დენის ტარიფით, ხალხის გარდა, ყველა კმაყოფილია

დენის ტარიფით, ხალხის გარდა, ყველა კმაყოფილია

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა. ენერგოკომპანიები, ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა კმაყოფილნი არიან ხალხისა და ბიზნესისგან მიღებული დამატებითი შემოსავლებით. ის კი არადა, საზოგადოებას დამამშვიდებელ მესიჯს უგზავნიან, რომ ახლო მომავალში ტარიფს დამატებით აღარ გაზრდიან.

„ენერგო-პრო“ დენის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკში განაცხადის შეტანას აღარ აპირებს. კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ ახალი წლიდან ნაკლებად სავარაუდოა გადასახადის ზრდა ან შემცირება მოხდეს. არსებული ტარიფით საქმიანობას, ასე თუ ისე, ახერხებენ და კომპანია ზამთარსაც მომზადებული ხვდება.

ტარიფების გადახედვას არ ელის არც „თელასის“ გენერალური დირექტორი. სერგეი კობცევი ამბობს, რომ სანდოობის გარანტიისა და საინვესტიციო პროგრამებისთვის თანხა არსებულ ტარიფში საკმარისია.

დენის გადასახადის კორექტირებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გამორიცხავს. მინისტრის მტკიცებით, მთავრობამ საარჩევნო დაპირება შეასრულა და ტარიფი 4 თეთრით შეამცირა, მაგრამ ლარის დევალვაციის გამო, დენის ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

„ამასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის მძიმე და მტკივნეულია, როდესაც ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ელექტროენერგიის საფასური 4 თეთრით შევამცირეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა, ხოლო ზამთრის თვეებში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს, თბოელექტროსადგურები კი იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, ტარიფი ძველ ნიშნულზე დაბრუნდა, რომელიც 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე თვის წინ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ენერგოკომპანიებმა სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს. აგვისტოდან „ენერგო-პროს“ მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგია რეგიონებში 3,95 თეთრით გაძვირდა. მოგვიანებით, სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე „თელასმაც“ მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა. დენის ტარიფი დედაქალაქშიც რეგიონების ანალოგიურად გაიზარდა.

საქართველოს ენერგოსისტემა კი პირობას იძლევა, რომ ზამთარში მოსახლეობას არც უშუქობა შეაწუხებს და გაუთვალისწინებელ ტექნიკურ ხარვეზებსაც ძალიან სწრაფად აღმოფხვრიან.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვარ, რომ ზამთარს შევხვდეთ მობილიზებულნი“ - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ენერგოკომპანიებმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ წარმოადგინა თავისი გეგმები თუ როგორც ემზადებიან ზამთრის პერიოდისთვის, რა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ყველანაირად მობილიზებულნი ვართ. ის სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო, განვახორციელეთ. შევქმენით საკმაოდ ძლიერი მობილური ჯგუფები იმ სიტუაციისთვის, თუკი იქნება ბუნებრივი კრიზისები. ჩვენ არ ვართ დაზღვეულნი სტიქიური მოვლენებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ ყველანაირ მოვლენას, რაც იქნება ელექტროსისტემაში“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

რაც შეეხება ტარიფებს, ზუმბურიძის ინფორმაციით, მისი გადახედვა წელს უკვე მოხდა და წლის ბოლომდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„ის შემოსავლები რაც გვაქვს, ახალი ტარიფებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ გავმართოთ ტექნიკურად ჩვენი მოწყობილობები, ჩვენი სისტემა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ზამთარს შევხდეთ მობილიზებულნი“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.