ეროვნულ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლა დააგვიანდა

ეროვნულ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლა დააგვიანდა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-მდე გაზრდის. სებ-მა წლის ბოლო სხდომა ჩაატარა და ინფლაციის მზარდი ტემპის გამოისობით რეფინანსირების სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. როგორც ჩანს, განსაკუთრებით სურსათისა და პირველადი მოხმარების საქონლის მკვეთრმა გაძვირებამ ქადაგიძის უწყება აიძულა მონეტარული პოლიტიკა შეეცვალა. უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი აქტიურობა დაგვიანებულია. ქვეყნის ეკონომიკამ და მოსახლეობამ ინფლაცია-დევალვაციის სიმწარე საკუთარ თავზე ბოლომდე იწვნია.

რადენიმე თვის წინ სებ-ში ამტკიცებდნენ, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების სესხის განაკვეთს მხოლოდ 5,5-6%-მდე გააძვირებდნენ და უფრო შორს აღარ წავიდონენ, მაგრამ თანდათან ვითარება შეიცვალა. ინფლაცია უკვე 6,3%-ზე და წინ ერთ-ერთი ყველაზე რთული თვე - დეკემბერია. სავარაუდოდ, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2-2,5%-ით გადააჭარბებს.

„ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე, ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში და იმედოვნებენ, რომ მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან დაიკლებს და მიზნობრივ 5-პროცენტიან ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარისთვის ჩამოვა. შესაბამისად,

„სხვა დამატებითი პრობლემები თუ არ გამოიკვეთა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება. სებ-ში სავალუტო დისბალანსის საფრთხეს ამ დროისთვის ამოწურულად მიიჩნევენ. „შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, ლარზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს. ამდენად, სესხის პროცენტი სულ 8564 ადამიანს გაუძვირდება.

„2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით, 23-ით არის შემცირებული.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე სებ-ს გადაწყვეტილებას იწონებს, მაგრამ დასძენს, რომ ინფლაციის შესამცირებლად ქადაგიძის უწყების ძალისხმევა დაგვიანებულია.

„სხვა გამოსავალი ეროვნულ ბანკს არც აქვს, რადგან ინფლაცია გადაცდა მიზნობრივ მაჩვენებელს. ამ ზომისთვის მაშინაც უნდა მიემართა, როცა ფაქტობრივი ინფლაცია 5%-ს გასცდა. სწორია ეროვნული ბანკი, როცა ამბობს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ამოწურულია, საგარეო რისკს ამ მხრივ რეალურად ვერ ვხედავ. ამიტომ ახალ პრობლემად წმინდა მონატერული ფაქტორები რჩება. ეს კარგად გამოჩნდა სამიოდე თვის წინაც. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს კომპლექსურად ვერ იყენებს. შესაბამისად, სებ-ს ინფლაციის ჩამოყვანა მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემდგომი ორი კვარტლის განმავლობაშიც გაუჭირდება“, - განმარტავს გოჩა თუთბერიძე.