მთავრობა ისევ ენერგეტიკაზე ამყარებს იმედს, მაგრამ საინვესტიციო თვალსაზრისით, ამ დარგში პრობლემებია. გაისად საარჩევნო წელია და სიტუაციის ერთბაშად გაუმჯობესება მოსალოდნელი არც არის.
„მნიშვნელოვანია ჰესები ავაშენოთ, მაგრამ გონივრულად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, მთავრობა ყველა პროექტს ყურადღებით სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
„ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში შეიძლება იყოს გარკვეული კითხვები ჰესების მშენებლობის თაობაზე, მაგრამ მინდა განვუმარტო მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისათვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, განვითარებული ინდუსტრია, მატერიალური რესურსები, შესაბამისად, მეტი ენერგია გვესაჭიროება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰესები ავაშენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა ავაშენოთ გონივრულად. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ბუნების ფასი. ასე რომ, მე გარწმუნებთ, ჩვენ ყველა პროექტს მაქსიმალურად გონივრულად ვსწავლობთ და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მტკიცებით, ამ დარგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და მომავლისთვის.
„ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგურები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. რამდენადაც მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის ძალიან ცუდი. იგი პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე, რადგან გვიწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სათქმელად ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მთავრობის გეგმებშია. მაგალითად, საინვესტიციო თვალსაზრისით, 2015 წელი ენერგეტიკაში ჩავარდა. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ უცხოური კაპიტალი უხვად შემოვიდოდა, მაგრამ ანგარიშში მოტყუვდა. ამ მხრივ შარშანდელთან შედარებით კლებაა.
ეკონომისტ რომან გოცირიძის აზრით, ეს გამოწვეულია გარკვეული სექტორების მიმზიდველობის დაკარგვით, ასევე ლარის დევალვაციით და კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე მოვლენებით.
„მძიმე მდგომარეობაა ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით. წესით, ეს ყველაზე მზარდი სექტორი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა სატარიფო პოლიტიკამ და კომპანიების თითქმის თვითღირებულების ზღვარზე მუშაობამ, ამ სფეროს მიმზიდველობა დაუკარგა. ეს არ არის ამ კლების მთავარი მიზეზი“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის და მომავალი ორი წლის განმავლობაში იქნება „შაჰდენიზ 2“-ის ფარგლებში გაზსადენის ახალი მონაკვეთის დამატება და საქაჩი სადგურების მშენებლობა, თუმცა „აქედან უდიდესი ნაწილი იქნება შემოტანილი მილებისა და მოწყობილობების ღირებულება, რაც უშუალოდ ადგილზე ფინანსურს დანახარჯებში არ იქნება გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, იგი დასაქმებასა და ადგილობრივი მომსახურე კომპანიების შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გოცირიძემ „ბიპიენთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33%-ით შემცირდა.