ერთი წლის შემდეგ საპენსიო სისტემის ახალი მეთოდი ამოქმედდება. პენსიის დაგროვება დასაქმებულ და შრომისუნარიან მოსახლეობას 2017 წლიდან შეეძლება. პროგრამის ძირითადი ნიუანსები უკვე ცნობილია.
ერთ კონკრეტულ თვეში საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა დასაქმებულის ხელფასის 6%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს, სადაც სახელმწიფო და დამსაქმებელიც თანაბრად შეიტანენ თავიანთ წვლილს. ასეთ შემთხვევაში თუ ხელფასის 2%-ს თავად პენსიის დამგროვებელი გადაიხდის, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს დამატებით 2%-2%-ის გადახდა დაეკისრებათ. შედეგად ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ბენეფიციარის ხელფასის 6% დაირიცხება. გადარიცხული თანხა გათავისუფლდება დაბეგვრისგან და ის სრულად ჩაერიცხება აღნიშნულ სისტემაში მონაწილეს.
გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სისტემაში, სახელმწიფოსგან წახალისდება. მას ექნება საგადასახადო შეღავათები და ფინანსური ინტერესი.
დაგროვებითი პენსია საქართველოში ამჟამად არ არსებობს. ქვეყანაში სახელმწიფო პენსია მოქმედებს. პარალელურად, მომხმარებელს დაგროვებით პენსიას სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი სთავაზობს. უშუალოდ ასაკით პენსიონერების პენსიამ კი 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოიმატა და 160 ლარს გაუტოლდა. სამომსავლოდ მისი კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ივლისიდან პენსიას 20 ლარი დაემატება და 180 ლარს მიაღწევს.
დღეს საქართველოში დაახლოებით 700 000-ზე მეტი პენსიონერია, რაც მოსახლეობის 15%-ს შეადგენს. წინასწარი გათვლებით, 2050 წლისთვის ასაკით პენსიონერთა რიცხვი 25%-ს გადასცდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პენსია წარმოუდგენლად მაღალ ხარჯებამდე შეიძლება გაიზარდოს. შასაბამისად, სახელმწიფოს უკვე ძალიან ძვირი უჯდება პენსიონერთა შენახვა.
ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმების მთავარი სპეციალისტი, ირაკლი ბურჭულაძე ამბობს, რომ კერძო საპენსიო ფონდში მონაწილეობის ასაკი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.
„მიგვაჩნია, რომ 20-25 წელი არის ის პერიოდი, რა დროშიც სისტემაში მონაწილე ადამიანი პენსიაზე გასვლის დროს ადეკვატური თანხის მიღებას შეძლებს. ეს თანხა დაფუძნებული იქნება შენატანებზე, დროზე და ფონდის მოგებაზე. ფონდში მონაწილეობა იქნება ნახევრად სავალდებულო, ნახევრად ნებაყოფლობითი, ეს არის ჰიბრიდული სქემა, რომელშიც 2017 წლიდან ყველა ლეგალურად დასაქმებული ადამიანი ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა მათ უფლება ექნებათ, რომ განცხადების საფუძველზე ამ სქემაზე უარი თქვან და დატოვონ. ნებაყოფლობით მონაწილეობის უფლება არ გავრცელდება დამსაქმებელზე, რადგან ის ვალდებული იქნება, თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს, ჩაურიცხოს მას კუთვნილი 2%“, - აცხადებს ირაკლი ბურჭულაძე.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა დასავლური მოდელია. ქვეყნების დიდი ნაწილი გადასულია აღნიშნულ სისტემაზე და უმეტეს შემთხვევაში სოციალური მოდელი სრულიად ჩანაცვლებულია დაგროვებითი მოდელით.
აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმა უკვე რამდენიმე თვეა მუშავდება. მასში ჩართულია მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო. შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, სადაც თანამშრომლობენ ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ა.შ.