რა კავშირი აქვს სპორტის მინისტრის მოადგილეს ,,არენა მშენთან'', რომელსაც ნარმანიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა
,,ბოლო პერიოდში, გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას განსაკუთრებით ართულებს. შექმნილი ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, კონტრაქტორი კომპანიების მიერ, ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს გახშირდა. ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ! ამასთან, უკვე გამოაცხადა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე'', - ესაა მცირე ამონარიდი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლიდან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე. ,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი კომპანიების გამო ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები? რა ვალდებულებები არ შეასრულეს ამ კომპანიებმა და რატომ?
ტენდერების ჩაშლის ძირითადი მიზეზები
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევენ, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები! გარდა ამისა, 2016 წლიდან, დედაქალაქის მერია, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რათა ქუჩები შედარებით განიტვირთოს და თბილისში გადაადგილება გაადვილდეს.
დიდი ხანია, ჩაშლილი ტენდერები თბილისის მერიისა და ზოგადად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ,,აქილევსის ქუსლად'' იქცა. ,,ვერსიამ'' ამ თემაზე არაერთი ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩაშლილი ტენდერები მხოლოდ ,,ქართული ოცნების'' პრობლემა არ არის. სატენდერო პირობების შეუსრულებლობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
,,საქართველოს კანონი შესყიდვების შესახებ'', რომელიც ელექტრონულ ტენდერებს არეგულირებს, მართლაც სერიოზული რეფორმა იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კანონში ბევრი ისეთი მუხლია, რაც ცალკეულ შემთხვევაში - შეცვლას, რიგ შემთხვევაში კი საერთოდ გაუქმებას საჭიროებს. ეკონომიკის ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ შესყიდვების შესახებ კანონის სრულყოფილად დახვეწა ვერც ,,ნაციონალებმა'' შეძლეს და სამწუხაროდ, ვერც ,,ოცნებამ'' მოახერხა. ესაა მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, განსაკუთრებით კი თბილისის მერიაში, ტენდერები იშლება.
,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ ონლაინაუქციონის, ანუ ელექტრონული ტენდერის შემოღების მთავარი მოტივაცია საეჭვო გარიგებების თავიდან აცილება იყო. თუმცა კანონს უამრავი პრობლემა და ხარვეზი ახლავს, რაც ბიზნესს ხელს უშლის. შესყიდვების შესახებ კანონში უგულებელყოფილია მომსახურების ხარისხი, აქცენტი მხოლოდ დაბალ ფასზე კეთდება, რაც ნიშნავს, რომ თუ კომპანია ელექტრონულ ტენდერში დაბალ ფასს წარადგენს, პრიორიტეტი მას ენიჭება. შესყიდვების ბაზარზე სახელმწიფო სახსრების თითქმის 2/3, დაახლოებით 3 მილიარდი ლარი, ყოველწლიურად, უწესრიგოდ ბრუნავს, კანონის ქვეშ სახელმწიფო ფულის მხოლოდ 1/3-ია მოქცეული. შესაბამისად, შესყიდვების შესახებ კანონის დახვეწა აუცილებელია. ამ კანონის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ელექტრონული შესყიდვების საკითხებში, თემურ ხომერიკმა ,,ვერსიას'' ყველა ის მიზეზი დაუსახელა, რის გამოც 2014 წელს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და თბილისის მერიაში ელექტრონული ტენდერები ჩაიშალა. მისი თქმით, შარშან ტენდერების ჩაშლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულ ,,ოცნებასა'' და ნაციონალურ მოძრაობას შორის, კოჰაბიტაცია შედგა, რამაც პოლიტიკასთან ერთად, ეკონომიკაც დააზარალა:
,,ძველი სტრუქტურები არც შანტაჟს ერიდებოდნენ და არც გარკვეული საკითხების დაბლოკვას, რადგან მათ ძველი ხელისუფლების პირობებში დაგეგმილი თამაშის წესების შენარჩუნება სურდათ. საბოტაჟის შემთხვევებიც გვქონდა - შესყიდვების ბაზრის ძველი მოთამაშეები ცალკეულ შესყიდვებს სპეციალურად აგდებდნენ, რათა ბაზარზე ფუნქციონირების საშუალება კვლავ ჰქონოდათ. ეს ბაზარი დახურული იყო და დაახლოებით 15 კომპანიას ჰქონდა გადანაწილებული. ეს ერთი ხელიდან მართული ბაზარია, ამიტომ კონკურენციის კანონის ამოქმედებისთანავე, აუცილებელია, კონკრეტული შემთხვევები კომპლექსურად განვიხილოთ და კვაზი- სტრუქტურებს, რომლებიც კომპანიები კი არა, ფულის ,,მრეცხავები'' არიან, სახელმწიფო ფულის არაეფექტურად ხარჯვის საშუალება არ მივცეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს კომპანიები ასოცირებულები არიან ნაციონალებთან - ესაა მეწარმეთა კლასი ან ფენა, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ცდილობს, ჩინოვნიკებს შორის ლობისტები მოიპოვოს, რათა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ელექტრონული ტენდერების აწყობილი სისტემა მიდიოდა ადეიშვილამდე, მერაბიშვილამდე, უგულავამდე ან სააკაშვილამდე, ბოლო ნაკადი კი პარტიის საერთო ყულაბაში გროვდებოდა. მართალია, ეს გვარები ,,ბაზარს'' ჩამოშორდნენ, მაგრამ ტენდერებში მონაწილე კომპანიებმა პირადი კავშირების, ანუ ,,გრუზინული პადხოდის'' საშუალებით, ფულის ეს ნაკადი საკუთარ ჯიბეში მიმართეს, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური ფული ბიზნესში ჩააბრუნეს. რა თქმა უნდა, მთავრობა ვალდებული იყო ხელახლა გამოეცხადებინა ნამდვილი ტენდერები, მაგრამ ამისთვის არც კონკურენტი კომპანიები იყვნენ მზად და არც ისინი, რომლებიც სახელმწიფო ჩინოვნიკებს შორის მუდმივად ლობისტებს ეძებენ''.
რომელ კომპანიას შეუწყვიტა ხელშეკრულება მერიამ
კონკრეტულად რომელმა კომპანიამ ვერ შეასრულა სატენდერო პირობები და ვის გაუწყვიტა თბილისის მერიამ ცალმხრივად ხელშეკრულება? თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ჩხიკვიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ დედაქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,არენა მშენმა'' გაიმარჯვა, რომელსაც ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა:
,,დედაქალაქის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე, თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი - 1.1.1/20/478, რომლის ღირებულება 5 297 999 ლარი იყო. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი ტენდერი - 1.1.1/20/479 გამოცხადდა, რომლის ღირებულება 5 476 999 ლარი იყო. ორივე ტენდერის საერთო ღირებულება 10 774 999 ლარს შეადგენდა და დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას გულისხმობდა. კონტრაქტის მიხედვით, შპს ,,არენა მშენი'' ვალდებული იყო, ერთდროულად, მინიმუმ, 8 ობიექტზე გზების კაპიტალური შეკეთება ეწარმოებინა. კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რადგან სამუშაოებს დაბალი ტემპებით აწარმოებდა. შესაბამისად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შპს ,,არენა მშენს'' ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა და კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრა''.
ლაშა ჩხიკვიშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ შპს ,,არენა მშენს'' გაგარინისა და პეკინის ქუჩების მონაკვეთები, ჭავჭავაძის გამზირისა და ჩოლოყაშვილის გამზირის მონაკვეთები (მიშველაძის ქუჩიდან ვაკის სასაფლაომდე), თევდორე მღვდლის ქუჩა (ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია), წერეთლის გამზირის მონაკვეთი (სამტრედიის ქუჩიდან გორის ქუჩამდე), მტკვრის მარჯვენა სანაპირო (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია), აღმაშენებლის ხეივნიდან სოფელ დიღომში ვაჟა ფშაველას ქუჩის დამაკავშირებელი გზა, ფერმწერთა ქუჩიდან სტუდენტთა საერთო საცხოვრებლამდე მისასვლელი გზა, ქოშიგორას დასახლებაში I და II ქუჩები კაპიტალურად უნდა შეეკეთებინა:
,,თბილისის მერიამ, შპს ,,არენა მშენთან'' ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, ახალი, გამარტივებული, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყებს სამუშაოებს ზემოხსენებულ ობიექტებზე (მისამართებზე), რომელთა რეაბილიტაციაც კომპანია „არენა მშენმა“ ვერ შეძლო''.
მისივე თქმით, 2015 წლის 17 ივლისს, თბილისის მერიამ შპს ,,არენა მშენს'' ორი ხელშეკრულება გაუფორმა, რომელთა მიხედვით, სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღად, 2015 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა. ტენდერის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თბილისის 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი კომპანია - ,,ბლექ სი გრუპი'' (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) და ,,არენა მშენი'' (მტკვრის მარცხენა სანაპირო) შეასრულებდა. ნარმანიას თქმითვე, ქუჩების რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, ქალაქში გზების შეკეთების სამუშაოები აგვისტო- სექტემბერში დასრულდებოდა. ფაქტია, აგვისტო- სექტემბერში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა. ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები კეთილმოწყობის სამსახურმა თავის დროზე? რამდენად სწორია თბილისის მერიის პოზიცია მაშინ, როდესაც განტევების ვაცად კონკრეტული კომპანია დაასახელა და დედაქალაქში არსებული საცობები, თუ გადატვირთული მოძრაობა მხოლოდ შპს ,,არენა მშენს'' გადააბრალა? ,,ვერსია'' თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატების'' თავმჯდომარეს, ზაზა ვეკუას დაუკავშირდა:
,,დედაქალაქის მერი კერძო კომპანიებს ადანაშაულებს, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ კერძო კომპანიები მოგებაზე ორიენტირებულები არიან, ამიტომ დამნაშავეები მერიის თანამშრომლებს შორის ეძებოს. თბილისელები იმიტომაც უხდიან მათ არც თუ ისე მცირე ხელფასს, რომ ტენდერის პირობები, მისი ჩატარება და ზედამხედველობა უზრუნველყონ. ამ კონკრეტული სამუშაოების ზედამხედველობა აუცილებელი იყო, რათა დროულად გარკვეულიყო, ასრულებდა თუ არა პირობებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გაახსენდათ, როდესაც საკმაოდ დიდი დრო გავიდა და თბილისის ქუჩები ისევ აყრილია''.
ახალი ტენდერის გამოცხადება და მასში სხვა კომპანიის გამარჯვებულად გამოვლენა, თბილისში არსებულ საცობებს ვერ განტვირთავს. კლიმატური პირობების გამო, ზამთრის პერიოდში გზის აღდგენითი სამუშაოები ბუნებრივად შეფერხდება, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნის თბილისელებს. ზაზა ვეკუამ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ტენდერებთან დაკავშირებით, ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატები'', კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისა და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დასვამს: ,,თბილისის საკრებულოში ხმათა უმრავლესობით, სწორედ ,,ქართული ოცნებაა'' წარმოდგენილი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერისაკითხი ისე გაიტანოს, როგორც სურს. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც უკმაყოფილონი არიან თბილისში არსებული გადატვირთული მოძრაობისა და საცობების გამო. მათ შორის, მაჟორიტარებიც არიან და სწორედ მათ უწევთ ამომრჩევლებისთვის პასუხის გაცემა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გზებთან დაკავშირებულ ტენდერებზე, უმრავლესობის წევრებსაც მკაცრი შენიშვნები ექნებათ''.
ცოტა რამ ,,არენა მშენის'' შესახებ
რას წარმოადგენს შპს ,,არენა მშენი'' და ვინ არიან ამ კომპანიის მფლობელები? რამდენი ლარით დააჯარიმა თბილისის მერიამ კომპანია, რომელმაც სატენდერო პირობების ვადები დაარღვია? ,,ვერსიამ'' ყველა საჭირო ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოსა და სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით მოიპოვა.
სამეწარმეო რეესტრში, შპს ,,არენა მშენი'' 2015 წლის 1 მაისიდან დარეგისტრირდა, როდესაც კომპანიის გენერალური დირექტორი შალვა გოგოლაძე გახდა. ორიოდე კვირაში, შალვა გოგოლაძე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ წარადგინეს. შესაბამისად, რეესტრში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა და შპს ,,არენა მშენის'' დირექტორი მინისტრის მოადგილის ძმა, გურამ გოგოლაძე ხდება. 2015 წლამდე, შპს ,,არენა მშენი'', სამეწარმეო რეესტრში შპს ,,გზამშენი 4''-ის სახელით იყო რეგისტრირებული.
,,გზამშენი 4''-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს, კომპანია 1961 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მისი მთავარი მიმართულებაა.
ოფიციალურად, სამეწარმეო რეესტრში, შპს ,,გზამშენი 4''- ის რეგისტრაციის თარიღი 1997 წლის 21 ივლისია. კომპანიის გენერალური დირექტორი რეზო ჩახვაშვილი იყო, რომელიც შპს-ში აქციების 52.4%-ს ფლობდა, თუმცა მასთან ერთად, ამ კომპანიას 17 პარტნიორი ჰყავდა. მათ შორის, აქციების 30.8%-ს თეიმურაზ ჭულუხიძე, ხოლო 5.6%-ს - ვალერიან დალაქიშვილი განკარგავდა. დანარჩენი 15 პარტნიორი კი წილების მცირე რაოდენობას განკარგავდნენ.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შპს ,,გზამშენი 4''-ის ჩანაწერები 2010 წლის 9 თებერვლიდან იწყება. 2011 წლიდან, კომპანიას 38 აქციონერი ჰყავს, ამიტომ წილები ასე გადანაწილდა: რეზო ჩახვაშვილი - 40.6%, თეიმურაზ ჭულუხიძე - 28.8%, ვალერიან დალაქიშვილი - 5.6%, ლია კუტალაძე - 2.4%, თემურ აბესაძე - 2.4%, ხოლო დანარჩენი 34 პარტნიორი წილების 0.2%-ს განკარგავდნენ.
შპს ,,გზამშენი 4'' თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს წლების მანძილზე ასრულებდა. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია არაერთ ტენდერს იგებდა, თუმცა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან და ვადებთან დაკავშირებით, არცერთ შემსყიდველს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
,,ვერსიამ'' სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებიდან გაარკვია, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს, შპს ,,გზამშენი 4''-ის პარტნიორები შეიცვალნენ. კომპანიის დირექტორი ისევ რეზო ჩახვაშვილია, მაგრამ პარტნიორებს შორის წილები ასე გადანაწილდა: ალექსი ელკანიშვილი - 0.2%, არტაშ ასლამაზიშვილი - 0.2%, მარსა ბადალოვა - 0.2%, ზაირა თევზაძე - 0.2% და შპს ,,გზა - 2014'' - 99.2%. სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებიდან ,,ვერსიამ'' ისიც შეიტყო, რომ ამ დროს შპს ,,გზამშენი 4''-ის კუთვნილი ქონება, მათ შორის თბილისში, რუსთავში, გარდაბანსა და კასპში დააყადაღეს. 2015 წლის 30 აპრილს სიტუაცია იცვლება და შპს ,,გზა - 2014''-ის 99.2%- იან წილს, კომპანია ,,გზამშენი 4''-ში, შპს-ს დირექტორი, რეზო ჩახვაშვილი განკარგავს. 2015 წლის 1 მაისიდან, შპს ,,გზამშენი 4'' ოფიციალურად აღარ არსებობს, მის ნაცვლად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გაიარა შპს ,,არენა მშენმა'', რომლის დირექტორი შალვა გოგოლაძეა. პარტნიორებს შორის კი წილები ასე გადანაწილდა: მარსა ბადალოვა - 0.2%, ზაირა თევზაძე - 0.2%, შპს ,,პეგასი'' - 99.2%, ალექსი ელკანიშვილი - 0.2%, არტაშ ასლამაზიშვილი - 0.2%.
2015 წლის 14 მაისს, შალვა გოგოლაძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. შესაბამისად, კომპანიის დირექტორი შეიცვალა და სამეწარმეო რეესტრში ახალი ჩანაწერი ჩნდება. 2015 წლის 16 ივნისიდან, შპს ,,არენა მშენის'' დირექტორი გურამ გოგოლაძეა, ხოლო პარტნიორებს შორის წილები ასე გადანაწილდა: მარსა ბადალოვა - 0.2%, ალექსი ელკანიშვილი - 0.2%, არტაშ ასლამაზიშვილი - 0.2%, შპს ,,არენა'' - 99.4%.
შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ,,ვერსიამ'' შპს ,,არენა მშენის'' სატენდერო დოკუმენტაცია გადაამოწმა. სხვათა შორის, ეს კომპანია მერიის გარდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც მონაწილეობდა. თუმცა ამჯერად მხოლოდ 2015 წლის 17 ივლისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტებით დავინტერესდით. ამ დოკუმენტებს შორის საინტერესოა თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას წერილი, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,არენა მშენის'' დირექტორს, გურამ გოგოლაძეს უგზავნის.
გიორგი სოლომონია, გურამ გოგოლაძე ატყობინებს, რომ შპს ,,არენა მშენმა'', 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რომლის მიხედვით, თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გზები კაპიტალურად უნდა შეეკეთებინა. ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დარღვევის გამო, თბილისის მერია შპს ,,არენა მშენთან'' ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და კომპანიას ჯამში, 16 431 ლარის ჯარიმას აკისრებს. მოგვიანებით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ გიორგი სოლომონიას წერილში მითითებულ ჯარიმას სხვა საჯარიმო სანქციებიც დაემატა და საბოლოოდ, მერიამ ,,არენა მშენს'' საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა.
,,ვერსია'' შპს ,,არენა მშენის'' დირექტორს, გურამ გოგოლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაგვიზუსტა და იმასაც დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში, ვრცელ ინტერვიუს მოგვცემს: ,,ამ ეტაპზე, კომპანიის იურისტებთან და სპეციალისტებთან ერთად, ყველა იმ საკითხს ვსწავლობთ, რის გამოც თბილისის მერიამ ,,არენა მშენი'' დააჯარიმა. როგორც კი ოფიციალურ დოკუმენტებს შევისწავლი, გპირდებით, ინტერვიუს აუცილებლად მოგცემთ და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ''.
მანამდე კი, გოგოლაძემ, რამდენიმე, მნიშვნელოვანი დეტალი დააზუსტა. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მისმა ძმამ, შალვა გოგოლაძემ, 2015 წლის 1 მაისს ,,გზამშენი 4'' შეეძინა და რეესტრში ახალი კომპანიის სახელით დაერეგისტრირებინა, გურამ გოგოლაძემ გვიპასუხა: ,,რეზო ჩახვაშვილი ჩვენი მეგობარია. ,,გზამშენი 4''-ს საკმაოდ დიდი, 10 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ დააყადაღეს კომპანიის ქონება და ზუსტად ეს ნახეთ სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში. მოკლედ, კომპანია გაკოტრების პირას იყო და გადავწყვიტეთ, მეგობარს დავხმარებოდით, გარდა ამისა, დაგვენანა, რომ ,,გზამშენი 4'', რომელიც 1961 წლიდან არსებობს და რომელსაც საკმაოდ დიდი ბაზა გააჩნდა, გაკოტრებულიყო. ამიტომ შევიძინეთ ეს კომპანია, რომელსაც ,,არენა მშენი'' ვუწოდეთ. დაახლოებით, 160 კრედიტორი ჰყავდა ,,გზამშენი 4''-ს და მათ დავალიანებას ახლა ჩვენ ვისტუმრებთ. რაც შეეხება ჩემს ძმას, შალვა გოგოლაძეს, მას შემდეგ, რაც მინისტრის მოადგილე გახდა, ,,არენა მშენთან'' არავითარი შეხება არ ჰქონია. კომპანიას მე ვხელმძღვანელობ და სხვათა შორის, ყოფილი დირექტორი, რეზო ჩახვაშვილი ისევ აქ მუშაობს. გზების მშენებლობის მიმართულებით, რეზო საერთაშორისო დონის, ერთ-ერთი, გამორჩეული სპეციალისტია და სწორედ ამ მიმართულებით გვიწევს კონსულტაციას, მაგრამ მენეჯმენტში არ ერევა''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, რატომ შეიცვალა პარტნიორებს შორის წილების ოდენობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს და როგორ მოხდა, რომ ,,გზამშენი 4''-ის 99%-იან წილს შპს ,,გზა - 2014'' განკარგავდა, რომელიც მოგვიანებით, ჯერ შპს ,,პეგასმა'', ბოლოს კი შპს ,,არენამ'' ჩაანაცვლა, გურამ გოგოლაძემ განგვიმარტა: ,,იმის გამო, რომ ,,გზამშენი 4''-ს დიდი დავალიანება ჰქონდა და კომპანიის ქონებაც დაყადაღდა, მოვალეებმა შპს შექმნეს და 99%-იანი წილი გაიფორმეს. მოგვიანებით კი როდესაც დავალიანების მქონე და გაკოტრებული კომპანია შევიძინეთ, ცხადია, ეს წილები უკვე ჩვენ გადმოვიფორმეთ''.