საქართველოში კომუნიკაციების სექტორში დიდი გადაჯგუფებებია. დიდი ალბათობით 2016 წლის პირველ ნახევარში მფლობელს შეიცვლის “ჯეოსელი”, ხოლო “კავკასუს ონლაინი” ორი მობილური ოპერატორიდან ერთ-ერთთან გაერთიანდება. “თურქსელი”, “მაგთი” და “მობიტელი” დიდი ბრძოლისა და გარიგებისთვის ემზადებიან.
19 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მაგთიკომს” შპს “კავკასუს ონლაინის” კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. “მაგთიკომს” “კავკასუს ონლაინის” ყველა იმ აქტივის შეძენაზე მიეცა თანხმობა, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს. ფაქტობრივად კომისიამ ორი კომპანიის შერწმას გზა გაუხსნა.
კომისიამ “მაგთიკომის” მიერ “კავკასუს ონლაინის” კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა. მათი დასკვნა “მაგთისთვის” სასარგებლო აღმოჩნდა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტრანზაქცია არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე.
მართალია, ამ ეტაპზე “მაგთის” გზა ხსნლი აქვს, მაგრამ მას წინ რუსული “მობიტელი” ეღობება. საქმე ისაა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2015 წლის 13 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “მობიტელმა” (“ბილაინი”) და შპს “კავკასუს ონლაინმა”. ამ შემთხვევაშიც, კომპანიები “კავკასუსის” საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაზე ითხოვენ კომისიის წინასწარ თანხმობას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს “კავკასუს ონლაინი” გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს “მობიტელისთვის” გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირების გაგრძელებას ითხოვენ.
შპს “მობიტელის” და შპს “კავკასუს ონლაინის” ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას უახლოვეს მომავალში დაიწყებს. პასუხი დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი.
ამასობაში თანდათან იკვეთება მობილური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელის” მომავალი. სავარაუდოდ, მის შეძენას კომპანია “თურქსელი” მოახერხება. იგი აქციების გამოსყიდვას შვედურ-ფინური ოპერატორის “ტელიასონერასგან” გეგმავს.
თურქული ოპერატორის ხელმძღვანელი ქაან ტერზიოღლუ ადასტურებს “ტელიასონერასთან” მოლაპარაკებებს და აცხადებს, რომ გარიგება, შესაძლოა, 2016 წელს შედგეს. “თურქსელს” გააჩნია ექსპანსიის სამწლიანი გეგმა და აპირებს აქტივების შეძენას ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთსა და ცენტრალურ აზიაში, ასევე გეგმავს გახდეს თურქეთის ბაზრის ლიდერი ამონაგების მაჩვენებლით.
იმის შესახებ, რომ “ჯეოსელის” მფლობელი “თელიასონერა” საქართველოდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტაჯიკეთიდან გადის, 2015 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.