მას შემდეგ, რაც კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს და გამოკითხულ კატალონიელთა 80%-მა მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა, ვითარება ესპანეთში დაიძაბა.
9 ნოემბერს კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა გადაწყვიტა, კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 18 თვის ვადაში ჩამოაყალიბოს. თუმცა არც ესპანეთი თმობს პოზიციებს და კატალონიის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოთხშაბათს უნდა მიიღოს. თუ სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელს, მაშინ რეზოლუციის მოქმედება ხუთ თვემდე ვადით შეჩერდება, რა დროის განმავლობაშიც სასამართლომ ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.
თავის მხრივ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი აცხადებს, რომ ესპანეთი კატალონიის რეგიონულ პარლამენტს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიზნის მიღწევის უფლებას არ მისცემს. რახოის აზრით, კატალონიის რეგიონული პარლამენტის მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.
კატალონიის გამოყოფის შემთხვევაში, სხვა რეგიონებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ამავეს გაკეთების სურვილი. პირველ რიგში, ეს შეეხება ბასკეთს, რომელსაც 2005 წელს უკვე ჰქონდა რეფერენდუმის ჩატარების წარუმატებელი მცდელობა. მაშინ ესპანეთის მთავრობას გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდა და ბასკ ლიდერებს რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში დაპატიმრებითაც დაემუქრა.
ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც სეცესიის (გამოყოფა, განდგომა) საფრთხის წინაშე დგას. ევროკავშირის წევრი დიდი ბრიტანეთიც ამავე საფრთხის წინაშეა. შოტლანდიელები ცდილობენ, მიაღწიონ მიზანს გაერთიანებული სამეფოს დატოვების თაობაზე.
კატალონიის მთავრობას გაცილებით გაუადვილდებოდა მიზნის მიღწევა, პროცესში მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე რომ არ იყოს ჩართული. საუბარია ევროკავშირზე. ის, რომ ესპანეთი (კატალონიის ჩათვლით) მჭიდროდ არის ინტეგრირებული ევროკავშირთან, სეცესიის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კოსოვოს პრეცედენტმა მეტად დაამძიმა პოლიტიკური ფონი მსოფლიოში, საინტერესოა, დროებით დაკარგული ტერიტორიების კონტექსტში როგორ აისახება კატალონიის მაგალითი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სამი წლის წინ კატალონიელები არ სცნო ესპანელებისგან დამოუკიდებელ ერად. ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება და საკონსტიტიციო სასამართლომ მაშინ აღიარა, რომ კატალონიელები იგივე ესპანელები არიან.
„კატალონია ძალიან მდიდარი რეგიონია და მათი პრეტენზია სწორედ ის არის, რომ ისინი ინახავენ დანარჩენ ესპანეთს. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის ინიციატორია ფეხბურთის გუნდი „ბარსელონა“. გამოდის, რომ „ბარსელონის“ მეპატრონე ესპანეთის პირველი სეპარატისტია. დღესაც კატალონიის გამოყოფის სურვილს შედეგი არ მოჰყვება, რადგან ევროპა ცოტა აზრზე მოვიდა. მაშინ ამერიკელების ხუშტური იყო კოსოვო და, თუ როდისმე დადგება საკითხი ნობელის პრემიის უსამართლოდ გაცემაზე, ალბათ, ყველაზე უსამართლო იყო, რომ ფინელმა მარტი აჰტისაარმა კოსოვოს დამოკიდებლობის განმტკიცებისათვის მიიღო ნობელის პრემია. კოსოვო ჯერ კიდევ არ მოუნელებია ცივილიზებულ ევროპას. კატალონიაში მსგავსი რამ რომ მოხდეს, მაშინვე დაიშლება ბელგია, რადგან ბელგიაში უფრო მწვავედ დგას ეს საკითხი, ვიდრე კატალონიაში. იქ ყველაფერი გაყოფილია, ნახევარი ბელგია ფლამანდურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე ნახევარი-ფრანგულად. რასაკვირველია, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება ჩრდილოეთ იტალიის პროვინციაში, არ არის გამორიცხული, ჩრდილოეთ საფრანგეთში- ბრეტანმაც მოითხოვოს დამოუკიდებლობა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონის დროს, იქ საშინელებები დატრიალდა. საერთოდ, სეპარატიზმი 21-ე საუკუნის ალოგიკური მოვლენაა, ადამიანის უფლებები ევროპაში მაღალ დონეზეა აყვანილი და ყველას ყველაფრის უფლება აქვს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და საქართველოსთან მიმართებით განმარტავს, რომ ჩვენთვის პრეცედენტებს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
კერძოდ, ჩვენთან უნიკალური შემთხვევაა, რომ სეპარატიზმის ზურგს უკან დგას მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ზესახელმწიფო - რუსეთი და ბირთვული ომის რისკზე საქართველოს გულისთვის არავინ წავა. სოსო ცინცაძის თქმით, აქ არავინ არაფერს ეკითხება აფხაზებსა და ოსებს და ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა რომ თქვას, მორჩა, მე აღარ ჩავერევი ამ პროცესებშიო, აფხაზები და ოსები მაშინვე ხვეწნას დაგვიწყებენ, ცოტა მეტი უფლებები მოგვეცით და თქვენთან ვიქნებითო.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთან შედარებით, კატალონიაში კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა. კატალონიაში არ მომხდარა დაპირისპირება, საომარი მოქმედებები, იქიდან არ გაუყრიათ ლტოლვილები.
„დიდი სიამოვნებით დავეთანხმებოდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასეთი რეფრენდუმების ჩატარებას, თუკი ძალისმიერად იქიდან გამოყრილი ლტოლვილები დაბრუნდებოდნენ და ხმის მიცემის უფლება ექნებოდათ. ჯერ საქართველოში უნდა აღდგეს სტატუს-კვო, უნდა დაბრუნდეს ყველა დევნილი, ვინც იქ ცხოვრობდა და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი. თორემ, ქართველებს რომ გაყრი და მერე იქ რეფერენდუმს ჩაატარებ, ცხადია, სეპარატისტებისთვის სასურველ შედეგს მიიღებ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა ყოველგვარი რეფენდუმების გარეშე აღიარა. როგორც წესი, რუსეთი შემოდის ტანკით და საქართველოს არ ძალუძს, რუსეთის სამხედრო მანქანას წინააღმდეგობა გაუწიოს. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა დღესაც შეეცდება კატალონიის მაგალითის გამოყენებას, მაგრამ ეს რეალობას ვერ შეცვლის, რადგან ჩვენთან ჯერ მოხდა ამ ტერიტორიების ანექსია და შემდეგ- მათი ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. რახან ეს საფრთხე გაჩნდა, ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უკვე უნდა დაიწყოს ამ თემის აქტუალიზაცია მანამ, სანამ რუსული პროპაგანდა დაიწყებდეს ამის გამოყენებას სათავისოდ“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი იზიარებს მოსაზრებას, რომ კატალონიასთან მიმართებით გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის, ევროსაბჭოს დამოკიდებულება. აღიარებს კი კატალონიის დამოუკიდებლობას ევროპის ქვეყნები და გაერო?!