ასეთ ღვინოებს ძველი ტრადიციებისა და ტექნოლოგიების მოყვარული და ერთგული სპეციალისტები აყენებენ. მძაფრი ღვინო ორგანულია – მისი მწარმოებლები უარს ამბობენ ყოველგვარი ქიმიკატის გამოყენებაზე. მძაფრი ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი ასწლეულების განმავლობაში არ ცვლის წარმოების ტექნოლოგიას. მაგალითად, ესპანელი მეღვინე – რ. ლოპეს დე ხერედია ღვინოს, მათ შორის, როზესაც, წლების მანძილზე აძველებს მუხის კასრებში. შედეგად, მისი ღვინო – Vina Tondonia Gran Reserva rose 2000 სანელებლების მკვეთრი ნოტებით, ვარდის ფურცლების არომატითა და მჟავიანობით გამოირჩევა.
იტალიაში, ფრიულის რეგიონის მეღვინეები ღვინის წარმოების უძველეს მეთოდს არ თმობენ. მეთოდი, რომლის არსიც ღვინის ქვევრებში დაძველებაში მდგომარეობს, საქართველოდან იღებს სათავეს. მეღვინე იოშკო გრავნერი 2001 წლიდან ღვინოს ქვევრებში ინახავს.
ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რომ ღვინის ქვევრებში (რომელსაც ისინი რატომღაც ამფორებს უწოდებენ) შენახვა მეღვინის რომანტიკისადმი მიდრეკილებას ან ერთგვარ მარკეტინგულ სვლას უკავშირდება, მაგრამ მეღვინეები ასე არ ფიქრობენ. მაგალითად, სიცილიელი მეღვინე ფრენკ კორნელისენი დარწმუნებულია, რომ ღვინის წარმოების მისეულ, ნატურალურ მეთოდებს მხოლოდ ამფორები თუ შეეფერება. ამფორებში შენახული ღვინო, მუხის კასრებში შენახულისგან განსხვავებით, გემოს არ იცვლის და, ამასთან, საჭირო ტემპერატურას ინარჩუნებს. კორნელისენი უარყოფს ქიმიური ნივთიერებების – პესტიციდების, სასუქების, ფოსფორის გამოყენებას და ღვინის დაყენების მხოლოდ ძველ, ტრადიციულ მეთოდს აღიარებს. სიცილიელი მეღვინის ოცნებაა ღვინის ფაიფურის ჭურჭელში დაყენება, მაგრამ მან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მიაგნო ისეთ ოსტატს, ვინც დიდი ზომის ფაიფურის ამფორის დამზადებას შეძლებს.
მძაფრი ღვინოების კიდევ ერთი განშტოებაა ე.წ. ნარინჯისფერი ღვინო. ეს თეთრი, თუმცა წითელი ღვინის მსგავსად დაყენებული ღვინოა. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ჭაჭაზე დავარგების შედეგად, ღვინო ოქროსფერ-ნარინჯისფერი ხდება და სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც. ნარინჯისფერი ღვინო ისეთივე წარმატებით ეხამება ხორციან კერძებს, როგორც წითელი.
კალიფორნიელი მეღვინე – ჯერედ ბრენდტი აღნიშნავს, რომ ნარინჯისფერ ღვინოს შეუძლია კერძისა და ღვინის შეხამების დილემის გადაჭრა, ვინაიდან მას თეთრი ღვინისთვის დამახასიათებელი მჟავიანობაც აქვს და წითლისთვის დამახასიათებელი ტანინების სიჭარბეც. ბრენდტმა გასულ წელს გამოიტანა ბაზარზე საკუთარი წარმოების ნარინჯისფერი Roussanne, რომელიც, ამ კატეგორიის სხვა ღვინოების მსგავსად, სანელებლებისა და ხილის ნოტებით არის გაჯერებული. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნარინჯისფერი ღვინო ბევრად მდიდარია გემოთი, ვიდრე ვარდისფერი, ე.წ. როზე.
საერთო ჯამში, მძაფრი ღვინოები მეტად თავისებური საგემოვნო თვისებებით ხასიათდება, ამიტომ ექსპერტები მათ შეხამებას უბრალო კერძებთან გვირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გემოთა აღრევა მოხდება და ტრაპეზი სასურველი შედეგით ვერ დასრულდება.
vinoge.com