სამომავლოდ საქართველო შეიძენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაბის ფუნქციას. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საქართველოს რკინიგზა „Viking Train“-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში ქალაქ ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.
პროექტში საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძად საქართველოს გადაქცევისთვის.
თბილისში, სასტუმრო „მერკურში“ საერთაშორისო სატრანზიტო პროექტ „კომბინირებული მატარებელი -„ვიკინგი“-ს („Viking Train“) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა.
კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი „Viking Train“ წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსიის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვისა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებლის, „ვიკინგის“ რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ბალტიის ზღვა-შავი ზღვის“ მიმართულებით საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდვების სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის, საკონტეინერო და საკონტრეილერო მატარებლების მარშრუტების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.
რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა ბახტაძე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველო პროექტ „ვიკინგის“ ინიციატივას შეუერთდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიის ზღვის ქვეყნები დაუკავშირდნენ შავი ზღვის აუზს.
„აღნიშნულ პროექტში უკვე გაწევრიანებულია რვა ქვეყანა. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან აზერბაიჯანიც მიუერთდეს ამ პროექტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს დავუკავშიროთ შუა აზიის ქვეყნები. პროექტი თავისი შინაარსით მართლაც სტრატეგიულია თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის. გადაზიდვის ბუნება შედარებით ართულებს სატრანსპორტო ოპერაციების დაგეგმვას, თუმცა იმის გამო, რომ მანძილი კლასიკურ საზღვაო მარშრუტთან შედარებით ორჯერ მცირეა, კლიენტების მხრიდან არსებობს ხელშესახები ინტერესი. ვფიქრობთ, მომავალი წლების განმავლობაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტვირთბრუნვა გაორმაგდება. ჩვენი აზრით, ის ტვირთბრუნვა, რომელიც არსებობს შუა აზიის ქვეყნებსა და ჩრდილეთ ევროპას შორის, ასევე, შუა აზიის ქვეყნებსა და ბალტიის აუზის ქვეყნებს შორის, ამ ტვირთბრუნვის დაახლოებით 15 % გაივლის პროექტ „ვიკინგის“ ფარგლებში“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის- საულიუს გირდაუსკასის თქმით, ის, რომ ცოტა ხნის წინ საქართველო „ვიკინგის პროექტს“ მიუერთდა, პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. დღეს კი მთავარი ამოცანაა, აღნიშნულ პროექტს მიუერთდეს აზერბაიჯანის რკინიგზაც. ამ ჯაჭვით შესაძლებელი იქნება შეუერთდნენ სკანდინავიის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები, ბელორუსია, უკრაინა და, ცხადია, აზიის ქვეყნები.
„ერთი მხრივ, აქ ბევრი მონაწილე იქნება, სადაც დიდი ყურადღება დაეთმობა ტვირთების გადაზიდვას სარკინიგზო ტრანსპორტით, მეორე მხრივ, არსებობს შესაძლებლობა, შავი ზღვიდან ტვირთის ნაკადი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდეს. ყველა სარკინიგზო გზა ადასტურებს, რომ ქვეყნები მუშაობენ და პოულობენ ახალ შესაძლებლობებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ზრდა პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანაზე აისახება. მართალია, სანქციების გამო ტრანზიტი ზოგან ჩერდება, მაგრამ ლიტვისთვის 2015 წელი მაინც რეკორდული წელია. ამიტომაც ვავითარებთ პროექტს, რომ ახალი გზები მოვნახოთ“, - აცხადებს საულიუს გირდაუსკასი.