სტატისტიკოსებმა ნოემბერში ფასების ზრდა 6,3%-ის ნიშნულზე დააფიქსირეს. ეკონომისტები პროცესის გაგრძელებასა და წლის ბოლომდე ინფლაციის 7%-მდე გაზრდას ვარაუდობენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ თუკი ინფლაციის ზრდის საფრთხე კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება, მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებენ. მისი თქმით, ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო.
„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
სებ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან 3%-მდე ჩამოიწევს და საშუალო ვადიანი მაჩვენებელიც 3% იქნება.
„ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5%, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5%-იდან 6%-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი“, - განაცხადა ქადაგიძემ.
სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის აზრით, ინფლაცია დეკემბერშიც გაგრძელდება. 2016 წელს კი ამ პროცესის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შენარჩუნდება მსოფლიოში ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე არსებული ფასი.
„მყარი გარანტია იმისა, რომ ინფლაციის ტემპი დაიკლებს არ არსებობს. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7%-ის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს არჩვაძე.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც უახლოესი თვეებში პოზიტიურს ვერაფერს პროგნოზირებს. საუკეთესო შემთხვევაში ინფლაცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ანუ 5%-ს. უფრო დაბალ ნიშნულამდე როდის ჩამოვა, ეს ცნობილ არ არის.
„მინდა დავეთანხმო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 2016 წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე კვარტლიდან უკვე უნდა დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა, - „დღეს ყველაზე მეტი ინფლაცია არის სასურსათო მიმართულებით. ვფიქრობ, ამ კუთხით დღეს არსებული ვითარება და მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა უნდა წაეშველოს ჩვენს ბაზარს და ფასების სტაბილიზაცია ჩვენც საკმაოდ მალე უნდა ვნახოთ“.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ინფლაცია და ზოგადად ფასების მატება, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ფასების მატება ყოველთვის კომპლექსურია.
„ფასების მატება, როგორც წესი, ყოველთვის კომპლექსურია და ეს დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მიწოდება არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ან თუ მიწოდების ფასი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვინდა, ამ შემთხვევაში გვაქვს ინფლაცია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბრის თვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2015 წლის ნოემბერში საქრათველოში ინფლაციის დონემ 6,3%-ს მიაღწია და სავარაუდოდ, მომდავნო თვეებში გაიზრდება.