რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო მიმართულება ისევ დაპირისპირების და დაძაბულობის კერად რჩება. ეს სამარშრუტო ხაზი საქართველოში ყველაზე დატვირთული და მომგებიანია, შესაბამისად, კონკურენციაც მუდმივად მაღალია. კონკურენციის გამძაფრებასთან ერთად კი ვნებათაღელვაც მატულობს.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების ავტოსადგომზე დიდი გაწევ-გამოწევა გაიმართა. ერთმანეთს იმ კომპანიის მძღლოები დაუპირისპირდნენ, რომელთაც მგზავრები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავთ. კომპანია „ინტერ ტრანსის“ მძღოლებმა კონკურენტი კომპანიის „ვარკეთილის ტაქსის“ მძღოლებს მგზავრების ტრანსპორტირება აუკრძალეს, სამარშრუტო ტაქსებიდან ტრაფარეტები ჩამოხსნეს და დაამტვრიეს.
კომპანია „ვარკეთილის ტაქსის“ დისპეჩერი ამბობს, რომ „ინტერ ტრანსის“ ასამდე მძღოლი ავტოსადომზე კონკრეტული მოთხოვნით მივიდა. მათ კერძო ტაქსის მძღოლებს მგაზვრების ტრანსპორტირება აუკრაძლეს. სადგურზე მყოფი მგზავრები სამარშრუტო ტაქსში გადასვეს.
„უცბად მიცვივდნენ, დაიწყეს ტრაფარეტების წართმევა, მიწაზე დახეთქება და წიხლით ზედ შედგომა. დამუქრება დაიწყეს ბიჭებზე, რომ თუ არ გაჩერდებით და არ დაიშლებით, დაგიმტვრევთ მანქანებსო“, - ამბობს შპს „ვარკეთილის ტაქსის“ დისპტეჩერი ოთარ ტუხაშვილი.
კომპანია „ვარკეთილი ტაქსი“, რომელიც მგზავრების გადაყვანას მინივენებით ვაკის მიმრთულებით ახორციელებს, მომხდარს ზეწოლად აფასებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელის გელა შავერდაშვილის განცხადებით, კონკურენტი კომპანიისგან ზეწოლის მიზეზი ტარიფებს შორის არსებული სხვაობა გახდა.
„ჩვენი არის სატაქსო გადაზიდვა, ისინი არიან ტენდერში გამარჯვებული ფირმა, რომელიც იმავე მარშრუტით დადის. ჩვენ კონკურენციას ვუწევთ, რადგან ფასთა სხვაობა გვაქვს. ჩვენი მგზავრობა ღირს 2 ლარი და მაგათი მგზავრობა ღირს 1.30 ლარი“, - განაცხადა შავერდაშვილმა.
კომპანია „ინტერ ტრანსის“ ხელმძღვანელობა მომხდარს არ უარყოფს და აცხადებს, რომ „ვარკეთილი ტაქსი“ და „ვაკე ტაქსი“ საქმიანობას უკანონოდ ეწევიან და ამის შესახებ უკვე რამდენჯერმე გააფრთხილეს. მძღოლებმა კერძო სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის მოთხოვნით აქციაც გამართეს.
„რამდენჯერმე გვქონდა გაფრთხილება მიცემული, რომ არ ემოძრავათ მათ და ჩვენთვის არ წაერთმიათ მგზავრები. ჩვენ ვართ ხელშეკრულებით გაფორმებული მძღოლები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ვიხდით გადასახადს, შეგვაქვს მოსაკრებელი. ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან და გვართმევენ ხალხს“, - აცხადებს შპს „ინტერ ტრანსის“ მძღოლი ალეკო კოკაია.
რუსთავის მერიაში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ეს არის ორ კერძო კომპანიას შორის დაპირისპირება. ქალაქის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, დავით გიორგაძე ამბობს, რომ ორივე კომპანიას არსებობის უფლება აქვს.
„ერთი მხრივ, საუბარია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც გაიმარჯვა „მ2“, „მ3“ კატეგორიაზე. მინივენის თემა კი არ არის საკანონმდებლო ბაზით დარეგულირებული“, - აცხადებს რუსთავის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი.
მძღოლებს შორის შეხლა-შემოხლით შს სამინისტრო უკვე დაინტერესდა, საქმეზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. რუსთავის პილიციაში უკვე დაიკითხნენ „ვარკეთილის ტაქსის“ მძღოლებიც.