ქადაგიძის შემცვლელის შერჩევა დაწყებულია

ქადაგიძის შემცვლელის შერჩევა დაწყებულია

2-3 კვირაში ეროვნული ბანკის ახალი წევრის ვინაობა ცნობილი გახდება, ხოლო შობა-ახალი წლის შემდეგ ქადაგიძის შემცვლელის კანდიდატურაც გაირკვევა. სებ-ის ახალი პრეზიდენტის შერჩევა იოლი არ იქნება, აქ ბევრი ვარიანტი და კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს.

პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ექსპერტებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის დასახელდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კონკრეტული კანდიდატურები.

„როგორც იცით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ეწურება ვადა 2016 წლის თებერვალში. შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატი არის შესარჩევი, ანუ - ქადაგიძის ადგილმონაცვლე ეროვნული ბანკის საბჭოში. გვქონდა კონსულტაციები ექსპერტებთან. შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან დასახელდება კანდიდატურები და ჩვენ უკვე დეკემბრის დასაწყისიდან გადავალთ მსჯელობაზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

უკვე იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას.

„რაც შეეხება კრიტერიუმებს, იგი უნდა იყოს პროფესიონალი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, იმავდროულად იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ იყოს კითხვის ნიშნები, პოლიტიკურ გავლენასთან მიმართებაში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვინ შეცვლის ქადაგიძეს? 17 ნოემბრის შეხვედრაზე ქადაგიძის შემცვლელის კანდიდატურა არ დასახელებულა. ამ ეტაპზე გამორიცხულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის საბჭოს რომელიმე წევრის კანდიდატურას მომავალ პრეზიდენტად მხარი დაუჭიროს. საქმე ისაა, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ვადა სწორედ 2016 წელს გასდის (ზოგს წლის დასაწყისში, ზოგს წლის ბოლოს), ამიტომ, გამორიცხული არ არის, მთავრობამ რამდენიმე თვე კიდევ დაიცადოს.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე ვარაუდობს, რომ 2016 წლის დეკემბრამდე ქადაგიძეს მისივე გუნდის წევრი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეცვლის.

„მე ვუშვებ ამ ვერსიასაც, დროებით ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეასრულოს მესტვირიშვილმა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გიორგი მარგველაშვილი არ დაასახელებს შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე კანდიდატურას“, - აღნიშნავს კალანდაძე.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს მეშვიდე წევრს, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს თვეებში წარადგენს, პარლამენტი არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს ხელმეორედ მოუწევს ახალი კანდიდატურის მოძებნა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ფონზე, გამორიცხული არ არის, სებ-ის ახალი პრეზიდენტის და ზოგადად გუნდის შერჩევის პროცესში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის გუნდს შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგეს.

„თუ ეს მოხდა, ამ პროცესში, ცხადია, აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, რადგან რაც უნდა მოილაპარაკონ ახალი წევრისა და სებ-ის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის შესახებ, მარგველაშვილის გარეშე ვერ განხორციელდება. მოკლედ, ეს სამკუთხედი უნდა შეიკრას. თუკი სამივე მხარე იქნება პრაგმატული და გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც მოიხსნება, მაშინ ბანკის ახალ პრეზიდენტად, შესაძლოა, ვიხილოთ სრულიად ახალი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს როგორც მთავრობის და ეროვნული ბანკის ეკონომიკურ ინტერესებს, ისე რეალიზებული იქნება პრეზიდენტის პოლიტიკური ინტერესიც“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ლევან კალანდაძემ.