თანდათან ირკვევა დეტალები, რომელიც საქართველოში ავტობიზნესის განვითარებას საგრძნობლად შეცვლის. გაზაფხულიდან ძველი მანქანების გაძვირდება, შედარებით ახლების განბაჟება გაიაფდება, ხოლო საჭის გადატანა აიკრძალება.
უკვე ცნობილია, რომ შეღავათიანი პირობები ამოქმედდება 3-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით და ის უფრო იაფი ეღირება. მნიშვნელოვნად გაიზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა.
საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი - 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი „საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.
„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული განაკვეთები 2004 წელს დადგინდა, როდესაც სატრანსპორტო სფეროში დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო. გარდა ამისა, არსებულ განაკვეთებს იმ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტი მოჰქონდა, ვიდრე ახლა. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალიწინებით. აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც შსს-ს ინიციატივას ერთვის თან.
დღეს 1 წლის ავტომობილის ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრისთვის 1,5 ლარია გადასახდელი, გამოშვების წლების მატებასთან ერთად ეს თანხა იკლებს და 0,5 ლარამდე მცირდება, როცა მანქანის ასაკი 7-დან 12 წლამდე დიაპაზონშია. ეს პრინციპი სამომავლოდ შეიცვლება: ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისა - მოიმატებს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის გაანგარიშებით, 9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ახლის. ვთქვათ, თუ 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილს შეიძენთ, მისი განბაჟება 4000 ლარი დაჯდება, 7 წლის იმავე მოცულობის ძრავის მქონე მანქანის განბაჟება - 2000, შედარებით ახალი ავტომობილისა კი - კიდევ უფრო ნაკლები. ეს ავტოპარკის განახლების წასახალისებლად კეთდება.
„გარდა ამისა, შიდა ბაზარზე მოიმატებს უკვე განბაჟებული ავტომანქანების ფასიც, რომლებიც 3-4 წელია მფლობელს ჰყავს, თუმცა არა ისე, როგორც ახლისა“ - აცხადებს მესხიშვილი „ბიპიენთან“ საუბრისას.
2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა, მსუბუქი ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება. კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ლი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხენა მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება. რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლოატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება.
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.
„არ უნდა დავტოვოთ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკისმომგვრელი, არამედ დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რაც შეიძლება კარგად განუმარტონ მოსახლეობას, რა სიახლე შემოდის და ვისთვის რა იცვლება.
„კარგად უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში, ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ჰყავს ასეთი ავტომობილი, მათ რამე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც კარგი შესწავლა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული იქნება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.