ქვემო ქართლი - ოპოზიცია მხარდამჭერების მოლოდინშია

ქვემო ქართლი - ოპოზიცია მხარდამჭერების მოლოდინშია

4 მაისს ისევე, როგორც მთელ საქართველოში ე.წ გამაფრთხილებელი აქცია
”სამართალი მოდის” სახალხო კრებამ რუსთავშიც მოაწყო. საკუთარი ოფისიდან მერიამდე დროშებით ფეხით იარეს და მერიასთან მისულებმა რეგიონის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდეს. შესაბამისი ოფიციალური წერილი, სადაც დავით კირკიტაძის და რუსთავის მერის გადაგომას ითხოვდნენ, მერიაშიც შეიტანეს. მცირე ზომის პლაკატები წარწერით ”სამართალი მოდის” ადმინისტრაციულ  შენობაზე გააკრეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებს მათი აძრობა მალევე მოუწიათ.

”ჩვენ ვითხოვთ, რომ გადადგეს რეგიონის გუბერნატორი და ქალაქის მერი. ეს არის კრიმინალური რეჟიმი, რომლის აღსასრულიც ახლოვდება. უნდა ახსოვდეთ, რომ შემდეგ გასაქცევ თვითმფრინავში ყველას დასატევი ადგილი არ იქნება. ამიტომ, სანამ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, ჯობს მოეგონ გონს და ჩამოშორდნენ კრიმინალებს” -  ამბობს სახალხო კრების ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, ვასო ბალახაძე.

გამაფრთხილებელ აქციას, რომელსაც უნდა გაეფრთხილებინა და შეეშინებინა ადგილობრივი ჩინოვნიკები, მაქსიმუმ 40 ადამიანი ესწრებოდა. მათ მიმართ დიდი ინტერესი არც ადგილობრივ მოსახლეობას გამოუხატავს. თუმცა, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები ბოლომდე იდგნენ და აქციის დაშლის შემდეგაც არ ტოვებდნენ ადგილს.

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით ჯიქია თანამშრომელ ქალს ამშვიდებდა. ”რას ქვია, გეშინია?! ამათი როგორ უნდა გეშინოდეს” – ეუბნებოდა ჯიქია. ჩვენ დანახვაზე  საუბარი შეწყვიტა და შენობაში შევიდა.

”ხალხს ყველას ნდობა აქვს დაკარგული“- უთხრა ჟურნალისტებს რუსთაველმა ნანი გამეზარდაშვილმა. ახალ მერზე ცუდის თქმა არ სურდა ასაკოვან რუსთაველსაც: ”წამლების სათხოვნელად მოვედი მერიაში. აქციაზე, რომ დავდგე, მერე ვინ რას მომცემს?”

მოკლედ ყველას თავისი საზრუნავი ჰქონდა. ”დაუბრუნეთ ხალხს თავისი ქონება!” – ხშირ-ხშირად იმეორებდა ”კრების” მეგაფონიანი წევრი. თავად ხალხმა კი მათთვის შორიდან ყურება არჩია.

ოპოზიციურ პარტიები ანალოგიურ სიტუაცია აქვთ ქვემო ქართლის სხვა რაიონებშიც. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მარნეულში უკმაყოფილოთა რიცხვის მატება ადგილობრივი პოლიციის დახმარებით ხდება.

ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონს მსგავსი, მაგრამ ამავე დროს თავისი განსაკუთრებული პრობლემებიც აქვს. მარნეულში ჩასულებს უკმაყოფილების ობიექტის მთავარ როლში, ადგილობრივი პოლიცია გვხვდება.

”მარნეულის რაიონში ძირითადად პირუტყვს იპარავენ, რასაც წლებია სისტემატიური ხასიათი აქვს. პოლიცია ან ვერ იძიებს ასეთ საქმეებს ან არ იძიებს.

ჩემს ნათესავს ოთხი ძროხა მოპარეს ზედიზედ. პოლიციამ ვერც ერთს ვერ მიაგნო. ერთ დღესაც, ეს ძროხა თვითონ მიადგა პატრონს. მერე გაირკვა, რომ გვერდითა სოფლის მაცხოვრებელს მოუპარავს, სადღაც 500 მეტრში ცხოვრობს და ძროხა გამოექცა.

პოლიცია ქურდებთან გარიგებაში რომ არ იყოს, ვერ გახსნიდა ამ საქმეს? ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ ეჩვენის ჩვენი ძროხების ქურდობა, მაგრამ აქ ხალხი თავს ამით ვირჩენთ. მთავრობა რომ ჩვენზე ზრუნავდეს, ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევდა. იმ ადამიანებს ვიზეც საჩივრებს ვწერთ, დაქვეითების ნაცვლად - აწინაურებენ.

ადამიანი, რომელიც არკეთილსინდისიერად მუშაობდა რაიონის გამომძიებლის თანამდედობაბზე, კუდის უფროსად დაგვინიშნეს. პირადად მე სწორედ ამიტომაც ვემხრობი ოპოზიციას. სამართალს ვითხოვ ყველა საქმეში, მეტს არაფერს.” – საუბრობს მარნეულის რაიონის მცხოვრები ნაზიმ ალიევი.