9 ნოემბერს, გაზეთ “ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა ამავე გაზეთის ჟურნალიტთან მაყვალა ბერიანიძესთან ინტერვიუ, რომელშიც ბერიანიძე ამტკიცებს, რომ 2006 წლის მარტში სანდრო გირგვლიანის წამების ამსახველი ვიდეომასალა საკუთარი თვალით ნახა. ჟურნალისტის განცხადებით, შემზარავი ვიდეომასალა შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილემ, დაზვერვის ყოფილმა უფროსმა ავთანდილ იოსელიანმა აჩვენა, რომლის ოჯახიც “შარდენ-ბარის“ მფლობელი იყო.
რამდენად შესაძლებელია ოქროყანის წამების ამსახველი კასეტა ჰქონოდა იოსელიანს და რა მიზნით აჩვენებდა “ასავალ-დასავალის“ რიგით ჟურნალისტს? სად გაქრა 2006 წლის 28 იანვრის ღამეს “შარდენ-ბართან“ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ბარში შესულ და გამოსულ ადამიანებს აფიქსირებდა? “შარდენ-ბარის“ შიგნით ერთადერთმა კამერამ რატომ ვერ დააფიქსირა არსებული ვითარება და რა ჩვენებები მისცეს მომხდარიდან მალევე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული გამოძიების ფარგლებში “შარდენ-ბარის“ თანამშრომლებმა, რომელიც მაშინდელი გამოძიების ვერსიას ეწინააღმდეგებოდა? ამ და 28 იანვრის ღამეს, “შარდენ-ბარში“ მომხდარ სხვა დეტალებზე გვესაუბრება ნინო იოსელიანი, ავთანდილ იოსელიანის შვილი.
- მამაჩემს კასეტა თუ ჰქონდა წამების ამსახველი კადრებით, არ ვიცი. არასდროს არ უთქვამს ამის შესახებ და არც იტყოდა, ალბათ. ამ ინტერვიუში ამოვიკითხე, თითქოს, ავთო იოსელიანი განიცდიდა იმას, რომ, ვითომ არასწორი ჩვენებები იყო ამ საქმესთან მიცემული, რაც არის ტყუილი, ან შეიძლება ქალბატონმა მაყვალამ არ იცის ამის შესახებ, რადგანაც “შარდენ-ბარის“ ბარმენი, მიმტანები და თანამშრომლები დაიკითხნენ და მათ მოყვნენ ის ისტორია, ზუსტად რაც მოხდა.
“შარდენ-ბარის“ თანამშრომლების ჩვენებები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი გამოძიების ოფიციალურ დასკვნას. ამ ადამიანებმა, ჯერ კიდევ მაშინ, გარკვევით დააფიქსირეს შსს ს ყოფილი მაღალჩინოსნების ბარში სტუმრობა, ამავე დროს - სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის ბარში მისვლა. ისიც, მაღალჩინოსნების სუფრიდან გირგვლიანის მაგიდასთან დროებით როგორ გადაჯდა თათია მაისურაძე, თუმცა მიმტანებს შელაპარაკება არ გაუგიათ, ტამტამები, ცოცხალი მუსიკა იყო და წარმოუდგენელი იყო ელემენტარულად ერთმანეთის საუბრის ხმის გაგებაც. არ მესმის, მამას საკუთარი თავის დასაცავად რატომ შეიძლებოდა დაჭირვებოდა ოქროყანის წამების კასეტის მოპოვება, თუკი ეს რეალურია. მამაჩემს არაფერი არ ჭირდა, რომ თავი დაეცვა. მე ვიყავი “შარდენ-ბარის“ მფლობელი და მეპატრონე და არა მამაჩემი. ის მოდიოდა როგორც სტუმარი.
იმ დღეს მე არ ვიყავი ქალაქში. მომხდარი პრესის საშუალებით გავიგეთ. ვფიქრობ, ალბათ, მასალა იმ ადამიანებმა გადაიღეს ვინც აწამეს სანდრო. არაერთხელ მომხდარა, რომ ეს ადამიანები ასეთ საქციელებს ჩადიოდნენ და შემდეგ კამერით აფიქსირებდნენ, მაგრამ მამაჩემის ხელში როგორ ჩავარდა ეს ინფორმაცია, ან ჩავარდა თუ არა, ამაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მაგ პერიოდში მამაჩემი უკვე თანამდებობაზე აღარ იყო, მაგრამ კონტაქტები, დარწმუნებული ვარ, ექნებოდა, რადგანაც წლების მანძილზე დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო. შემდეგ, რატომ დაჭირდა რომ ქალბატონი მაყვალა ენახა, ეს კასეტა მისთვის გადაეცა, ან საერთოდ რა მოხდა, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სამწუხაროდ, მამაჩემი ცოცხალი აღარ არის და ვერც ვკითხავ. საინტერესოა, აქამდე რატომ არ ითქვა ამ ფირზე არაფერი და ახლა რატომ გადაწყვიტა ქალბატონმა ამის მოყოლა.
ოქროყანაში გირგვლიანთან ერთად ნაწამებმა ლევან ბუხაიძემ ეჭვი შეიტანა, რომ ავთანდილ იოსელიანს ოქროყანაში წამების ამსახველი ფირი ჰქონოდა, თუმცა ბუხაიძე ამბობს, რომ იოსელიანს ჰქონდა “შადენ-ბარის“ გარე სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომელიც ბარში შემსვლელთა კადრებს აფიქსირებდა, თუმცა ეს ვიდეომასალა მაშინ გაქრა.
- “შარდენ-ბარში“, ბარის თავზე იყო დამონტაჟებული კამერა, რომელიც არ იწერდა. ეს იყო მენეჯერისთვის, რომ ეკონტროლებინა ბარის სიტუაცია, თანხა სადაც ტრიალებდა და მეტი არაფერი. ეს კამერა მხოლოდ სალარო აპარატს უყურებდა. ამ შიდა კამერას რომც ჩაეწერა, სავარაუდოდ, ბარის სტუმრებს ვერ გადაიღებდა. გარდა ამისა, “შარდენ-ბართან“, გარეთ, დამონტაჟებული იყო კამერები, რომელიც უკვე ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა. თუ არ ვცდები შპს „გორგასალი“ იყო, რომელსაც ჰქონდა და დღემდე აქვს კამერები დამონტაჟებული შარდენის ქუჩაზე. ეს კამერები აკონტროლებდნენ ქუჩაში სიტუაციას, იმასაც, ბარში ვინ შედის და ვინ გამოდის. მარტო “შარდენ-ბარში“ არა, სხვა ბარებშიც. მანდ იყო დაცვის სისტემის ერთიანი მექანიზმი და ყველა ობიექტზე იყო ერთი დაცვა, ეს კამერები უკვე იწერდნენ. ნამდვილად ვიცი, რომ იწერდნენ, რადგანაც ჩვენ შარდენ ბარის წინ ყვავილები გვქონდა, ხშირად გვპარავდნენ ხოლმე და ეს კამერები აფიქსირებდა ვინ იპარავდნენ ამ ყვავილებს.
აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ იწერდნენ. წესით ამ კამერებს უნდა დაეფიქსირებინა, თუ ვინ შევიდა “შარდენ-ბარში“, თორემ შიგნითა სიტუაციას ეს კამერა ვერ დაინახავდა. წინა გამოძიებასაც, რამდენი წელი გავიდა, ეს უნდა გამოეძიებინა და ეს მასალა ამოეღო. მე ვიხდიდი ფულს, რომ დაცვა მყოლოდა ამ კომპანიიდან. ისინი აკონტროლებდნენ, მე არ მომცემდნენ, რადგან ის ჩემი ტერიტორია არ იყო, ქუჩის პერიმეტრი იყო. კამერების გარდა გარე დაცვის პერსონალიც მათი იყო. მომსახურებაში ვუხდიდით თანხას. შეიძლება, გააქრეს, არ უნდოდათ დაფიქსირება, რომ ეს ადამიანები ბარში იყვნენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვისი დაკვეთით და როგორ იყო ეს გაკეთებული.
თქვენ ფულს უხდიდით დაცვის კომპანიას, უფლება არ გქონდათ გენახათ თქვენს კაფეში ვინ შევიდა, ან კაფესთან რა მოხდა?
- არა, ეს უნდა მოითხოვოს შესაბამისმა ორგანოებმა, მე, როგორც მოქალაქეს, არ შემიძლია.
ყვავილები რომ დაიკარგა, მაშინ გაჩვენეს?
- დაცვამ მითხრა, ეგ დაფიქსირებულიაო. ვიღაცეები იპარავენ, მაგრამ რომ გითხრათ, ხარისხიანი კადრები იყო და გარკვევით დაინახავდი სახეს, ნაკვთებს - არა.
რაც შეეხება დაცვას, თქვენი ბარის დაცვის თანამშრომლებმა თავიდანვე მისცეს თუ არა ჩვენებები და რა ფაქტობრივი გარემოებები დააფიქსირეს?
- ჩემი დაცვის თანამშრომელიც დაიკითხა და დააფიქსირა, რაც დაინახა, რომ ეს ადამიანები იმყოფებოდნენ “შარდენ-ბარში“ და არანაირი ინციდენტი შიგნით არ მომხდარა. ისიც თქვეს, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გირგვლიანი და მისი მეგობარი ბარიდან როგორ გამოვიდნენ. სანდროზე და მის მეგობარზე ადრე ბარში სალაყაია, მელნიკოვი, სანოძე, დონაძე, ახალაია და მათი სუფრის სხვა წევრები იყვნენ, რომლებიც სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ბევრი დადიოდა ჩვენ ბარში, დაბადების დღეებს, სხვადასხვა ღონისძიებებს აღნიშნავდნენ. მაშინ ძალიან პოპულარული იყო. სანდრო და მისი მეგობარი რომ მოვიდნენ, განცალკევებით დასხდნენ. დაცვა გარეთ იდგა, ფეისკონტროლი გვქონდა, მისი მოვალეობა გარეთ დგომა იყო, თუ რამე ინციდენტი არ მოხდებოდა შიგნით.
შელაპარაკება ორი სუფრის წევრებს შორის შიგნით მყოფ პერსონალს არ გაუგია?
- შეისაძლოა, პერსონალს ახსოვდეს, ვინ ვის დაელაპარაკა, ერთ-ერთი გოგონა, სანდროს მეგობარი, თათია მაისურაძე, რაღაცა პერიოდი სანდროს მაგიდაზე გადმოჯდა და დაბრუნდა ისევ იმათ მაგიდაზე. თანამშრომლები ყვებოდნენ, დაძაბული სიტუაცია და ჩხუბი არ გაუგიათ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი აღვწერეთ. ახალი გამოძიება რომ დაიწყო, ჩემი დაც დაკითხეს, რომელიც მართალია იმ დღეს ბარში არ იყო, მაგრამ თანამშრომლებმა რაც გადასცეს, გამოძიებას ის უამბო. დირექტორად მუშაობდა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ირინა ენუქიძემ დედას დაურეკა და მადლობა უთხრა სიმართლის მოყოლისთვის.
მაშინ გამოძიება მიდიოდა იმ ვერსიით, თითქოს ბარიდან გამოსულ გირგვლიანს კარებში ალანია შეეფეთა და მოხდა ინციდენტი, რასაც ოქროყანაში გატაცება მოჰყვა. სუფრაზე მყოფ შსს ს ყოფილ მაღალჩინოსნებს კი გირგვლიანის წამებასთან შეხება არ ჰქონდათ.
- არა არავინ არ შეფეთებია, ეგ ტყუილია! ლესელიძეზე თუ შეეფეთა, არ ვიცი, მაგრამ ბარიდან რომ გამოვიდა, არავინ არ შეფეთებია. მამაჩემი ეუბნებოდა ყველას, ნუ გეშინიათ, უნდა თქვათ სიმართლე, რაც დაინახეთ თქვენი თვალებით, რაც მოხდა და რაც იცით. ბუხაიძე და გირგვლიანი ბარიდან რომ გამოვიდნენ ლესელიძისკენ წავიდნენ.
თქვენს თანამშრომლებზე იყო მცდელობები, რომ შეეცვალათ ჩვენებები, იმიტომ რომ აშკარად წინააღმდეგობაშია მათი ჩვენებები მაშინდელ ოფიციალურ დასკვნასთან?
- არ ყოფილა, შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ მამაჩემი საკმაოდ ძლიერი ფიგურა იყო ყოველთვის და ასე პირდაპირ ვერ გაბედეს. ავთო იოსელიანი არ იყო ისეთი, რომ ეთქვათ, თქვენმა თანამშრომლებმა ჩვენებები შეცვალონ, ამას ვერ გაუბედავდნენ. მამაჩემს სერიოზული ინფორმაციები ჰქონდა ყველაზე და ყველაფერზე და წლების განმავლობაში სერიოზული თანამდებობები ეჭირა.
თქვენ რატომ არ დაიკითხეთ?
- მე მაგ პერიოდში ბარსელონაში ვცხოვრობდი, არ დავკითხულვარ. ჩემი თანამშრომლებისგან ვიცი, რომ შსს ს ეს ყოფილი მაღალჩინოსნები ჩემს ბარში ხშირად დადიოდნენ. მაგ პერიოდში “შარდენ-ბარში“ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ბევრი ადამიანი ირეოდა იქ და ხშირი სტუმრები იყვნენ. ეს ბარი 6 წელი იჯარით მქონდა აღებული, ბარსელონაში რომ წავედი, იქ გავაკეთე “ლაუნჯბარი“ და “შარდენ-ბარი“ 2009 წელს დავკეტე.