მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივის შემდეგ, მომხმარებელსაც და დილერებსაც თავსატეხი გაუჩნდათ. იაპონური მანქანების შეძენის მსურველებს უკვე მეტის გადახდა უწევთ, რადგან შუამავლებმა ფასი გაზარდეს. საკუთრივ ბიზნესი კი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კლიენტები, ვისაც კი მანქანა ახალშეკვეთილი აქვს, დილერებიდან თანხის დაბრუნებას ითხოვენ.
მართალია, ჯერჯერობით, კანონში ცვლილება არ შესულა და მარტიდან დაწესებული შეზღუდვა ოფიციალურად არ ამოქმედებულა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივამ ბაზარზე უკვე ბევრი რამ შეცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ხელისუფლების გეგმების შესახებ, 2016 წლის მარტიდან აიკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი, იმ მომხმარებლებმა, რომლებსაც ასეთი მანქანები უკვე შეკვეთილი აქვთ, კომპანიებისგან თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნა დაიწყეს.
იაპონური მეორადი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანია „ჯაპანქარს.გე“-ს ავტოდილერი მარი გაბიდაური აცხადებს, რომ კლიენტებმა, როგორც კი მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაიგეს, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს. მათ შორის კი მათ, ვისაც მანქანა 2 კვირის შეკვეთილი ჰქონდა.
„საიდან უნდა დააბრუნო, როცა ეს თანხა იაპონიაშია გადარიცხული. სულ მცირე 20 000 დოლარი მჭირდება, რომ კლიენტი დავაკმაყოფილო. საშინელ დღეში ვარ, არ ვიცი ეს ფული საიდან მოვიტანო“, - აცხადებს გაბიდაური.
მისი განმარტებით, მის კომპანიას ავტომანქანები მხოლოდ იაპონიიდან ჩამოყავდა, თვეში დაახლოებით - 30 მანქანა.
ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას იაპონური მეორადი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანია „ბიფორვარდის“ დილერი ნიკოლოზ არუშინოვი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა კომპანია რეალიზაციას დროებით წყვეტს და პარლამენტის საბოლოო ვერდიქტს დაელოდება. განაახლებს თუ არა მუშაობას, ეს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
არუშინოვი აცხადებს, უკვე ძალიან სარისკოა იაპონიაში მანქანის შესყიდვა, რადგან მის ჩამოსვლას 2-3 თვე სჭირდება და ამ პერიოდში კლიენტმა, შესაძლოა, გადაიფიქროს კიდეც მარჯვენასაჭიანი მანქანის საკუთრებაში დატოვება და ფულის დაბრუნება მოითხოვოს. ასეთი შემთხვევა კი კომპანიას ძალიან დააზარალებს.
„ბიფორვარდის“ დილერი აცხადებს, რომ იაპონიაში მარცხენასაჭიანი ავტომობილებიცაა, თუმცა, მაღალი ფასის გამო, მოთხოვნა ნაკლებია.
მომხმარებლისთვის ცალკე პრობლემაა ის, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე ფასმა უკვე მოიმატა. საქმე ისაა, რომ ვისაც კი მაინცდამაინც იაპონური ავტოინდუსტრიის პროდუქციის შეძენა უნდა, მარტამდე უნდა მოასწროს. ეს კი მოთხოვნას ზრდის და შესაბამისად, მოვაჭრეებიც შექმნილი ვითარებით სარგებლობენ.
რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ იმპორტიორებისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა რთული პროცესი იქნება. რაც შეეხება ფასს, უახლოეს რამდენიმე თვეში ბაზარზე რყევაა მოსალოდნელი, რადგან ცვლილება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.
„მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობდა ფასი. სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავდა. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიკურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ამ პროცესს დააჩქარებს კიდეც, რომ ვადაში ჩაეტიოს. მას ახლა გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. სხვაობა უკვე 10-15%-ის ფარგლებშია.
ხალხს რომ არა აქვს ძვირადღირებული მანქანის ყიდვის საშუალება, იმიტომ ყიდულობენ მარჯვენასაჭიანებს. ჩვენ კი ფინანსურად დავზარალდებით, რადგან ბიზნესის მიმართულების შეცვლა მოგვიწევს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ თამაშგარეშე დავრჩეთ“, - აცხადებს რუსთავის ავტობაზრობის დილერი.