იანვრიდან მწეველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ

იანვრიდან მწეველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ

ფინანსთა სამინისტრომ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა წლის ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა და ახლა ბიზნესმენები თუ მომხმარებლები ფაქტის წინაშე დადგნენ - იანვრიდან სიგარეტი გაძვირდება. ბიზნესმენები ასეთი პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან და საქმის კურსში დროულად ჩაყენებას ითხოვენ.

წელს თამბაქოს ნაწარმი უკვე ორჯერ გაძვირდა, თადაპირველად აქციზის მატების გამო, ხოლო შემდეგ ე.წ. ადვალური გადასახადის შემოღების გამოისობით. ამჯერად უკვე მესამე ეტაპი იწყება. 2016 წლის იანვრიდან აქციზი კიდევ ერთხელ მოიმატებს.

„თამბაქოს ინდუსტრია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში. როდესაც ვლაპარაკობ ჩვენს პრობლემატიკაზე, აქ არის სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობა და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის უქონლობა, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ ქვეყანაში ინვესტირების მიმართულებით გრძელვადიანი გეგმები დავსახოთ. ძალიან რთულია ამ პირობებში გრძელვადიანი პროგნოზირება და ბიზნესის დაგეგმვა“, - განაცხადა „იმპერიალ ტობაკოს“ კორპორაციულმა დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა სექტორის აქვს სხვადასხვა პრობლემა, რომელსაც აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინდივიდუალურად განიხილავდეს, უსმენდეს და გადაწყვეტილებას იღებდეს.

„აქციზის გაადასახადის გაზრდა იგეგმება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გადასახადის მატება იგეგმება უკვე 1-ლი იანვრიდან, ანუ დაახლოებით 5-6 კვირაში მოხდება. ამ დრომდე არ გავაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განაკვეთით მოიმატებს აქციზი, როგორი იქნება მისი ზრდის სტრუქტურა.

უკვე წლებია ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად შეიმუშავოს თამბაქოს აქციზის მინუმიმ 3-წლიანი განვითარების გეგმა, რაც ისევ და ისევ მოგვცემს საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპქტივაში დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. ჯერჯერობით ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არაფერია, რაც ბიზნესისთვის და იმ საინვესტიციო გარემოსთვის ხელსაყრელი არ არის, რომელსაც თამბაქოს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში ახორციელებენ“, - განუცხადა „ბიპიენს“ ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არის, თუმცა ინფორმაცია არ არის.

„ჩვენ ვხვდებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, თუმცა ინფორმაცია ვიღებთ ძალიან გვიან, უკვე მოახლოებულ პერიოდში, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია. ჩვენ თითქმის არ ვიღებთ არანაირი მონაწილეობას კონსულტაციებში“, - აღნიშნავს ნადარეიშვილი.

„ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძისთვის ცნობილია იმ ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 2015-18 წლებს მოიცავს. ამ ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, აქციზი ყოველ წელს უნდა გაიზარდოს.

„ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა არის, რომ აქციზი გაიზრდება, მაგრამ კონკრეტულად როგორ და რანაირად, ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ როგორი იქნება საგადასახადო გარემო, რეგულაციები და ა.შ. მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, რათა ჩვენი ბიზნესი ამის მიხედვით დავგეგმოთ. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ, მაგრამ მომავლის იმედი მაინც გვაქვს. რეგულაციების შესახებ ყველას წინასწარ თუ გვეცოდიება, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესგარემოს ხელს შეუწყობს“, - აცხადებს სხვიტარიძე.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში კი აქციზის გაზრდას დადებითად აფასებენ. მათი აზრით, გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავალი გაიზრდება, თამბაქოს მოხმარება შემცირდება. პირველ რიგში, ეს ეხება საშუალო ასაკის ადამიანებს, რომლებიც აქტიური მწეველები არიან.