,,რუსთავი 2'' ,,მაესტროს'' სარეკლამო დროს ყიდულობს?!

,,რუსთავი 2'' ,,მაესტროს'' სარეკლამო დროს ყიდულობს?!

,,ვერსიამ'' კულუარული მოლაპარაკების დეტალები გაარკვია

,,მაესტროს'' სკანდალი გრძელდება! ,,ვერსიის'' ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძესა და არხის დანარჩენ მეწილეებს შორის მოლაპარაკება ისევ ვერ შედგა - ,,უცნობი'', რომელიც არხის გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით, ,,მაესტროს'' მართვაში გადაცემასა და მასში 10 მილიონი დოლარის გარანტიის ჩადებას ითხოვდა, კოტე გოგელიამ და მაკა ასათიანმა ისევ ,,გადააგდეს''. გოგელია და სხვა მეწილეები არხის რეაბილიტაციის წინააღმდეგნი არიან და, ,,ვერსიის'' მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ,,მაესტროს'' გასხვისების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.

,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ,,მაესტროს'' მენეჯმენტისა და გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მოთხოვნა არხის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ არ დააკმაყოფილა და მოდავე მხარეებს შესათანხმებლად ერთი თვის ვადა მისცა. ამ დროისთვის, დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, რომ მოლაპარაკება არ შედგა. როგორც გავარკვიეთ, 11 დეკემბერს, მოლაპარაკების ვადის ბოლო დღეს, ,,მაესტროს'' მენეჯმენტმა გაკოტრების შესახებ განცხადება აღარ შეიტანა, სამაგიეროდ, სასამართლოში შევიდა განცხადება არხის გადახდისუუნარობის შესახებ, რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ არხს რეაბილიტაციის შესაძლებლობას ფორმალურად უტოვებენ, თუმცა, ვინაიდან ,,მაესტრო'' მის ბალანსზე არსებული მილიონობით ვალის გადახდის უუნაროა, არაპირდაპირ მაინც გაკოტრების გზაზე დგას. გადახდის უუნარობის ვერდამტკიცების შემთხვევაში, ორგანიზაცია ლიკვიდირდება და წყვეტს ფუნქციონირებას, მისი ქონება კი მევალეებს დაურიგდება და ბოლოს, ყველაფერი მაინც გაკოტრებით დასრულდება. თანაც ეს გადაწყვეტილება ,,მაესტროს'' მენეჯმენტმა და მეწილეებმა ,,უცნობისგან'' დამოუკიდებლად მიიღეს, რადგან მისი ფორმალური ხელმოწერა და თანხმობა პროცედურულად, არაფერში სჭირდებოდათ. ყველაფერ ამის თავიდან აცილებას ,,უცნობი'' სწორედ ინვესტორის ნახვითა და იმ 10-მილიონიანი საბანკო გარანტიით ცდილობს, რაზეც თვეებია, საუბრობს, მაგრამ როგორც ამბობენ, გოგელიას ,,უცნობის'' კი არა, ნაციონალი დავით კეზერაშვილის მილიონები უფრო ხიბლავს. მართალია, 2012 წლამდეც და მას მერეც ,,მაესტროსა'' და დავით კეზერაშვილის სახელები რამდენჯერმე გადაიკვეთა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ყველა ეტაპზე ჩაიშალა და დაახლოებით, 2 წელია, ნაციონალების ექსმინისტრი ,,მაესტროსთან'' მიმართებაში აღარავის უხსენებია. სამაგიეროდ, წინასაარჩევნოდ, კეზერაშვილი ჰორიზონტზე ისევ გამოჩნდა და კარტიც აიჭრა - თუკი მანამდე ,,იმედიც'' ადასტურებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ,,მაესტროს'' სარეკლამო დროის შესყიდვაზე ამ არხთან მოლაპარაკებები მიდიოდა, ახლა ირკვევა, რომ არხის მენეჯმენტი ანალოგიურ მოლაპარაკებებს ,,რუსთავი 2''-თან აწარმოებს, ოღონდ ცოტა განსხვავებული პირობებით, რასაც უკვე მარტო კომერციული კი არა, პოლიტიკური ინტერესების სუნიც ასდის.

კულუარული ინფორმაციით, ,,რუსთავი 2''-თან დაკავშირებული კომპანიები ,,მაესტროსთან'' მისი სრული სარეკლამო დროის ექსკლუზიურ შესყიდვაზე ლაპარაკობენ და როგორც ვარკვევთ, ამაზე ,,უცნობის'' გარდა, ისევ ყველა თანახმაა. ამ მოლაპარაკების ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ საუბარი რამდენიმე მილიონ დოლარს შეეხება, ,,მაესტრო'' კი ფინანსურად, ,,რუსთავი 2''- ზე სრულად დამოკიდებული ხდება. თუ ეს გარიგება შედგა, რომლის მსგავსი ,,უცნობმა'' ერთხელ უკვე ჩაშალა, მაშინ „მაესტრო“ კი მიიღებს გარანტირებულ შემოსავალს რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ „რუსთავი 2“ კომერციული რეკლამის ბაზარზე, წინასაარჩევნოდ სრული მონსტრი გახდება და დაახლოებით, 70-%-იან პაკეტს მიიღებს. ეს მისთვის, ერთი მხრივ, დიდი შემოსავალი და ნაციონალების სატელევიზიო ბადის გაძლიერება, მეორე მხრივ, კი მთავარი კონკურენტის, ,,იმედის'' ჩაჩოჩება და ფინანსური დასუსტებაა.

საქართველოს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების კომპანიები მანამდეც აკონტროლებდნენ, მაგრამ ახლა, ამ გარიგებით, რომელიც ,,ვერსიისთვის'' კულუარულად გახდა ცნობილი, იგი 2016 წლის არჩევნების წინ ნამდვილ მონსტრად მოგვევლინება.

ამჟამად, ბაზარზე დომინანტის პოზიცია ორ კომპანიას - „ჯენერალ მედიასა“ და „აუთდორ.ჯი“-ს აქვს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, ,,მაესტროსთან'' ამ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულია ირაკლი ბურძგლა, ნაციონალებთან დაახლოებული პირი, რომელიც სწორედ ,,ჯენერალ მედიას'' დირექტორი გახლავთ.

სადავო აღარაა, რომ ამ მოლაპარაკების გააქტიურება და დაჩქარება სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სატელევიზიო რეიტინგებით კი, ,,რუსთავი 2-''სა და ,,იმედის'' მერე, კომერციულ ტელევიზიათა შორის, მესამე ადგილზე სწორედ ,,მაესტროა'' და წინასაარჩევნოდ, ამიტომაც იქცა საჯილდაო ქვად ამ ორ ტელეკომპანიას შორის.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს ,,უცნობსა'' და დანარჩენ მეწილეებს შორის, როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, 16 დეკემბერს, ოთხშაბათს გადის 5-დღიანი ვადა, რომელიც მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად აქვს - მასზეა დამოკიდებული, დააკმაყოფილებს თუ არა არხის მენეჯმენტის განცხადებას ,,მაესტროს'' გადახდის უუნარობის შესახებ.