მცირე ბიზნესის წამოწყება დიდ სირთულეს უკავშირდება

მცირე ბიზნესის წამოწყება დიდ სირთულეს უკავშირდება

განვითარებული ქვეყნების მშპ-ს უდიდეს ნაწილს მცირე და საშუალო ბიზენსი ქმნის, საქართველოში კი ელემენტარული საქმიანობის წამოწყებაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მცირე ბიზნესისთვის არ არსებობს შეღავათი, ხელმისაწვდომი სესხი, შესაფერისი კანონომდებლობა და სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ქვეყანაში უმეტესწილად იზრდება ისეთი საწარმოების წილი, რომლებშიც უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. სხვა შემთხვევაში, მცირე მეწარმეები თავს იკავებენ ბიზნესის დაწყებისაგან. საქართველოში არასაკმარისადაა განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების მდგომარეობის შესახებ სატატისტიკური, ეკონომიკური და სოციოლოგიური ინფორმაციის სისტემაც.

გამოკითხული ადამიანების უმეტესობა დღესდღეობით ბიზნესის დაწყებას ვერ რისკავს. მიზეზი არასტაბილური გარემოა.

წარმოების გამართვა მის სრულფასოვნად დაგეგმვასა და რეალიზებაში მდგომარეობს, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც დამფინანსებლებია. მათი მოძებნა დამწყებ ბიზნესმენებს საკუთარი სახსრებით უწევთ. არადა, წესით და რიგით, მცირე და საშუალო ბიზნესს, ძირითადად, ბანკების იმედი უნდა ჰქონდეთ, რადგან საჭირო დროს ფინანსური რესურსის დროულად მიღება ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტია. ჩვენი ბანკები კი სწორედ ამ კომპონენტში სცოდავენ.

„ჩვენი მეწარმეების, განსაკუთრებით მცირე და მიკრო, აგრეთვე სოფლად მცხოვრები და მოქმედი ფერმერებისთვის კვალიფიციური ბიზნესგეგმის შედგენა და ამით ფინანსების მოძიება საკმაოდ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ამ გარემოების მიუხედავად, ბანკების საკრედიტო პოლიტიკას მაინც ვერ გავამართლებ. ფაქტია, რომ ბანკებს სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან დაბალი დონე გააჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებს არად დაგიდევენ.

რატომღაც საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ დიდი ორგანიზაციების მიერ თანამშრომლებზე ზრუნვასთან და განსაკუთრებულ სიტუაციებში (მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს) მიზერული თანხის გადარიცხვასთან არის დაკავშირებული. ბანკები რომ უფრო მეტად რისკიანები იყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დროს და მათი საპროცენტო განაკვეთებიც შედარებით ლიბერალური და ხელმისაწვდომი იყოს, ეს უფრო იქნებოდა მათ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის რეალური მაჩვენებელი“, - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი.

მისი თქმით, დამწყები ბიზნესის დაფინანსება ბანკის მხრიდან თითქმის წარმოუდგენელი საკითხია. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს როლი ძალიან სუსტია.

„ერთი მხრივ, მთავრობა გარკვეული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საბანკო პროცენტის სუბსიდირებას ახდენს, თუმცა იმ კომპონენტში, როცა საქმე ბანკის მიერ ბიზნესზე სესხის გაცემას ეხება, სახელმწიფო უძლურია. ეს მომავალში აუცილებლად შესაცვლელია. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, კანონმდებლობის დონეზე უნდა დაარეგულირონ კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა, სადაც, როგორც მსესხებლების, ისე სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - ამბობს გულბანი.

მათ, ვინც უახლოეს მომავალში ბიზნესის დაწყებას აპირებს, სპეციალისტები დაკვირვებისკენ მოუწოდებენ. ისინი თვლიან, რომ ფინანსური ნიადაგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არც ისე მყარია და ნებისმიერი რთული სიტუაციისთვის მზად უნდა იყვნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყება სოციალური ფენების გაუმჯობესების მთავარი იარაღია. დღეს ვინც ბიზნესის წამოწყებას აპირებს, პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ. დღეს ალბათობა იმისა, რომ ახალი საქმე შედგეს, არის მცირე, განსაკუთრებით, რეგიონებში.

ნებიმიერ წამოწყებულ საქმეს სჭირდება დაკვირვება და გათვლა. მცირე ბიზნესის გასამართად აუცილებელია ბანკების თანადგომა, მაგრამ დოლარის გამყარების შემდეგ, კრედიტის დაფარვაც უჭირს ხალხს. სახელმწიფოს როლს რაც შეეხება, ამ მხრივ მხარდაჭერა არ იგრძნობა“, - აცხადებს ექსპერტი ნოდარ კაპანაძე.