ნავთობის ფასი ეცემა, რუსეთის ეკონომიკას კოლაფსი ემუქრება

ნავთობის ფასი ეცემა, რუსეთის ეკონომიკას კოლაფსი ემუქრება

ნავთობის ფასის მორიგი ვარდნა რუსეთისთვის უმძიმესი გადასატანი იქნება. რუბლი ისედაც ძლივს იკავებდა თავს ახალ ნიშნულზე და მორიგ წნეხს ვეღარ გაუძლო. რუსული ვალუტის ოფიციალური კურსი 17-წლიან მინიმუმზე დაეცა. ახლა საუბარი იმაზეა, გაუძელებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ურთულეს 2016 წელს, როცა ნავთობის და შესაბამისად, გაზის გაძვირება საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან.

სამშაბათს, აზიის ბაზრებზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 38 დოლარზე დაბლა დაეცა. თუმცა, ერთი დღით ადრე, ორშაბათს, ნავთობის ფასი, გარკვეული ხნით, 36 დოლარი და 33 ცენტი იყო.

ნავთობის ფასებმა მკვეთრი დაცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც „ოპეკის“ კარტელის ამასწინანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა ნავთობის მოპოვების შემცირების მომხრეებისთვის, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ნედლეულზე ფასთა შეკავებას შემდგომი ვარდნისგან. ხსენებული შეხვედრიდან მოყოლებული „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 17 პროცენტით დაეცა.

სწორედ, „ოპეკის“ კარტელის წევრებს შორის გადაულახავმა უთანხმოებამ განაპირობა ნავთობის მოპოვების უკონტროლობა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს.

„ოპეკის“ კარტელის შეხვედრამ ბოლო იმედები გაუქრო იმათ, ვინც კიდევ ფიქრობდა, რომ შექმნილ ვითარებაში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ნავთობის მოპოვების შემცირება და ნედლეულზე ფასების ზრდა. ამის ნაცვლად, კიდევ უფრო გაძლიერდა მოლოდინი ნავთობის შემდგომი გაიაფებისა. ამგვარად, ნავთობის ფასთა ვარდნას, ალბათ, უკვე ვერაფერი შეაკავებს, რაც კატასტროფულ ვითარებაში აგდებს მწარმოებლებს.

ამის გამოა, რომ „ოპეკის“ გარეთ ნავთობის მოპოვების გარკვეული შემცირების მიუხედავად, ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს კიდევ ურო მეტი რაოდენობით გააქვთ ნედლეული მსოფლიო ბაზარზე, მოელიან რა მის შემდგომ გაიაფებას.

მიმდინარე წელს, ერაყი და საუდის არაბეთი რეკორდული რაოდენობით აწარმოებენ ნავთობს. გარდა ამისა, სულ უფრო ზრდის ნავთობის ექსპორტს ირანიც, რომელსაც შეუმსუბუქდა სანქციები ბირთვულ პროგრამაში მიღწეული საერთაშორისო გარიგების შედეგად. მოელიან, რომ გაისად, ირანს საერთოდ მოეხსნება აღნიშნული შეზღუდვა.

გარდა ამისა, ლიბიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შეთანხმებას თუკი მიაღწიეს და ლიბიამ განაახლა უწინდელი რაოდენობით ნავთობის ექსპორტი, მაშინ ძნელი ხდება წინასწარმეტყველება, თუ სადამდე დაეცემა ნავთობის საერთაშორისო ფასი.

ნავთობის მორიგმა მკვეთრმა და უკანმოუხედავმა ვარდნამ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთის ეკონომიკა. რუსული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 60,5 კაპიკით გაუფასურდა, რის შედეგადაც რეკორდულ მაჩვენებელს - 70,83 პუნქტს მიაღწია.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთში დოლარი ასე ძვირი რუბლის დენომინაციის შემდეგ არ ყოფილა, რომელიც 1998 წელს მოხდა. დღემდე რეკორდულ კურსად ითვლებოდა 70,7465 რუბლი, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დაადგინა.

სავალუტო კურსების რყევის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს პროცესები კრემლის შეშფოთებას იწვევს და ისინი ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რუბლის რომელ კურსს ჩათვლიან კრემლში კრიტიკულად.

ანალიტიკოსები კი რიგით მოქალაქეებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ არ დაიწყონ ვალუტის მასობრივი შესყიდვა, რადგან ეროვნული ვალუტა მალე გამყარებას დაიწყებს. ისინი ურჩევენ მოქალაქეებს, რომ თუ რამის შეძენა სურთ, იყიდონ რუბლებში და არა დოლარსა ან თუნდაც ევროში.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალი 2-3 თვის განმავლობაში რუბლი დაეცეს, მაგრამ 2016 წელს ის აუცილებლად გამყარდება და უფრო ძლიერი იქნება. მე არ ვიზიარებ ზოგიერთი ანალიტიკოსის პროგნოზს, რომ კურსი 140 რუბლამდე დაეცემა, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, - აცხადებს რუსი ეკონომისტი ვლადიმერ ტიხომოროვი და დასძინა, რომ „არაფერი საგანგაშო არ მოხდება“.