ენერგოუსაფრთხოება მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს პრობლემა აღარ არის. ასეთი საფრთხის წინაშე უკვე მთელი რეგიონი ერთიანდება. საქართველო ამ გაერთიანებაში ერთ-ერთ მნიშნელოვან როლს თამაშობს. ეს დასტურდება იმითაც, რომ ევროპა ძალიან არის დაინტერესებული ამიერკავკასიაში მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით.
საქართველომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიასთან „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი რგოლია, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის გახსნაზე ესწრებოდა, პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან ერთად, გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროშიც.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიის მხარესთან „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სულ მალე საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. ამიტომაც ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნას“, - განაცხადა პრემიერმა.
ენერგეტიკის მინისტი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება, როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გაძლიერდეს რეგიონალური თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით. აგრეთვე, ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონალურ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში. ჩვენი რეგიონისთვის ენერგეტიკულ თანამშრომლობას რეგიონალურ დონეზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ორიენტირებულია კასპიის ზღვის ენერგორესურსებზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე“, - განაცხადა კალაძემ.
ეკონიმიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ენერგოინფრასტრუქტურაში, როგორც არსებულის რეაბილიტაციაში, ასევე ახლის მშენებლობაში. ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული.
„ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ სფეროში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მხოლოდ დღეს არსებული დადგმული სიმძლავრეებიდან უკვე ლიცენზირებულ სიმძლავრეებამდე რომ მივიდეთ, საქართველოში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ, 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვექნება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის“ მშენებლობაზე, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, ჩაერთოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც.
პრემიერი კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ამ ფონზე ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება დამაფიქრებელია. ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„მოგეხსენებათ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითი დღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა კი შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე.
ამიტომაც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისათვის შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ, ისე დასავლეთ-აღმოსავლეთ ენერგეტიკული დერეფნების ქვეყნებისთვის და განხილულ იქნა ქმედითი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.
მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ექსპლოატაციაში 2013 წელს შევიდა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წამოადგენს. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება კი გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართვას ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარში, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში.
ასევე, წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის დადასტურებაა ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის“ პროექტები. ამჟამად მიმდინარეობს „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტი, რომელიც გაზის დერეფნის ამოქმედებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.