საქმე „ენუქიძე გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამოქმედებული ნაღმი აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, არც ისეა საქმე, როგორც ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, არავინ იცის გამოიყენებს თუ არა ქართული საზოგადოება ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ იმ ბერკეტს, რაც სტრასბურგმა ლანგარზე დადებული მიართვა.
როგორ განვითარდება პროცესები გირგვლიანის საქმის ირგვლივ? პრესაგე.ტვ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს თეა წულუკიანს ესაუბრა, რომელიც, სხვათა შორის, სტრასბურგში მისი 10 წლიანი საქმიანობიდან გამომდინარე, გაცილებით კომპეტენტურ განმარტებებს აკეთებს, ვიდრე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ. ხელისუფლება ამ საქმეში საკუთარ მარცხს არ აღიარებს და ამიტომ, ალბათ, საჭიროა მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ რა თქვა სტრასბურგმა და რა მითითებას აძლევს ხელისუფლებას.
- ამ გადაწყვეტილებით ევროსასამართლომ დაადგინა ის უმთავრესი, რასაც ქვია გამოძიების არასათანადოობა, მიკერძოებულობა, დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და საქმის არასრულობა. ეს იყო ის უმთავრესი გამარჯვება, რასაც ელოდა ოჯახი და მთელი ქვეყანა. ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა ამ საქმეში.
ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არ იმჩნევს და აცხადებს, რომ სიცოცხლის დაცვის კუთხით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ის 4 პირი, რომელიც ავიდა სასაფლაოზე გირგვლიანის და ბუხაიძის დასასჯელად, არ ახორციელებდნენ რაიმე ოფიციალურ ოპერაციასო. თუმცა, ოჯახს ამ ნაწილში რომც გაემარჯვა, ეს იქნებდა უშედეგო დარღვევა. როდესაც სტრასბურგში ვმუშაობდი, ჩვენ ამგვარ დარღვევას ”უშედეგო დარღვევას” ვუწოდებდით, რადგან სტრასბურგი თუ იტყოდა, რომ გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლა, ამის შემდეგ, ოჯახს გადაუხდიდნენ ფულად კომპენსაციას და ამით დასრულდებოდა ყველაფერი. მინისტრთა კომიტეტს კი არაფერი ექნებოდა გასაკეთებელი, რადგან გირგვლიანს ვერავინ გააცოცხლებდა.
სხვა საქმეა ის უმთავრესი მუხლი, რომელიც შედის ასევე სიცოცხლის უფლების დაცვაში და, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევაში გამოძიების ვალდებულებას. ნებისმიერ საქმეში, სადაც სტრასბურგი დაადგენს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა, აღსრულების ეტაპზე მინისტრთა კომიტეტი ავალდებულებს მოპასუხე სახელმწიფოს, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას, ანუ, უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოძიება.
ანუ, თუ პირველ შემთხვევაში სტრასბურგი იტყოდა, რომ სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანი, ამ დარღვევის აღმოფხვრა ვერანაირად ვერ მოხერხდება თუ არა გირგვლიანის გაცოცხლებით, რაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს დარღვევა არის ”უშედეგო დარღვევა“. მაგრამ, რახან გამოძიება არ ჩატარებულა, მისი აღმოფხვრა მოხდება ახალი გამოძიებით. ეს ასე ხდება ყოველთვის და ხელისუფლების განცხადება, რომ სტრასბურგს ამდაგვარი არაფერი მიუთითებია გადაწყვეტილებაში, ეს არის ელდანაცემი ადამიანის გაკეთებული კომენტარი, რომელმაც არ იცის სხვა რა თქვას.
მაგალითისთვის, სხვა ქართული საქმეები რომ დავასახელოთ, არის ასეთი საქმე - „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება სიცოცხლის დარღვევის შემთხვევაში საქმის გამოუძიებლობას. ეს გახლდათ პატიმარი, რომელიც ხონის კოლონიის საკუჭნაოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოძიება არ ჩატარებულა სათანადოდ და საქმე სამ თვეში უნდა გადაცემულიყო (როგორც გირგვლიანის შემთხვევაში) მინისტრთა კომიტეტისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ კი სტრასბურგის სასამართლოს მისწერა, მე ამ საქმეს არ გავასაჩივრებ, შეიყვანეთ ძალაში სამ თვეზე ადრე, რათა მინისტრთა კომიტეტმა დამავალოს მისი გამოძიებაო.
და ეს საქმე უკვე მინისტრთა კომიტეტშია აღსრულებაზე, ხოლო განაჩენზე წერია, რომ არის საბოლოო, მაშინ, როცა სამი თვე ჯერ არ გასულა.
რატომ მოიქცნენ ასე?
- ჩემი ვარაუდით, საქმე ეხება „ობშიაკის“ გამო პატიმრის ამ ფორმით დასჯას. ამიტომ, ხელისუფლებას, რომელიც „ობშიაკის“ და ქურდების ინსტიტუტს ებრძვის აინტერესებს, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული.
თავის დროზე რატომ არ გამოიძიეს და რატომ გაუშვეს საქმე სტრასბურგში?
- მაშინ რატომ არ იქნა გამოძიებული ჩემთვის უცნობია, მაგრამ მე ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მთავრობას სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევაში, გამოძიების ჩატარება სურს იმაზე ადრე, ვიდრე ამას დაავალებს მინისტრთა კომიტეტი, თავად მიმართავს კომიტეტს, დამავალე, რათა რაც შეიძლება მალე გამოვიძიო საქმეო. გირგვლიანის საქმეზე კი ამბობს, რომ ჩვენ არაფრის გამოძიება არ გვევალებაო, მაშინ, როდესაც ორივე შემთხვევაში, დარღვევა და შედეგი არის ერთი და იგივე.
ამიტომ, გირგვლიანის საქმეზე ცალსახაა და იუსტიცის სამინისტრომ ჩემსავით კარგად იცის, რომ სამი თვე რომ გავა და თუ მხარეები გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, მინისტრთა კომიტეტი დაიწყებს მოთხოვნას, რომ დაიწყოს გამოძიება.
სტრაბურგის სასამართლოს განაჩენით სასამართლო პროცესი დასრულდა, სათქმელი ითქვა, იურიდიულად ეს საქმე არის შეფასებული და მთელმა საზოგადოებამ შეიძლება ვიზეიმოთ, რომ გამარჯვება არის მოპოვებული.
სტრასბურგმა გამოძიება ჩათვალა ჩაუტარებლად და ეს არ იყო მხოლოდ ხარვეზიანი გამოძიებაა, როგორც ამას დარჩიაშვილი ბრძანებს, არამედ, გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა იმ პირების მიმართ, რომლებიც კაფეში, შიგნით ისხდნენ. ვინც გარეთ იყო, იმათგან 4 ადამიანი კი დაისაჯა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს სასჯელი არის არაადეკვატური და რომ ფაქტები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო კვალიფიცირებული. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტის მიერ ამ პირების შეწყალება იყო გამაოგნებელი ფაქტი (პირდაპირ ასე წერია გადაწყვეტილებაში), ხოლო მათი პირობით ვადამდე გათავისუფლება იყო აგრეთვე შემაშფოთებელი.
იმ 4 ადამიანს, რომლებიც უკვე იქნენ დასჯილი, მეორედ ვერავინ გაასამართლებს, მაგრამ შეიძლება ისინი შებრუნებულნი იქნან ციხეში და ბოლომდე მოიხადონ სასჯელი.
რაც შეეხება დანარჩენებს - გურამ დონაძე, თამარ სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. მათ წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მოხდეს გამოძიება. რა თქმა უნდა, გამოძიების წარმოება არ ნიშნავს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ თითოეული ამ პირთაგანი აღმოჩნდება დამნაშავე, მაგრამ უნდა გაირკვეს ვის რა ხარისხით მიუძღვის ბრალი გირგვლიანის მკვლელობაში, ვინ რა როლს ასრულებდა და შემდეგ, ინდივიდუალურად (არა კოლექტიურად, როგორც ეს ჩვენს სასამართლოებს სჩვევიათ), ამ პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და აგონ პასუხი კანონის წინაშე.
მინისტრთა კომიტეტი სწორედ ამას დაავალებს ხელისუფლებას. პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს სთხოვენ სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ აღმოფხვრას დადგენილი დარღვევა. ასეთი რამ მოხდა უკრაინაშიც ღონღაძის საქმეზე. ამ საქმეში გადაწყვეტილება 2005 წელს შევიდა ძალაში და დღეს უკვე, ლეონიდ კუჩმა არის პასუხისგებაში მიცემული.
უკრაინაში პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ხელისუფლების ცვლილებას ვგულისხმობ, ალბათ, უფრო მარტივი იყო კუჩმა საბრალდებო სკამზე დასმა. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც გამოძიება ისევ იმ ხელისუფლებას ევალება, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო არ გამოიძია ეს საქმე, ასეთ შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტს რა ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ამ საქმის სამართლიანი გამოძიება აიძულოს ხელისუფლებას?
- ის ფაქტი, რომ თავად ხელისუფლების ყველა შტომ - პროკურატურამ, შსს-მ, სასამართლომ და კომისიამ, რომელმაც გაათავისუფლა დამნაშავეები, პირი შეკრა, ასეთ პირობებში მინისტრთა კომიტეტს აქვს სააერთაშორისო პოლიტიკური ბერკეტი, რომ ეს ხელისუფლება აიძულოს, მაგალითად, რომელიმე მინისტრმა, ვთქვათ, დროებითად შეიწყვიტოს უფლებამოსილება მანამ, სანამ მოხდება საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, რადგან ვიცით რომელი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - გირგვლიანის საქმის გაგრძელება აღსრულებისას არის ამ ხელისუფლების საბოლოო გაშიშვლების დასწყისი.
ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც ევროსაბჭოში და მათ შორის, მინისტრთა კომიტეტში თავი მოაქვს დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მონიტორინგის შეწყვეტას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ თურმე, ქვეყანაში დემოკრატია უკვე განვითარებული იყო, რაზეც უარი მიიღო, ამ ქვეყნისთვის ევროსაბჭოსთვის იმის ახსნა – რატომ არ იძიებს საქმეს, ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება.
კონკრეტულად?
- როდესაც მინისტრთა კომიტეტის სხდომებზე ჩვენს წარმომადგენელს 46 ქვეყნის წარმომადგენელი ქვეყანა ეკითხება, რატომ არ იძიებს ამ საქმეს, იქ მას უწევს თავის მართლება. ეს სახელმწიფოსთვის უმძიმესი პროცესია, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლება ვერანაირ არგუმენტს ვერ მოიტანს გარდა „არ მინდა და არ ვიძიებ“, როგორც ეს უპასუხისმგებლოდ ბრძანა ქალბატონმა ბურჯალიანმა, იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება სხვა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის საინტერესოა, მინისტრთა კომიტეტში ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
მინისტრთა კომიტეტი ყოველ ეტაპზე, როდესაც ესენი იტყვიან, რომ არ იძიებენ საქმეს, გამოიტანს რეზოლუციებს და ამ რეზოლუციებში იქნება ჭკუის სწავლება იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიძიონ საქმე. პრაქტიკულად, მინისტრთა კომიტეტში მიმდინარე პროცესი იქნება ხელისუფლების ზურგზე გადაჭერილი შოლტი. ეს კი ჩვენ, საზოგადოებას, მოგვცემს იმის ბერკეტს, რომ ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტი გამოძიება ჩატარდეს.
ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, გვახსოვს, რომ მან დაიწყო თვითნებური რევანში, უვარდებოდა მაღალჩინოსნებს სახლში და მათ მეუღლეებს გვაჩვენებდა იმ ფორმაში, რომელ ფორმაშიც არავის არ გვიხაროდა მათი ნახვა. ჩვენი, „თავისუაფლი დემოკრატების“ მიზანია, ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან, სამართლიანობა აღდგეს სამართლიანი გზით. არავისთან არ უნდა ხდებოდეს ოჯახებში შევარდნა, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. სამართლებრივად, სამართლიანობის აღსადგენად, ეს გადაწყვეტილება ქმნის ცივილიზებულ სამართლიან საფუძველს, რომ
მომავალმა ხელისუფლებამ იცოდეს ვინ რისთვის უნდა დააკავოს.
საქმეს დასათაურებულია ”ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ახლა უკვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხომ არ იქცევა ახალ საქმედ - ”გირგვლიანი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”?
- ირინა ენუქიძის დამსახურებით ეს საქმე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ეს ასე იქნება მანამ, სანამ რეალური დამნაშავეები არ აღმოჩნდებიან იქ, სადაც მათი ადგილია, ამ საქმეს ეს ბედი ერგო. ეს საქმე უკვე ოჯახს აღარ ეკუთვნის, ეს საქმე ეკუთვნის მთელს საზოგადოებას და ამ საქმის საბოლოო ბედზე დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობა განვითრდება თუ არა.
თუკი, ხელისუფლება არ დათმობს, ამის შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლება აღმოჩნდება, როგორც გალიაში მომწყვდეული დათვი, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება. მე ვთვლი, რომ ეს არის ის უმაღლესი შედეგი, რაც შეიძლებოდა ამ საქმეში დამგარიყო. ეს არის დიდი გამარჯვება და ჩვენ ამ გამარჯვებას ზურგი არ უნდა შევაქციოთ.
სამი თვის შემდეგ, მოკლევადიან პერსპექტივაში, მე ვხედავ ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულ შედეგს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, რაც ჩვენ გვაძლევს ბერკეტს შიგნით გავაძლიეროთ და გავაათმაგოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამიტომ, მე გრძელვადიან პერსპექტივაში არ გადავდებდი ხელისუფლების ცვლილებას და ვიტყოდი, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, როცა ეს ხელისუფლება აღარ იქნება, ამ საქმეს საბოლოოდ დაესმება წერტილი. არ არის გამორიცხული, რომ იმ ოთხი ადამიანიდან, ვინც დაისაჯა, ერთ-ერთი საერთოდ უდანაშაულო იყოს.
დღეს (3 მაისს), ყველაფრის მიუხედავად ვიტყოდი, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტს ვგულისხმობ. საქმის მასალებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე არ იყო ცნობილი და იკვეთება თუ არა სანოძის მნიშვნელოვანი როლი ამ მკვლელობაში?
- საქმის მასალებში და გადაწყვეტილებაში ვასილ სანოძეს სხვებთან შედარებით, უფრო დანაშაულებრივი როლი არ ჩანს. იქ ჩანს, რომ მელნიკოვს და დონაძეს გია ალანიასთან ჰქონდათ კავშირი მაშინ, როცა მოხდა დანაშაულის ჩადენა, ანუ, ამ ორის განსაკუთრებულობა ჩანს, ხოლო სანოძეს კავშირი სასაფლაოზე მყოფ ჯგუფთან არ იკვეთება, თუმცა შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს. მთავარია, რომ ყველა ეს ადამიანი ერთად იმყოფებოდა და მათ რა გააკეთეს და რა თქვეს, თავად იციან. რაც შეეხება სამწუხარო ფაქტს, დიდი იმედი მაქვს, რომ სანოძე გადარჩება და კარგად იქნება.
ამ ეტაპზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უბედური შემთხვევის, მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი პირდაპირ უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?
- ვერ გეტყვით, ჯერ, ამაზე ვარაუდები საუბარი არასერიოზულია.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა -ხელისუფლების ე.წ. ლიბერალური ფრთა აქცენტს გამოძიებაში არსებულ ხარვეზებზე აკეთებს და ირწმუნება, რომ სასამართლო უბრალოა ამ საქმეში. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში უკვე იკვეთება ორი გუნდი, რომელიც ალბათ, მალე, დაპირისპირებულებიც აღმოჩნდებიან ერთმანეთთან, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ერთი ჯგუფი უკვე ცდილობს მეორეს გაწირვას? მარტივად რომ ვთქვათ, შეეცდებიან თუ არა მერაბიშვილის გაწირვას?
- ეს ჯგუფი, რომელიც ახსენეთ, ჩემს თვალში ფსევდოლიბერალური ჯგუფია. მათი განცხადება, რომ თითქოს, მხოლოდ გამოძიება სცოდავდა ამ საქმეში, არ არის სწორი. სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლო შეეკრა პრეზიდენტს, შსს-ს და პროკურატურას. შემდეგ, ყველამ ერთად პირი შეკრა და მართლმსაჯულება არ განახორციელეს. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა ამ დანაშაულში არის თანაბარი სხვა უწყებებისა და არაფრით არ განსხვავდება სიმძიმით.
სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ გაოგნებულია იმით, რომ ბატონმა ჩემიამ ასეთ კომპლექსურ სქმეზე, შესვენებების ჩათვლით 9 დღეში დაამთავრა პროცესი. სტრასბურგი ამბობს, რომ სასამართლოებმა 14 მტკიცებულებაზე, რომელიც დაამტკიცებდა, რომ პროკურატურას გაყალბებული ჰქონდა ოქმები, პროკურატურის დანაშაული დაფარეს და დაცვას არ მისცეს ეს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები სტრასბურგმა მოიპოვა ზეწოლის შედეგად. ამიტომ, სასამართლოების ბრალია, რომ დადგა არაადეკვატური სასჯელი. ამის მიუხედავად, საკაცასიო სასამართლომ 6 თვით კიდევ მოუკლო ამ პირებს სასჯელი და, აქვე სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არის არაადეკვატური სასჯელი იმ დანაშაულის სიმძიმესთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ამაზე უარესი რა უნდა თქმულიყო ქართულ სასამართლოებთან დაკავშირებით?
ვთქვათ ხელისუფლებამ გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სად ხდება ამის გასაჩივრება და როგორ?
- ეს გადაწყვეტილება მიიღო 7-კაციანმა პალატამ და მხარეებს შეუძლიათ იგი გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოს 17-კაციან დიდ პალატაში. თუმცა, მხოლოდ გასაჩივრება არ კმარა, გასაჩივრების შემდეგ, 5 კაციანი ფილტრაციის კოლეგია ამოწმებს, ღირს თუ არა ამ საქმის თავიდან გადახედვა და ხშირად, დიდ პალატამდე არც უშვებს. ამიტომ, პრეცენდეტული საკითხი უნდა დადგეს, რომ საქმე დიდ პალატამდე მივიდეს. ვნახოთ, რას იზამენ ამ სამი თვის განმავლობაში მხარეები. თუ არ გაასაჩივრეს - 3 თვის თავზე დაიწყება აღსრულება, თუ გაასაჩივრეს - თავიდან დაიწყება განხილვის პროცესი.
ტერმინოლოგიაზეც მინდა გკითხოთ. დასავლეთს, თითქმის ყოველთვის, დიპლომატიური ტონი ახასიათებს, რაც ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში აშკარად შეცვლილია. თავად გადაწყვეტილებაში მოყვანილ ფრაზეოლოგიას - ”გაოგნება”, ”შეშფოთება” და ა.შ. როგორ შეაფასებთ და რამდენად ხშირია ასეთი ფრაზეოლოგიის გამოყენება ევროსასამართლოს მიერ?
- გამომდინარე იქედან, რომ 10 წელი გადაწყვეტილებებს და განაჩენებს ვწერდი იგივე სასამართლოსთვის, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამგვარი ტერმინოლოგია არის იშვიათი. როდესაც განაჩენი იწერება, ის შემდეგ გადის კონტროლს და რაღაც ეტაპზე, თუ სადმე იყო რაღაც მკვეთრი სიტყვა, ის შეიძლება დაიკარგოს. აგრესიული და მკვეთრი ტონი ევროპამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უარყო, რადგან ადამიანებს ევროპაში არამკვეთრ ტონშიც ესმით ნათქვამი. მკვეთრი ტონი აღარ არის საჭირო.
მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ამაზრზენ მკვლელობებთან, როგორიც გირგვლიანის საქმეა, და იყო კიდევ რამდენიმე თურქული საქმე, რა თქმა უნდა სტრასბურგის სასამართლო იყენებს მკვეთრ ტერმინოლოგიას. მაგრამ ეს არ არის წესი, ეს არის გამონაკლისი.
მაგალითად, ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ეს განაჩენი გამოვიდა, უკრაინაში ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო და გამოძიების სურვილის ნიშნები უკვე არსებობდა. ამიტომ, ტერმინოლოგია არის ჩვეულებრივი და სასამართლო გაოგნებას აღარ გამოხატავს. ამ საქმეში კი სასამართლომ გაოგნება იმის გამო გამოხატა, რომ სახეზეა ხელისუფლების უარი, აღადგინოს სამართლიანობა.