2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია, პრიორიტეტულ სფეროებად - განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა რჩება. საკანონმდებლო ორგანოში, ბიუჯეტის პარამეტრებზე მსჯელობა ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე, შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციიდან ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ 11 დეპუტატი წავიდა, უმრავლესობის 83-მა წევრმა კი, დოკუმენტს ნდობა გამოუცხადა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 10 მილიარდ 125 მილიონ ლარიან ბიუჯეტს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ადეკვატურად აფასებს, ოპოზიცია შემცირებულ პარამეტრებზე აპელირებს, უმრავლესობა კი, ოპონენტებს პოლიტიკურ ენას უწუნებს და მათ ტყუილ-მართლის ერთმანეთის აღრევაში ადანაშაულებს.
თუკი უმცირესობამ ფინანთა მინისტრი საბიუჯეტო პარამეტრებთან დაკავშირებით, უმრავლესობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, ნოდარ ხადურმა გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ნაციონალ ზურაბ მელიქიშვილს ეკონომიკის საკითხებზე ლექციის წაკითხვა შესთავაზა. ნაციონალებმა ლექციის ჩატარების სურვილი არ გამოხატეს, მაგრამ მინისტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის თაობაზე უკმაყოფილება გამოხატეს, მთავრობა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და ბიუჯეტის მოცულობა დოლარის კურსში გადაიყვანეს და გაზრდილ საგარეო ვალზე პასუხები მოითხოვეს.
ოპოზიციისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქვეყნის პირველი ფინანსისტი ირიბად-ხუმრობით შეაქო და ბიუჯეტის პარამეტრებთან და ციფრებთან დაკავშირებით, მისი შესაძლებლობები სასწაულებს დაუკავშირა.
სანამ, ფინანსთა მინისტრმა 38 დეპუტატის კითხვას პასუხი გასცა, მანამდე მან ლარის კურსთან დაკავშირებით, დღეს გაკეთებული განცხადების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს მადლობა გადაუხადა და სქელკანიან დოკუმენტზე ვრცელი მოხსენება გააკეთა.
როგორც for.ge-ს ნოდარ ხადურმა განუცხადა, ბიუჯეტი ქვეყნის რეალობას აბსოლუტურად პასუხობს და ის ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს აქვს. მისი თქმით, ეს გამოწვევები მოსახლეობის სოციალური, ინფრასტრუქტურისა და განათლების დონის გაუმჯობესებას ეხება.
„არ გაგიკვირდებოდათ, რომ ოპოზიციას ეთქვა, ბიუჯეტი კარგიაო? - მთავრობა იმ რესურსების ფარგლებში მსჯელობს, რაც გვაქვს. ჩვენი მიზანია, ქვეყანა განვითარდეს და ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აცხადებს ხადური.
ფინანსთა მინისტრისგან განსხვავებით, ბიუჯეტის ზრდის ტემპით და მოცულობით უკმაყოფილოა ნაციონალი ზურაბ მელიქიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავრობა და უმრავლესობა თავს იწონებენ, რომ ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ თუკი გათვალისწინებული ლარის კურსის გაუფასურება იქნება, ადვილი მისახვედრია, რომ ბიუჯეტის პარამეტრები არ იზრდება.
დეპუტატის განმარტებით, 2012 წელს, 8 მილირდ ლარიანი ბიუჯეტი 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ახლა 10 მილიარდი ლარის ოდენობით წარდგენილი ბიუჯეტი 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარია, ანუ, სხვაობა 700 მილიონი დოლარით ნაკლებია.
„2016 წლის ბიუჯეტი კლასიკური მაგალითია იმის, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებს, თუ როგორ არ უნდა უპასუხო. ეს ის ბიუჯეტი არ არის, რომელიც ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს და ეკონომიკის წახალისებას მოახდენს. ის ყველაფერს მიდებულ-მოდებულია, მაგრამ ბიუჯეტით არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ იკითხება. ეს ის ბიუჯეტი არ არის, რომელიც პენსიონერებს ცხოვრებას შეუმსუბუქებდა და მათთვის პენსიის 50 ლარიანი ზრდა მოხდებოდა“, - აცხადებს მელიქიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გოკა გაბაშვილი.
როგორც for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, ყველაზე ცუდი მთავრობის თვითკმაყოფილებაა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ისინი ხალხს დასცინიან. კანონმდებელის მოსაზრებით, მთავრობამ ეკონომიკა იმდენად დააზარალა, რომ ქვეყანა ნახევარპროცენტიანი ზრდით მიჩანჩალებს და ნორმალური ქვეყნის არსებობის პერსპექტივა ათ წელიწადში აქვს.
„ნარმანია გამოდის, რომ თურმე, თბილისში ორმოები აღარ დარჩა. კალაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკაში ისეთი აღმშენებლობა არ ყოფილა, რომელიც იყო. ეს ადამიანები დაგვცინიან“, - ამბობს გაბაშვილი.
ნაციონალების მსგავსად, საბიუჯეტო პარამეტრების შემცირებაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი, რომელიც for.ge-სთან აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი იმ ამოცანებს ვერ პასუხობს, რომელსაც კოალიცია ხალხს დაჰპირდა. ონოფრიშვილის ცნობით, როგორც მინიმუმ, ეკონომიკური ზრდა 3,4-ის ფარგლებშია, რომელიც 6 პროცენტი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, დღევანდელი ბიუჯეტი 3 მილიარდი ლარით მეტი უნდა ყოლიფილიყო, ვიდრე არის.
„ეს პარამეტრები რომ ყოფილიყო, ბევრი პროგრამის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი. პრიორიტეტულ მიმართულებებს დაფინანსება ეზრდებათ, მაგრამ ცოტ-ცოტა მატებით პროცესი დასრულებული არ არის და გარღვევა არ ხდება. პენსიების 20 ლარით გაზრდა ორი წლის ინფლაციის ინდექსირებაა, რადგან იგივე ნივთების ყიდვა შეიძლება, რაც ორი წლის წინ იყო შესაძლებელი. წინსვლა რეალურად არ არის და პენსიის გაზრდა პენსიონერებისთვის არანაირი შეღავათი არ არის. საჭიროა ეკონომიკური პროექტებისა და ინვესტიციების მოზიდვა, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ამ პარამეტრების ჩამორჩენით ბიუჯეტში ნაკლები თანხებია შემოსული, ვიდრე უნდა იყოს“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
ოპოზიციის შეფასებებს კრიტიკად არ იღებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ბიუჯეტი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ადეკვატურია, მაგრამ ის არ არის, რომელიც რაღაცას ბოლომდე გადაწყვეტს.
ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა უნდა მომხდარიყო და არა პოლიტიკური კინკლაობა და პინგ-პონგის თამაში.
„პოზიციამ უნდა ვამტკიცოთ, რა მშვენიერია ცხოვრება და რა კარგია ეს ბიუჯეტი. ოპოზიცია სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და ბევრი ტყუილი გაჟღერდა. ნებისმიერ პოლიტიკოსს იმის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომ როგორც მინიმუმ, ტყუილი არ თქვას. ბიუჯეტი დავის და განხილვის საგანი არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკოსს ის უნდა გაწუხებდეს, ბიუჯეტს რა შესაძლებლობები აქვს. ქვეტექსტებში პოლიტიკური სარგებლის ძიება არ უნდა იმალებოდეს. უმრავლესობა საკუთარი შეფასებებისას შეზღუდულია, ოპოზიციას კი იმის თქმის საშუალებაც აქვს, რომ პენსია 50 ლარის ნაცვლად 500 ლარით უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტით გათვალისწინებულ მიზნებს 2016 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსიის ზრდა 180 ლარამდე მოხდება და მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშოების დაფინანსების გასაგრძელებლად 48 მლნ ლარის მობილიზება მოხდა.
ბიუჯეტით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 2 086.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მოგების გადასახადი 980.0 მლნ ლარით, დამატებული ღირებულება - 3 802.0 მლნ ლარით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 1 012.0 მლნ ლარით.
ამას გარდა, 2016 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი - 255.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები - 125.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 130.0 მლნ ლარია. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 320.0 მლნ ლარის ოდენობით.