მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება. რატომ გაუჩნდა მთავრობა ეს იდეა და რატომ ითხოვს მის სასწრაფოდ განხილვას?
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს ბიუროს უკვე წარედგინა. ეკონომიკის სამინისტრომ მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც ბიუროს წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ბიუროს სხდომაზე კამათიც მოჰყვა. როგორც მთავრობა განმარტავს, დღეს მიწების უმეტესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხდებოდა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი არსებობდა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, თუკი აკრძალვა არ მოხდება, შეიძლება გარკვეული მიწის ნაკვეთების, რომელზეც უფლება დასადგენია და მისი პრივატიცაზია მოხდეს.
მთავრობის არგუმენტები გაუგებარი აღმოჩნდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარისთვის. ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, სახელმწიფოს დღესაც ჩვეულებრივად შეუძლია, არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაირეგისტრიროს.
კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომლის აზრით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს.
„ესე იგი, ნაკვეთებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ვითარება: ან სახელმწიფოს საკუთრებაა, ან თვითმმართველობის საკუთრება, ან არც ერთის მიერ არ არის დარეგისტრირებული. აქ პრიორიტეტი აქვს იმას, ვინც პირველი წარადგენს განაცხადს რეგისტრირებისთვის. შესაბამისად, ვისთვის კეთდება ეს, რომ თვითმმართველობებმა არ დაირეგისტიროს თავის სახელზე და მერე პრივატიზაცია არ გააკეთოს? თუ ეს ასეა, ეს პირდაპირ უნდა ითქვას. არის ბევრი კითხვა“, - განაცხადა ხმალაძემ.
ბიურომ პროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი არ დაუჭირა. მთავრობის ინიციატივას პარლამენტი ჩვეულებრივი წესით განიხილავს.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოგვიანებით განმარტება გააკეთა ახალი ინიციატივის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი. ეს პროექტი დაიწყო თბილისში და არის ძალიან წარმატებული. 2015 წლის დასაწყისში, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი და სულ 250 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და 6500 ჰექტარი არასასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ინვენტარიზაცია განხორციელდა.
„ჩვენ ახლა რა პროექტიც შევიტანეთ, არის ის, რომ სახელმწიფომ თვითნებურად შეიზღუდოს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის ფარგლებში აღწერილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემდგომი განკარგვა. იქვე ჩავწერეთ, რომ ამ პერიოდში, თუ ვინმეს კერძო სექტორიდან გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი უფლება, ის ჩვეულებრივ მივა საჯარო რეესტრში და მოახდენს ამის რეგისტრაციას. ამის შემდეგაც ავტომატურად არ ვიხსნით ამ შეზღუდვას, სანამ თავიდან ბოლომდე სრულყოფილად არ იქნება მოკვლეული და მოძიებული კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მანამდე არ იხსნება ეს შეზღუდვა“, - განუცხადა „ბიპიენს“ ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.
„ეს არის კეთილი ნების გამოვლენა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, კერძო სექტორი იყოს დაცული, მეორე მხრივ, ჩვენ ვიცოდეთ ის სახელმწიფო მიწის ფონდი, ან საერთოდ მიწის ფონდი, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ საუბარია შეზღუდვაზე და არა აკრძალვაზე.