დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც, მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალონ, ეყრდნობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი“. არჩვაძის თქმით, ერთ-ერთი მაგალითია ეკონომიკური პროგრესი, რომელშიც საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით.
"დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც, მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალონ, ეყრდნობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია.
2025 წლისთვის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტი საქართველოში აღემატება მოლდოვას ანალოგიურ მაჩვენებელს: 15.9 პროცენტით - მიმდინარე ფასებით (ვალუტის ოფიციალური კურსით) და 56.3 პროცენტით - ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP);
იგივე მაჩვენებლით - მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტით - საქართველო მსოფლიოში 83-ე ადგილზეა მიმდინარე ფასებით და 70-ე ადგილზე - მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP-ით); მოლდოვას ანალოგიური მაჩვენებლებით მსოფლიოში უკავია, შესაბამისად, 89-ე და 94-ე ადგილები, ანუ მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება 6 და 24 ადგილით.
ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტის თანაფარდობა საშუალო მსოფლიო დონესთან საქართველოში გაიზარდა 2012 წლის 70 პროცენტიდან 2025 წლის 120 პროცენტამდე, მოლდოვაში კი პირიქით, შემცირდა 80-დან 77 პროცენტამდე.
20212 წელთან შედარებით საქართველომ გაზარდა თავისი წილი გლობალურ ეკონომიკაში 0.040 პროცენტიდან 0.055 პროცენტამდე; იმავე პერიოდში მოლდოვას წილი შემცირდა 0.025 პროცენტიდან 0.022 პროცენტამდე.
2012 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობით ქვეყნის სამამულო პროდუქტთან, მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა (მოლდოვა: -7.4%, საქართველო: -11.1%), ამჟამად მდგომარეობა აბსოლუტურად საპირისპიროა. - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში -4.4 პროცენტის დონეზეა, მოლდოვაში კი - -14.5 პროცენტს აღწევს.
ამგვარი შედარებების გაგრძელება თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი“..." - წერს სოსო არჩვაძე.