ჩინოვნიკების ხელფასები ისევ იზრდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამთავრობო უწყებების შრომითი ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება, რამაც უკვე დაიმსახურა ცალკეულ ექსპერტთა კრიტიკული შეფასება. ცხადია, ასეთი ტონი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს არ მოეწონა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, იმ ექსპერტს, რომელმაც კრიტიკა გამოხატა, ბიუჯეტში ჩაეხედა. თუმცა ბიუჯეტში ჩახედვა რომ არ არის საკმარისი და სამთავრობო უწყებებში შრომის ანაზღაურების პერმანენტულ მატებას რომ მეტი დასაბუთება სჭირდება, ამას ეკონომიკის პროფილის სხვა ექსპერტებიც ადასტურებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა.
თქვენც გიჩნდებათ კითხვის ნიშნები, რომ 2012 წელთან შედარებით, ცენტრალური ხელისუფლების შრომის ანაზღაურება 389 მილიონი ლარით გაიზრდება?
- თანხები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით უნდა გაიზარდოს და არა-ხელფასების კუთხით. მით უმეტეს, ფინანსთა მინისტრმა ვერ დაასაბუთა იმის აუცილებლობა, თუ რატომ ხდება ხელფასების გაზრდა. კი, გასაგებია, ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო მოხელეს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ დღევანდელი ბიუჯეტით გაწერილი ხელფასები ისედაც ძალიან მაღალია ქვეყანაში მოქმედ საშუალო ხელფასთან შედარებით, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურად დაუცველთა შემოსავლებზე. დასაბუთებაც არ ჩანს, რისთვის არის საჭირო ხელფასების ზრდა. უკეთესი იქნებოდა, ხელფასებთან დაკავშირებით ქამრების შემოჭერის პოლიტიკა შეემუშავებინათ. თუმცა 2016 წლის არჩევნებს ხელისუფლება ეჭვის თვალით არ უყურებს. ალბათ, თვლიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც მიიღებენ არჩევნებში. ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამის სხვა ახსნა შეუძლებელია. მით უმეტეს, ვიმეორებ, ფინანსთა მინისტრსაც კი რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რისთვის არის ხელფასების ზრდა საჭირო, არ მოუტანია. თუმცა ერთია ნათქვამი და მეორეა მისი შესრულება. შეიძლება, მოხდეს ხელფასების შემცირებაც. ხშირია შემთხვევა, როცა ბიუჯეტთან დაკავშირებით რაღაც თემას შემოაგდებენ, საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და შემდგომ ისევ ძველ ნორმას უბრუნდებიან. იმედი მაქვს, ხელისუფლება ხელფასებს არ გაუზრდის თავის ჩინოვნიკებს, საჯარო და სახელმწიფო მოხელეებს და ამ თანხებს გადაისვრის სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.
ცენტრალური ხელისუფლებისთვის თანხის ზრდას ფინანსთა მინისტრი იმითაც ხსნის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან სახანძრო და სამაშველო სამსახურების დაფინანსება გადმოდის ცენტრალურ ბიუჯეტში და, ასევე, 2016 წელი საარჩევნო წელია და, შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება.
- ეს არ არის არგუმენტი, რომელიც გაამართლებს სამაშველო და სახანძრო სამსახურების დაფინანსების ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოტანას. ის თანხა შეიძლება, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გადმოჰყვეს, ან თანხები გამოთავისუფლდეს. რაც შეეხება საარჩევნო წელს, გასაგებია, 2016 საარჩევნო წელია, მაგრამ საქართველოში, პრაქტიკულად, ყოველი წელი თუ არა, მეორე წელი მაინც საარჩევნო წელია - ხან საპრეზიდენტო, ხან ადგილობრივი თვითმმართველობის, ხანაც საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამიტომ სჯობს, სტაბილური თანხები მისცენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, წინასწარ ჰქონდეთ დაგროვილი ტექნიკური და მატერიალური მარაგი და არა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლისთვის. ამ თანხების თანდათანობით გადანაწილება შეიძლებოდა და 2016 წელს ოდნავ მომატებული ბიუჯეტი ექნებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მაგალითად, ავიღოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელსაც თანხები მუდმივად ეზრდებოდა და დღესაც აქვს შესაბამისი დაფინანსება. ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევნებს ატარებს და ისიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავლით, ანუ საპარლამენტო და ადგილობრივი უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთსა და იმავე დროს იმართება. ამიტომ უკეთესი იქნება, მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, ბიუჯეტის დაზუსტება რეალური ხარჯების გათვალისწინებით და არა ხარჯების ფლანგვით, როცა რაღაცას მოიფიქრებენ და შემდგომში სახელს დაარქმევენ. ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ შეგვეძლოს ჩინოვნიკების ხარჯების გაზრდა და მათი ფუფუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტისგან ითხოვს, 120 მილიონი ლარით გაზარდონ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ეს თანხები ისევ ჩინოვნიკებს მოემატებათ?
- ხადური სთხოვს პარლამენტს, გაითვალისწინოს საგადასახადო შემოსავლების ნაწილში 120 მილიონი ლარით ზრდა. ეს ნორმალური სიტუაციაა, რადგან, თუკი ქვეყანა ვითარდება, საგადასახადო შემოსავლებიც დინამიურად მზარდი უნდა იყოს. მაგრამ ეს თუ ისევ ჩინოვნიკებისთვის მიიმატეს, მაშინ არანაირი ეფექტი არ ექნება. თუ გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები ინფრასტრუქტურისკენ, სოციალური სფეროსკენ და სხვა მატერიალური რესურსების შექმნისკენ მიიმართება, ეს მისასალმებელი იქნება. რაც უფრო გაიზრდება საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილი არასაგადასახადო შემოსავლებთან მიმართებით, უკეთესია ქვეყნისთვის.
საქართველოში 900-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა, სადაც 116 ათასამდე კაცია დასაქმებული და 9-მილიარდიანი ბიუჯეტიდან მათი ხელფასისთვის 1,5 მილიარდი ლარი იხარჯება. რამდენად მაღალია ეს ციფრი თუნდაც იმავე 700 ათას პენსიონერითან მიმართებით, რომლებისთვისაც დაახლოებით ამდენივე თანხა იხარჯება?
- ესეც მახინჯი გამოვლენაა, როცა ყველას გული სახელმწიფო და საჯარო სამსახურისკენ მიუწევს. როდესაც უნივერსიტეტდამთავრებულ პირს ალტერნატივა გაუჩნდება, კერძო საქმე დაიწყოს, თუ საჯარო სამსახურში შევიდეს, ყოველთვის საჯარო და სახელმწიფო სამსახურს ირჩევს, რადგან იქ ხელფასები მაღალია, პლუს დანამატები და პრემიებია. წამყვანი სპეციალისტის ხელფასი 1000-1200 ლარია. ქართველები ამბიციური ხალხი ვართ და ყველას ჩინოვნიკობა უნდა, ესეც იმის გამოვლინებაა, რომ საჯარო მოსამსახურეთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. რასაკვირველია, არაადეკვატურია 700 ათას პენსიონერზეც იმდენი იხარჯებოდეს, რაც 116 ათას საჯარო მოხელეზე. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ საუბარია ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაზე ან იაპონიაზე. სინამდვილეში, არ სჭირდება საქართველოს ამდენი საჯარო თუ სახელმწიფო მოხელე, მათი განახევრება ჩვეულებრივ დასაშვებია. ადგილობრივი თვითმმართველობებიც ხშირად შტატებს უმატებენ, რომ ვინმე დაასაქმონ. თუ ვინმე იტყვის, რომ საჯარო სამსახურებში შტატების დამატებით უმუშევრობა მცირდება, ეს არ არის რეალობა.
თქვენი აზრით, რას მოხმარდება ეს ნამატი 57 მილიონი ლარი და რა დამატებითი ღირებულება შექმნა ცენტრალურმა მთავრობამ, როცა ამხელა სახელფასო ბიუჯეტი დაინიშნა?
- საჯარო და სახელმწიფო სექტორს ისეთი მნიშვნელოვანი ნამდვილად არაფერი შეუქმნია. საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა შარშან იყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ამიტომ ეს თანხებიც, შეიძლება ითქვას, არამიზნობრივად დახარჯული თანხებია, მორგებული მხოლოდ ჩინოვნიკებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმჯობესი იქნება ამ თანხების გადანაწილება კერძო და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, ვიდრე რამდენიმე ათეულ ათასი ჩინოვნიკის ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
ეს 57 მილიონი, ნაწილობრივ, კერძო ბიზნესსაც ტვირთად დააწვება?
- კერძო ბიზნესს ვერა, მაგრამ რიგით მოქალაქეს დააწვება, რადგან ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ფორმირდება ზოგადად ბიუჯეტი. ეს თანხები სად წავა, ამას ცალკეული უწყებების შიდა ბიუჯეტის ღრმა ანალიზი სჭირდება.