ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე მყოფ ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გაგვაცნო, რომელიც ირმა ინაშვილმა 28 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონისგან მიიღო.
იქვე შევიტყვეთ ისიც, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით, 11-12 მაისს გამართულ თავყრილობაზე, სახელწოდებით - ”შენს გისოსებში მზეა”, რომელიც ადამიანის უფლებების თემას მიეძღვნება, აქცია-მარათონი იმუშავებს, პატიმართა ოჯახების, შვილების და ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების დასახმარებლად.
”ვგეგმავთ ჩართვებს ბრიუსელიდან და პარიზიდან - ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე, მაღალი რანგის თანამდებობის პირები პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან, როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა სტრუქტურებიდან.
ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ასევე შერჩევითი მართლმსაჯულების თემას გამოეხმაურა ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისარი, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, თომას ჰამარბერგი, რომელმაც სპეციალური ვიზიტი განახორციელა და რამდენიმე მსჯავრდებულ პირს შეხვდა.
მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ”წინააღმდეგობის მოძრაობა” ახორციელებს მუდმივ კონტაქტებს ევროკავშირის შესაბამის სტურუქტურებთან, ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამის სტურუქტურებთან; ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ქეთრინ ეშტონთან, რომლისგანაც 28 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი წერილი მოვიდა. მასში გამოთქმულია თანამშრომლობის სურვილი, არა მხოლოდ ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით, არამედ, გამოხატულია კონკრეტული თანამშრომლობის გეგმაც, რომელიც განხორციელდება 2011 წლის ივნისში, ბრიუსელში და რომელზეც განხილული იქნება ის საკითხები, რომელიც ”სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ” კონკრეტული თემების დონეზე
დააყენა.
28 აპრილს ირმა ინაშვილმა ევროკავშირიდან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:
”ქალბატონო ირმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სახელით, რომელსაც ქალბატონი ქეთრინ ეშტონი ხელმძღვანელობს, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თქვენი 2011 წლის 28 მარტის წერილისთვის, რომელშიც ყურადღება მიგვაქცევინეთ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე და იმ ზომებზე, რომლებიც მიიღეთ, რათა გაგეშუქებინათ ეს პრობლემა, მათ შორის: მოქალაქეთა ინიციატივა საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის შესახებ და საპროტესტო მანიფესტაციები, რომლებიც თბილისში გამართეთ.
კერძოდ, პატიმართა მდგომარეობა, ისევე როგორც შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხები, განიხილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგის დროს, რომლის სამი რაუნდი უკვე შედგა. მომდევნო რაუნდი გაიმართება 2011 წლის ივნისში, ბრიუსელში, რაც გვაძლევს საშუალებას წამოვწიოთ თქვენს მიერ მოყვანილი პრობლემატური საკითხები. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემა პრიორიტეტული რჩება.
შეგახსენებთ, რომ ”ობიექტივი” ერთ წელზე მეტია ახორციელებს პროექტს, რომელიც ევროსტრუქტურებთან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში ”ობიექტივმა” მოაწყო საგამოძიებო, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შეხვედრები ევროკომისრებთან, სენატორებთან, რომელთაც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები უშუალოდ დაზარალებულებმა გააცნეს.
მიმდინარე წლის მარტში, “ობიექტივის“ ამგვარ აქტიურობას გარკვეული შედეგი მოჰყვა - ბრიუსელში ყოფნისას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰეიდი ჰაუტალას შეხვდნენ ”წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი და ამავე მოძრაობისა მედიაომბუდსმენი, ირმა ინაშვილი, რომელიც ამავდროულად ”ობიექტივის” ხელმძღვანელია.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ირმა ინაშვილმა უსაფრთხოების მიზნით არ დააკონკრეტა ის საქმეები, რომელთა განხილვაც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდება.
”წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ხელმოწერები გრძელდება და მინდა მოვუწოდო პატიმართა მშობლებს, ახლობლებს, ნათესავებს განაგრძონ ხელმოწერები. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით 40 000-ზე მეტი პატიმარია, თუმცა ხელისუფლების მონაცემებითაც არ არის მცირე რაოდენობა - ოფიციალური მონაცემებით 23 000-ზე მეტია პატიმართა რაოდენობა. ძალიან რთული ვითარებაა, დღე არ გავა, რომ ქართული ციხეებიდან და საპყრობილეებიდან ერთი პატიმარი არ გამოასვენონ. თუ კონკრეტული მონაცემები გაინტერესებთ, ”ობიექტივი” მოგაწვდით.