საქართველოსგან განსხვავებით გაუმართლა მონტენეგროს, რომელიც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვიეს. მიღწეული პროგრესის მიუხედავადა, საქართველომ ალიანსში მიწვევა ვერ მიიღო. თუმცა, ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულია კომუნიკე, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ვარშავის სამიტისთვის ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის.
ნატო ძალაში ტოვებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მიიღებს MAP-ს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. კომუნიკეში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების თვალსაზრისით და ალიანსი აგრძელებს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის შემზადებაში ეხმარება.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლიდან საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის ამზადებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ განაგრძოს ალიანსთან დაახლოებისთვის, ნატო-საქართველოს კომისიის მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება, „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფის“ როლის შესრულება, მონაწილეობა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს აქამდე იყო. მისი თქმით, ნატო-ს კარები კვლავ ღია რჩება.
„საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს. მე ვიმყოფებოდი ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღე მომზადებისა და შეფასების ცენტრის გახსნაში. საქართველოსთან ერთად ერთობლივად ვმუშაობთ რიგ სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ ვაფართოვებთ პოლიტიკურ დიალოგს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კომუნიკე, ავიღეთ ახალი ვალდებულებები და გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით“, - განმარტა იენს სტოლტენბერგმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო ძალიან ღირსეულად შესრულებული რეფორმებით და გაწეული საქმეებით შეხვდა მინისტერიალს და შესაბამისი განცხადებებიც მიიღო პასუხად. მისივე თქმით, ნატოს კომუნიკეში ხაზგასმით აღინიშნა ის, რაც აქამდე არ იყო. კერძოდ - დღესდღეობით საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.
„ეს ნიშნავს, რომ იგივე წევრობის სამოქმედო გეგმა, MAP-ი რჩება ძალაში, რჩება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მისაღები ექნება 28 ქვეყანას. მინისტერიალს თავის დატვირთვა ჰქონდა ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად კიდევ გვექნება ისეთი საშუალებები, როგორიც არის ნატო-სთან პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია, ასევე თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე იყოს თანმიმდევრული, რადგან ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ პერიოდისთვის, როცა ეს შესაძლებელი გახდება.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. საქართველო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძლებთ მუშაობას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთის, თუმცა უნდა იყოს მზაობა თავად ნატო-ს ყველა წევრის მხრიდან, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე განცხადება გაკეთდა ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ხშირად არ კეთდება.
„ამ განცხადებაში ძალიან დიდი ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოს საკითხს. ნატო მზად არის საქართველოს გაწევრიანებისთვის, თუ მონტენეგროს მსგავსად საქართველოც გაატარებს რეფორმებს. ასევე, მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ სამწუხაროდ შექმნილი იყო ილუზია, რომ MAP-ის გარეშე შეიძლება მოხდეს საქართველოს გაწევრიანება. ამ კომუნიკეში ძალიან ცალსახად წერია, რომ გაწევრიანებისთვის კარი ღიაა და MAP-იც უნდა გავიაროთ. ძალიან კარგად არის წერტილები დასმული, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველო რეფორმებს გააგრძელებს, შესაბამისი პროგრესის მიხედვით, ვარშავის სამიტზე ნატოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმევა“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს და ნატოს ურთიერთობებში პროგრესი არსებობს, მაგრამ მუდმივი საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ პოზიტიური ფორმულით შემოიფარგლება და არ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება, შეიძლება მტკივენეული აღმოჩნდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ერთის მხირვ სასიამოვნო მოსასმენია ნატოს მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ ისიც ფაქტია, რომ 1995 წელს ედურად შევარდანაძემ პირველმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში შეიძლება დავაკაკუნოთ ნატოს კარზე. 2008 წელს ეს კარები გაიღო და უკვე აღარ გვაქვს საშუალება, რომ სადმე ვაკაკუნოთ.
ჰაერში ვიქნევთ მუშტებს და ხმას ვერ ვაწვდით იმათ, ვინც ეს კარები გამოაღეს. თუკი რაიმე ხანჯს ვერ გვიპოვიან ნატოელები და თუნდაც დამფრთხალი იყვნენ რუსული მუქარებით, მაინც გამოიძებნება ისეთი გზა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვითუნარიანობას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.