თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედი ერთი კვირის ვადაში გადაწყდება. როგორც ჩანს, მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და მის განხორციელებას ახალი ენერგიით აპირებს. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შემუშავებულია 3 ვარიანტი, რომელიც თბილისის მერიაში უკვე გადაგზავნილია.
პროექტი გადაწყვეტილებას უკვე დედაქალაქის მერიისგან ელოდება.
„გვაქვს კონსულტაციები მერიასთან, „საქართველოს რკინიგზამ“ რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ველოდებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მიერ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის მერია დედაქალაქის გენგეგმის შემუშავებაზე მუშაობს და ეს პროექტიც დროულად უნდა ჩაეწეროს ამ გეგმაში. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში ველოდებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
შემოვლითი რკინიგზის პროექტი თავის დროზე ექსპერტებმა დაიწუნეს, რადგანაც გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა.
„ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია, ამიტომ ჩვენ იმის ფუფუნება არ გაქვს, რომ ჩვენს რკინიგზაზე გამტარუნარიანობა შემცირდეს“, - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.
როგორც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზამ” ავსტრიული კომპანია MC Mobility Consultants GmbH-ის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზე, რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების რამდენიმე სცენარი შეიმუშავა. საქართველოს მთავრობამ თავის დროზე, შემოვლითი რკინიგზა 18 თვის ვადით დააკონსერვა და 18-თვიანი ვადა კი სექტემბრის ბოლოს ამოიწურა.
„აღნიშნული პროექტის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა“ და სს „ხიდმშენის“ ერთობლივი საწარმო. 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2012 წლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწუნა, ის შეაჩერა. საქართვერლოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის განკარგულებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თბილისის შემოვლით რკინიგზაზე შესრულებული სამუშაოების კონსერვაცია 18 თვის განმავლობაში. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა და ახლა თბილისის შემოვლითი რკინიგზა განსხვავებული მოდიფიკაციებით აშენდება.
სხვათა შორის იგივეს ადასტურებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძე. მისი თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. იგი „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებისას ხელს შეუწყობს მთლიანად რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდას.
„ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის აღნიშნულ პროექტში. პირველ პროექტს, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროინდელი, ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოიკვლიეს, რომ ეს პროექტი იყო გამოუსადეგარი იმ თვალსაზრისით, რომ ტვირთების მოცულობის მცირდებოდა მისი განხორციელების შემთხვევაში.
წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ გაჩნდა სრულიად განსხვავებული პროექტი. იგი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ზუსტად „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებას. დამატებითი ტვირთი, როდესაც წამოვა ჩინეთიდან, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი რკინიგზა იყოს უფრო გამტარუნარიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც, რომელიც დასრულდება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თურქეთს დავუკავშირდეთ და მისი მიმართულებით განვახორციელოთ გადაზიდვა რკინიგზის საშუალებით. საერთო ჯამში, ეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა, ცვლილებების შეტანის მიზნით, პროექტი 2013 წელს შეჩერდა.