საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის დაწყებული მოლაპარაკება, უკვე ორი თვეა, ჩიხშია. პროცესში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, მოლაპარაკების მაგიდაზე არაერთი მოთხოვნა უდევთ. ხელისუფლება კი “ულტიმატუმის ენით” საუბარს არავის ურჩევს. დათმობას არც ერთი მხარე აპირებს. რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციურმა “რვიანმა” განაცხადა, თუ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მოლაპარაკებები მაისის ბოლომდე არ განახლდება, სხვა გეგმაზე გადავალთო. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია, როგორია ეს “სხვა გეგმა”. როგორ განვითარდება მოვლენები და, საერთოდ, მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი გაყინულ პროცესს, ჯერ არავინ იცის. მომავლის კონტურების გამოკვეთამდე, ცესკოს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.
- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება კომპლექსური საკითხია, რომელიც საკანონმდებლო გარემოს შექმნის გარდა, ბევრ სხვა მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, მიდგომაც ასეთივე მრავალმხრივი უნდა იყოს და მხოლოდ საარჩევნო კოდექსის შემუშავებაზე არ უნდა დავიდეს. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, ვფიქრობ, ხელიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო გავუშვით. ყველაზე მძიმე საკითხი, რომელმაც, გარკვეულწილად, პროცესი დროებით შეაჩერა, საარჩევნო სისტემა გახლავთ.
ოპოზიციური პარტიების მიერ შემოთავაზებულ ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობთ, რომელიც რაიონებში მაჟორიტარების თანაბრობის პრინციპითა და 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს?
- დეტალებს არ ჩავუღრმავდები. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და ურთულესი საკითხია. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციის თემა უფროა, ვიდრე საარჩევნო კოდექსის და, შესაბამისად, მრავალმხრივ კონსესუსს მოითხოვს. ახალი კონსტიტუცია ერთი წლის წინ შემუშავდა. მაშინ საკმარისი დრო იყო ამ თემის წამოსაწევად. დღეს კი, უკვე ტექნიკურ საკითხებამდე ვიქნებოდით მისული. პროცესის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზი ისაა, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობის თემებმა წამოიწია. პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ისეთ რეჟიმში მუშაობას, როცა სამუშაო ჯგუფები დგებოდა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და დამატებები შეჰქონდათ. ახლა, ალბათ, არ გაიაზრეს, რომ ბევრად მნიშვნელოვანი ცვლილებები მიდის. ახალი კოდექსი იწერება, ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაზეა საუბარი... ეს თემა, იმ ვადებსა და ფორმატში ვერ გადაწყდება, როგორც ადრე ხდებოდა.
ეს, ალბათ, ძალიან კარგად იციან ოპოზიციონერებმა და მსგავს მოთხოვნებს მაინცდამაინც ახლა რატომ აყენებენ, სისტემის შესახებ თავის დროზე რატომ არ იმსჯელეს?
- ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ჩანს და მაშინ ვინ რას ფიქრობდა, ძნელი სათქმელია. როგორც უნდა იყოს, ეს იმდენად რთული საკითხია, მის მომწიფებას და რაღაც კონსესუსამდე მისვლას, იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ადრე სჭირდებოდა - მაშინ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა მოკლე ვადებში...
დარწმუნებული ვარ, პროცესი წინ აუცილებლად წავა. შეთანხმებაც შედგება, მაგრამ დროა საჭირო. პროცესის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს. საერთო განწყობა მაინც ისეთია, რომ როდის - არ ვიცი, მაგრამ რაღაც შეთანხმებები აუცილებლად მოხდება. სხვა გამოსავალი არ არის. ასე რომ არ იყოს, ყველა წააგებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ეტაპები მრავალჯერ გავიარეთ: დაწყებული შეიარაღებული გადატრიალებიდან, ქუჩის გამოსვლით დამთავრებული. იმედი მაქვს, ქართველ ხალხს და პოლიტიკოსებს, ეყოფათ რაციონალური აზროვნება საიმისოდ, რომ ეს პროცესები მხოლოდ კონსესუსით გადაწყდეს და საკანონმდებლო ჩარჩოში ჩაისვას.
და კონსესუსის მიღწევის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ ცვლილებების გატარება არჩევნებამდე მოესწროს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადავო თემა ბიომეტრიული პარამეტრების მიხედვით ხმის მიცემის პროცედურაცაა?
- ვადები ყველაზე რთული თემაა. როგორც უნდა იყოს, პროცესი შემოდგომას არ უნდა გასცდეს, რადგან მერე ყველაფერი გართულებისკენ წავა და საარჩევნო ადმინისტრაცია, ელემენტალურად, მომზადებას ვეღარ მოასწრებს. მით უმეტეს, თუ ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა. აქედან გამომდინარე, შემოდგომა ბოლო ვადაა. თუმცა, აჯობებს, პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური სეზონის დასრულებამდე მივიღოთ, ზაფხული კი ტექნიკური საკითხების მომზადებისთვის გამოვიყენოთ. მე მაინც ვინარჩუნებ ოპტიმიზმს.
რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტებს, დავაზუსტოთ, რაზეა საუბარი - საარჩევნო სიების შედგენაზე ბიომეტრიული მონაცემებით თუ არჩევნების დღეს, როგორც ოპოზიცია ამბობს, ამომრჩეველთა ბიომეტრიული პარამეტრებით ვერიფიკაციაზე? ეს აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა. არჩევნების დღეს ვერიფიკაციის თემა ახლა გაჩნდა. ეს, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რთული საკითხია. ფაქტობრივად, არჩევნების დღეს ტექნიკური შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან ამან, შესაძლოა, მთლიანად ჩაშალოს პროცესი. სწორედ ამ საკითხზე მოწვეულმა დანიელმა ექსპერტმა განაცხადა, თეორიულად ყველაფრის გაკეთება შეიძლებაო, მაგრამ ჩამოთვალა რისკებიც. ვფიქრობ, ეს საკითხი, დღეს პრაქტიკულად, შეუსრულებადია.
არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიკაცია, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მუშაობს. ბიომეტრიული პარამეტრები მხოლოდ საარჩევნო სიების შესადგენად გამოიყენება და ისიც მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. ანუ, იქ, სადაც მოქალაქეთა აღრიცხვის სისტემა საერთოდ არ არსებობს. თუ გვინდა, სიებში გარდაცვლილები ან უცხოეთში მცხოვრები პირები აღარ არსებობდეს, ამისთვის წინასწარი რეგისტრაციის მეთოდი არსებობს, რაც ყველა პრობლემას ხსნის. თუმცა, არიან პარტიები, რომელთაც არ აწყობთ ეს და ეწინააღმდეგებიან.
რატომ არ აწყობთ?
- რაც უფრო დიდია პარტია და მეტი რესურსი აქვს, რეგისტრაციის გასატარებლადაც მეტი ამომრჩევლის მოყვანა შეუძლია. შედარებით პატარა პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას მარტო სახელისუფლებო პარტია შესძლებს...
რაც შეეხება პირადობის მოწმობის გაყალბების თემას, მოწვეულმა ექსპერტმა ამ დოკუმენტის ნახვის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი დაცულობის ხარისხი საკმაოდ კარგია. გაყალბება შესაძლებელია როგორც ქაღალდის, ისე - ჩიპიანი ბიომეტრიული დოკუმენტის. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, საამისოდ ღირდეს ამდენი რესურსის ხარჯვა და წვალება.
გამოდის, კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ გართულდება.
- მიმაჩნია, რომ ბიომეტრიის თემა არაფერს ცვლის. პროცედურის გართულება ან ტექნიკური აღჭურვილობის შემოტანა ვერ ცვლის ადამიანური მონიტორინგის ფაქტორს. მაგალითად, 2002 წელს შემოვიდა მარკირების პროცედურა. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს “კარუსელების” პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მერე გაჩნდა ვიდეო-კამერების იდეა. მე არც ის გამიგია, ვინმეს ეთქვას, რომ უბანზე, სადაც კამერა იდგა, ყველაფერი კარგად ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, პრობლემას და ნდობის ფაქტორს ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებაც არ გადაწყვეტს. თუ არ არსებობს პარტიის, საზოგადოების დამკვირვებლის ინსტიტუტი, ეს ვერაფერს შეცვლის. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ტექნიკურად, ისეთი პროცედურები უნდა გამოვიყენოთ, რომ მისი გაკეთება ყველამ შეძლოს. მარკირების მეთოდი საკმაოდ მარტივია, მაგრამ წინა არჩევნებზე, უბანზე, ამ თემაზე დაწერილმა საჩივრებმა, მთლიანი საჩივრების 40% შეადგინა. ზოგს ნათურა დაეწვა, ზოგს ელემენტი დაუჯდა... წარმოიდგინეთ, ტექნიკურად კიდევ უფრო რთული პროცედურა რომ გვქონდეს, რა იქნება.
რაც მეტად გავართულებთ მეთოდს, მით მეტ დარღვევას მივიღებთ. რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმი არ უნდა შემცირდეს. კონტროლის ერთადერთი მექანიზმი კი, ადამიანია - ადგილზე დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ. პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ მთელი საქართველო დაფარონ. საამისოდ, კვალიფიციური პარტიების რაოდენობა 17 კი არა, 5-7 უნდა იყოს. პარტიების წარმომადგენლები საუბარს და საკითხების გადაწყვეტას პრობლემის არსიდან კი არ იწყებენ, შედეგს ებრძვიან. სისტემა ისე უნდა ააგო, რომ არსებობდეს ნდობა და კონტროლის მექანიზმი.
ნუთუ, წარმოდგენილი მოთხოვნებიდან არაა ისეთი, რომელსაც იზიარებთ? თქვენ პოზიციას თითქმის არ გამოხატავთ საკითხებთან მიმართებაში...
- ამას შეგნებულად ვაკეთებთ. რა პოზიციაც უნდა გაახმოვანო, ძალიან სულელურით დაწყებული და გენიალურით დამთავრებული, ვიღაცას მაინც არ მოეწონება. ვცდილობთ, მით უმეტეს, პოლიტიკური საკითხების შესახებ, ჩვენი აზრი არ გამოვხატოთ. ზოგადად, პროცედურა რაც უფრო მარტივი იქნება, (მაგრამ საკმარისი კონტროლის მექანიზმებით) ნაკლებად დაირღვევა კანონი...
ოპოზიციურმა “რვიანმა” ხელისუფლებას მოლაპარაკების გასაგრძელებლად ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გეგმის ამოქმედებას აპირებენ. პოზიციის დათმობას არც მმართველი გუნდი აპირებს. რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამწვავების თავიდან ასარიდებლად და მხარეებს შორის მედიატორის როლს ხომ არ ითამაშებთ?
- ჩვენ ამ პროცესში არა ვართ ჩართული და ვფიქრობ, არც უნდა ვიყოთ, რადგან ამის გამო, შეიძლება, ვიღაცამ საარჩევნო ადმინისტრაცია მხარედ განიხილოს. ამას კი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. პარტიებმა, თუ არჩევნებით დაინტერესებულმა სხვა მხარეებმა, უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური ორგანო, რომელიც მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს. ვფიქრობ, დღევანდელ საქართველოში, ასეთი მიდგომა სჯობს... როცა მედიატორის როლზე მიდის ხოლმე საუბარი, როგორც წესი, ის უცხოური ორგანიზაცია ხდება. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ცესკო-ს მხრიდან რაიმე ჩარევა შეიძლებოდეს. ვიღაცას რაღაც მაინც არ მოეწონება და საერთო უნდობლობის ატმოსფეროს შექმნის.
დარწმუნებული ვარ, პროცესი აუცილებლად მოლაპარაკებით დასრულდება. ოღონდ, ამას საკითხების სირთულიდან გამომდინარე, ალბათ, იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მონაწილე მხარეები ვარაუდობდნენ. ეს დუღილის თუ ხარშვის პროცესი ცოტა რომ დაჩქარდეს, ალბათ, მხარეებმა უფრო ინტენსიური კონსულტაციები უნდა აწარმოონ. გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა კი, პროცესში ცოტა მეტი ინიციატივები გამოიჩინონ...