„ზაქარეიშვილის ავანტურა, ანუ პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივას, რომ საქართველო „მზად არის“ განიხილოს ფედერაციული სახელმწიფო მოწყობის შემოღების საკითხი, რაც აფხაზეთისთვის განსაკუთრებულ სტატუსს გულისხმობს.
For.ge-სთან საუბარში ნოდარ ნათაძე განმარტავს, რომ ეროვნული მოძრაობის წევრები უახლოეს ხანში თავად წარადგენენ აფხაზეთის მოწყობის მოდელს და ამ საკითხში „ნაძირალების“ ჩართვა საჭირო არ არის. კერძოდ, ნოდარ ნათაძე განმარტავს, რომ „ოთხმა ნაძირალამ“ წლების წინ გაზეთ „24 საათში“ გამოაქვეყნა პროექტი საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ, რომელიც სინამდვილეში იყო პრიმაკოვის გეგმა და გულისხმობდა კონფედერაციას, ანუ სახელშეკრულებო სახელმწიფოს. ამ გეგმის მიხედვით, საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი უნდა გაერთიანებულიყო ერთ სახელმწიფოში, რომელიც იმ წუთშივე დაიშლებოდა, როგორც კი ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი მონაწილე იტყოდა, აღარ მინდა ამ სახელმწიფოს შემადგენლობაშიო.
„ეს არის ამ ნაძირალების გეგმა. ამ გეგმას ხელს აწერდა ორი რესპუბლიკელი (პაატა ზაქარეიშვილი, ივლიანე ხაინდრავა) და ორი კიდევ შევარდნაძის გუნდიდან, მათ შორის, ერთი იყო დავით ბაქრაძე, რომელიც შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. მეოთხის ვინაობა აღარ მახსოვს. ეს ნიშნავს არათუ საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, არამედ კონფედერაციას. პრიმაკოვის გეგმა სწორედ კონფედერაციაა. ზაქარეიშვილი რომ ამბობს, საქართველო ამისთვის მზად არისო, ეს ხომ უზურპაციაა. ვინ გდია ზაქარეიშვილი, რომ საქართველოს სახელით ილაპარაკოს?! რას წარმოადგენს?! ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმის სახით. სანამ რეფერენდუმი არ ჩატარებულა, არავის აქვს უფლება, ამ თემაზე რაღაც პოზიტიური თქვას.
ჰკითხეთ ერთი აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, ვინ არის პაატა ზაქარეიშვილი. ჩვენ გვაქვს გეგმა და გაიზიარებენ თუ არა აფხაზები ამ გეგმას, ეს აუცილებელი არც არის, ვინაიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია, ხელუხლებელი ბუნებიდან დაწყებული, განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციით დამთავრებული, ქართველი ეთნოსის მიერ არის შექმნილი, აფსუა ეთნოსის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. მე-16-17 საუკუნიდან გადმოვიდა აფსუა ხალხი ჩრდილო კავკასიიდან და დასახლდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ძირითადად, მშვიდობიანად გადმოვიდნენ, რადგან გაწყვეტილი იყო აქაური მოსახლეობა. აფხაზეთი მუდამ იყო ვასალი ოდიშის მთავრის დადიანისა, ან იყო ვასალი უშუალოდ იმერეთის მეფისა. თავის მხრივ, დადიანიც იმერეთის მეფის ვასალი გახლდათ“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ ჩვენთან საუბარში.
ამასთან, განმარტა, აფხაზთა სამეფო აფსუაენოვანი რომ ყოფილიყო, საამისოდ არანაირი კვალი არ არსებობს ბუნებაში. სამაგიეროდ, ქართულენოვანი რომ იყო, ამის არაპირდაპირი საბუთი არის.
მე-8 საუკუნეში, გრიგოლ ხანძთელისგან გამოქცეული ორი მოწაფე, ბერები - თეოდორე და ქრისტოფერე მიადგნენ აფხაზეთის მეფეს და აფხაზთა მეფემ სთხოვა მათ, მობრძანდით, აარჩიეთ ადგილი, სადაც გინდათ და მონასტერი დამიარსეთ, რადგან მე დაინტერესებული ვარ, ბერძნული წირვა-ლოცვის ნაცვლად, ქართული შემოვიტანოო. ამით მტკიცდება, რომ აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობა ყოფილა.
ნოდარ ნათაძე თვლის, რომ ეს საბუთები საკმარისია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ქართველი ერის ავტოქტონურობის დასამტკიცებლად. ასე რომ, უპირობოა საქართველოს სახელმწიფოს უფლება, განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი იურისდიქცია. ამისთვის აფხაზი სეპარატისტების არავითარი თანხმობა არ გვჭირდება.
„ეს აფსუა ხალხი გადმოვიდა, დასახლდა ფეოდალურ ქვეყანაში - საქართველოში და ფეოდალური ცნობიერება შეითვისა, რომლის ერთ-ერთი ელემენტია ერის ცნება. აფსუებმა გადაიაზრეს თავიანთი თვითიდენტიფიკაცია და ფსიქოლოგიურად მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ, ვინც გადმოვსახლდით, ანუ აფსუა ხალხი, ვართ სხვა ერი, ვიდრე ჩრდილო კავკასიაში დარჩენილი ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები. ისინი მათ გამოეყვნენ, უკვე ცალკე არიან, ამიტომ, რაკი ცალკე არიან და კომპაქტურად ცხოვრობენ, მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეკუთვნით, ააშენონ თავიანთი საზოგადოება, ისე რომ კონსტიტუციას არ შეეწინააღმდეგონ. ეს ქართველების მორალური მოვალეობით აიხსნება და არა - აფსუების დამსახურების გამო“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე და შეკითხვის საპასუხოდ, ზაქარეიშვილის გეგმა ამერიკასთან შეთანხმებული ხომ არ არის, განმარტავს, „როგორ უნდა იყოს ამერიკასთან შეთანხმებული, როცა არც ამერიკა და არც მსოფლიო არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას?!
„განა რუსეთის გეგმა მსოფლიომ არ იცის? რუსეთის გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიაა. რუსეთს ეს იმისთვის კი არ სჭირდება, რომ მანდარინი ჭამოს და ზღვაზე იგორავოს, არამედ სურს, რომ მოიპოვოს ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფოს სტატუსი. ანუ რუსეთს უნდა, გახდეს ამიერკავკასიური სახელმწიფო. მისი მიზანია, ათწლეულობით გადაკეტოს დასავლეთის გზა ცენტრალური აზიისკენ“.
ის, რომ ზაქარეიშვილის გეგმა პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობაა, ამ აზრს იზიარებენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრებიც: მამუკა გიორგაძე, თენგიზ დიხამინჯია, პაატა კოღუშვილი, თეიმურაზ მჟავია, ნიკოლოზ სანებლიძე და მიხეილ ჯიბუტი. ისინი აცხადებენ, რომ „ფედერალური სახელმწიფოს მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზება.
მათი აზრით, ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ შეგნებულად უარყო საკუთარი თავისი დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით: ქუჯი ერისთავმა არა მარტო თავისი ძალაუფლება, არამედ თავისი დინასტიის ძალაუფლებაც დათმო, როცა თავისი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა. ისტორიაში ეს თითქმის უნიკალური აქტი განაპირობა შეგნებამ, რომ საქართველოს ერთი მოდგმის მოსახლეობა ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა მტერს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურად რთულ სივრცეში, თუკი ერთიანი სახელმწიფოებრიობა არ იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩატარებულია ეთნიკური წმენდა და ქართული მოსახლეობის გენოციდი (რომლის პატიების უფლებაც არცერთი ქვეყნის არცერთ კანონს არა აქვს), არც საქართველოს სახელმწიფო, არც ქართველი ერი არ მიიჩნევს დასაშვებად, რომ დაკნინდეს აფსუა (აფხაზი) მოსახლეობის სტატუსი მოზარდი და მომავალი თაობებისთვის. აფსუა (აფხაზი) ხალხი ჩვენი სისხლითა და ენით მონათესავე კავკასიელი ხალხია და ჩვენი სახელმწიფო, რომლის განუყოფელი ნაწილიც ეს ტერიტორიაა, მუდამ იყო და იქნება“, - აცხადებენ პარლამენტის ყოფილი წევრები.