მთავრობის გადაწყვეტილებით, „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის“ პროექტი 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. ხელისუფლებამ საარჩევნო წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამის შეწყვეტა ვერ გაბედა. წესით და რიგით, უფასო ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამა 3-წლიანი იყო და 2015 წლის ბოლოს სრულდებოდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის 3-წლიანი პროექტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს არის ძალიან კარგი სტიმული გლეხისთვის.
„ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით. ვფიქრობთ, ასეთი სტიმული ჯერ კიდევ საჭიროა. საუბარია დამატებითი 40 მილიონი ლარის გამოყოფაზე, რომელიც მოხმარდება მცირემიწიანი ფერმერების მიწების დამუშავების პროგრამას ისევე, როგორც ეს იყო გასული 3 სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა დანელიამ.
მისი განმარტებით, პრიორიტეტულ მიმართულებად ასევე რჩება კოოპერირება, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება და სურსათის უვნებლობა.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აცხადებს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება პროგრამის წარმატებულად მიმდინარეობის გამო მიიღო. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა.
„ფაქტობრივად, ფერმერებს გაუჩნდათ საბრუნავი საშუალებები. ეს არის დამატებითი სტიმული, რომ მიწათმოქმედების კუთხით აქტიურობა არ ჩაცხრეს. შესაბამისად, ეს პროგრამა მინიმუმ 1 წლით გაგრძელდება. ესეც დამოკიდებულია პროგრამის მოთხოვნაზე“, - აცხადებს სამხარაული.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბიუჯეტში ნაკლებად პრიორიტეტულ მუხლებს თანხები მოაკლდება და აღნიშნულ პროგრამაზე მიიმართება. სამხარაული სრულად გამორიცხავს იმას, რომ პროგრამის გაგრძელება 2016 წლის არჩევნების გამო მოხდა.
„სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, რომელსაც არჩევნებიდან არჩევნებზე ვერ დაამთხვევ“, - აღნიშნავს სამხარაული.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის, პროფესორ პაატა კოღუაშვილს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. მისი თქმით, პროექტის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო მომენტია. უკეთესი იქნებოდა ეს ფული ხელისუფლებას უფრო ეფექტიან პროექტებში დაებანდებინა.
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის წარუმატებლობით განხორციელებაზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ია კაცია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამის გაგრძელებაზე საუბარი არ იყო, არც თანხები იყო გათვალისწინებული. მისი დასკვნით, მთავრობის გადაწყვეტილების ასეთი მოულოდნელი ცვლილება, სავარაუდოდ, არჩევნებით არის განპირობებული.
„არჩევნების წინა წელს, როდესაც ფერმერს ეუბნები, რომ დახმარებას აღარ გაუწევ, ცოტა მტკივნეულია. ამიტომ, ჩემი აზრით, ამანაც იმოქმედა და ამ პროექტს გააგრძელებენ“, - აღნიშნავს ია კაცია „კომერსანტთან“ საუბრისას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად დახმარებას 800 000-მდე გლეხი იღებს და 220 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება.