის სტატუსის მისაღებად და სიაში მოსახვედრად ფული გადაეხადათ. კითხვის ნიშანი დასვა კახა კუკავამაც, რომელმაც თქვა, რომ მას სულ 2 პოლიტპატიმარი ჰყავდა, კიდევ რამდენიმეს რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ საბოლოოდ, მის პარტიას სხვა უცნობი ხალხი მიეწერა. ამიტომ უპასუხეთ ყველა ამ ბრალდებას - რეალურად, სად და როგორ შედგა პოლიტპატიმართა სია? 
- ყველაფერს გასაგებად ავხსნი: პირველი ე.წ. პოლიტპატიმრების სია 2007 წელს შეიქმნა, გაერთიანებული ოპოზიციის დროს. სწორედ კუკავამ და კონსერვატორებმა აიღეს თავის თავზე ამის ორგანიზება და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობოთა კოალიციას ოფისს უთმობდნენ. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული და ეს სია მუდმივად იცვლებოდა, რადგან ვიღაცებს იჭერდნენ, ვიღაც თავისუფლდებოდა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დადგა და ამას ვიღაც უნდა ჩადგომოდა სათავეში. ხელისუფლების მოსვლიდან 2 კვირაში, ეს პროცესი დავიწყე და პირველი სია, თავისი დანართითა და დოკუმენტებით, სწორედ არასამთავრობოებმა გადმომიგზავნეს, სადაც 40-ზე მეტი პოლიტპატიმარი იყო. შემდეგ ამ სიას, ბუნებრივია, სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილი გვარებიც დაემატა. შედგა ორდონიანი კომისია და პირველ დონეზე, საქმეებს ჯერ 17 არასამთავრობო პოლიტიკოსების გარეშე განიხილავდა და შემდეგ ჩემს კომიტეტს უგზავნიდა. ასე რომ, აქ კონკრეტულად კუკავას პარტია არაფერ შუაშია. ყველაზე მეტი, 41 პოლიტპატიმარი კი ნინო ბურჯანაძის პარტიას ჰყავდა. 
- ახლა გუნდურობას რაც შეეხება, უმრავლესობის, კომიტეტის, თუნდაც თავმჯდომარის და ამ საქმეში აქტიურად ჩართული სხვა დეპუტატების სოლიდარობა, საერთო განცხადება და კონკრეტული განმარტებები ამ დღეებში თითქმის არ მოგვისმენია. თუ ამბობთ, რომ მთავარი დარტყმა ,,ოცნებამ'' ნაციონალებს ამ სიით მიაყენა, ახლა სადაა გუნდი, როცა ნაციონალები სიას აყენებენ დარტყმას? 
- ამის საპასუხო განცხადება სწორედ ბიუროს სხდომაზე გავაკეთე. როცა დავით უსუფაშვილი უმცირესობის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და ეს ფაქტი დაგმო, ვთქვი, რომ სოლიდარობა კარგია, მაგრამ პარლამენტს თავიდანვე მკვეთრი და პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონოდა ამ მიზანმიმართული შეტევის დროს. როცა პარლამენტის მიერ მიღებულ საერთო დოკუმენტზე ასეთი ცილისმწამებლური თავდასხმა მიდის, ამაზე მკვეთრი განცხადებები თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო. თუმცა ახლა დაგვიანებულია და საჭიროც აღარ არის. ახლა სჯობს, პროკურატურის დასკვნას დაველოდოთ. მკვეთრი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა დავით უსუფაშვილსაც და მხოლოდ ნუგზარ ბოჭორიშვილზე გაკეთებულილი საპასუხო განცხადებით არ უნდა შემოფარგლულიყო. 
- მოდით, გავხსნათ ფრჩხილი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ოცნებაში'' შიდა ბრძანება გაიცა, ამ თემაზე კომენტარები არ უნდა გაკეთდეს და ამ სკანდალში არ ჩავერიოთო. მართლაც, თქვენივე კომიტეტის წევრებიდან ნაწილმა არ ისურვა საუბარი, ნაწილი, საერთოდ მედიას ემალებოდა. თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია და როგორ ფიქრობთ, საკუთარი გუნდის დუმილი გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხომ არ ნიშნავს არჩევნების წინ? 
- აქ ორი თემაა. ერთია შეწყალების კომისის საკითხი, რომელიც კონკრეტული ისტორიაა და შესაძლოა, კომენტარს ამაზე ვერ აკეთებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ არ ეხება. რაც შეეხება მეორე თემას, პოლიტპატიმრებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის უკლებლივ ყველა წევრზე ნაწილდება, ვინც ამ სიას ხმა მისცა. სია ერთ და ორ ადამიანს არ დაუწერია და იმ სიაში ჩემი არც მეგობარია ვინმე, არც ნათესავი. უბრალოდ, მე ავიღე ჩემს თავზე ამ პროცესის გაძღოლა და მიუხედავ იმისა, რომ ამდენი უნამუსობა და საზიზღრობა მოვისმინე, ერთი წამითაც არ ვნანობ, რაც გავაკეთეთ. თუნდაც სამუდამოპატიმრობამისჯილი დევრიშაძის გვარი ამ სიის ყველაზე დიდი ღირსებაა. 
- ამ დროს, დევრიშაძე ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა პატიმრობას, რამაც კითხვები გააჩინა. 
- ადამიანს, რომელსაც ნარკოდანაშაული დააბრალეს, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და მარტო ეს კაცი მიღირს იმად, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების აქტი არასდროს ვინანო. პარლამენტის დუმილი ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო, ცალკეული გამონაკლისების გარდა. მე მათგან განსხვავებული პოზიცია მაქვს და მიმაჩნია, რომ როცა მედიამ ეს თემა აიტაცა, პარლამენტის მხრიდან მეტი რეაგირება იყო საჭირო.
- ნაწყენი არ ხართ, ადამიანურად? 
- რაც არ მომეწონა, ეს გუნდის შიგნითაც ვთქვი. მე და მანანას მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მხრიდან განსხვავებული სტრატეგია აჯობებდა. ელისაშვილმა ისიც კი თქვა, ბესელიამ რატომ უნდა მიპასუხოს, მასზე ხომ არ ვსაუბრობდიო, მაგრამ მე არ მჩვევია დამალვა და პროცესების ჩირგვებიდან ყურება. სამი წელია გუნდის ინტერესებს ვიცავ და არ მჭირდება საპა¬სუხოდ დაცვა მათგან. უბრალოდ, ეს იყო თავდასხმა გუნდზე და დღეს მე იმიტომ მესხმიან თავს, რომ სხვებს ვიცავ. 
- უკვე ისიც აირია, ვინ ვისგან იცავს თავს. წეღან მინიშნება გააკეთეთ და ბარიკადებსმიღმა მდგომ ნაციონალებთან ელისაშვილი და პრეზიდენტი დაასახელეთ. ეს რას ნიშნავს? 
- ყველაზე საინტერესო ისაა, ვისგან იცავდა პრეზიდენტი ელისაშვილს, როცა დაცვით სარგებლობა შესთავაზა?! საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ჭორიკანა კაცთა ჯოგი ორი ქალის წინააღმდეგ დაირაზმა! დიახ, ორ ქალს თავს ესხმოდა ჭორიკანა კაცების ჯოგი და მათ კაცები ჰქვიათ თუ არა, ეგეც საკითხავია. რასაც ისინი სჩადიან, ჩემზე ცოტა სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ორი ქალისგან იცავდა პრეზიდენტი ელისაშვილს და ჩვენი შიშით ამბობდა ელისაშვილი, არ ვიცი, მივალ თუ არა სახლამდე ცოცხალიო? თავად ელისაშვილის საქციელში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, როცა პროკურატურაში კონკრეტული საქმის მოსაგვარებლად მივიდა? მაშინ თვითონ აგვიხნას, რატომ მივიდა, რა ინტერესი ჰქონდა. ყველა კოლექტიურად გაგვლანძღა, თქვა, პოლიტიკოსები კორუფციაში იყვნენ ჩაფლულებიო და ვიღაც გაჩუმდა, მე კი, სხვებისგან განსხვავებით, არასდროს დავიმალები და მიმაჩნია, რომ სწორად ვიქცევი. 
- ეს თემა დღემდე რომ ახსოვს მოსახლეობას და ელისაშვილის ერთმა განცხადებამ ამდენი კითხვა და აჟიოტაჟი გამოიწვია, არ გაფიქრებინებთ, რომ ხალხსაც ჰქონდა რაღაც ეჭვები? 
- ეს წინასაარჩევნო ფონზე მოხდა. ამ თემაზე კითხვები მათ აქვთ, ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა. ისინი განაწყენებულნი იქნებიან. 
- არიან კიდეც. ისმის კითხვა, რატომ არ შედგა მეორე სია, რომელსაც თუნდაც .. კოკაინის საქმის მთავარი, გმირი ნუგზარ ბოჭორიშვილი ელოდებოდა? 
- პოლიტპატიმრების თუ დევნილების მეორე სია იმან გააკეთოს, ვისაც შეუძლია. მე ის გავაკეთე, რაც შევძელი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. რაც შეეხება პატიმრებს, განაწყენებულები, რა თქმა უნდა, იქნებიან და მეც გული მწყდება, რომ მასში ბევრი ადამიანი არ მოხვდა. სია არ იყო ამომწურავი, ყოვლისმომცველი და უნაკლო. მე მქონდა მოცემული ვადა, 1 თვე, ახალ წლამდე პარლამენტს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ამიტომ 24 საათიდან 25 ვიმუშავე და კომიტეტმა შეძლო ის, რაც შეძლო. მე იმას ვნაბობ, რომ ბევრი საქმე და გვარი იყო, რომელსაც ამ სიას დავამატებდი. მაგალითად, იგივე ,,კოჭოიას'', ემზარ კვიციანს, მამუკა ნიკოლეიშვილს, უბრალოდ, ბევრი რამ ვერ მოვასწარით. 
- თუმცა ამ სტატუსის მინიჭებამ პოლიტპატიმრებს არც არაფერი მოუტანა. ისინი ისევ ბრალდებულები არიან და მეტიც, თურმე ნორა კვიციანს ძველი საქმის გამო, შესაძლოა, პენსიაც დაუყადაღონ. როგორც ხალხს ჰპირდებოდით, ამ პროცესს სამართლებრივი გაგრძელება არ ექნება? 
- დიახ, ეს არ არის დასასრული. თითოეულ ადამიანს სამართლიან სასამართლოში საქმის გადახედვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და, პირადად მე, ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებ. ვიბრძოლებ, რომ ამ 205-ვე ადამიანის საქმის გადახედვის მექანიზმი შეიქმნას სასამართლოში. ჩემთვის ამ სკანდალით არც ბრძოლა დამთავრებულა და არც არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, მოვლენებსა და ადამიანებს თავის სახელს დავარქმევ იმის მიხედვით, ვინ როგორ მოიქცა კრიტიკულ ვითარებაში.