„ეს მორალური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ურთმელიძეზე ხორციელდება, იმ მოსამართლეებზეც ახდენს გავლენას, რომლებსაც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მოუწევს ამ საქმის განხილვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ევა გოცირიძე, რომლის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან დიდი ღირებულება, მაგრამ ის შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს ავტორიტეტის და დამოუკიდებლობის დასაცავად.
for.ge ევა გოცირიძეს ესაუბრა.
მოწვევის მიუხედავად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არ გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ზოგადად, რამდენად სწორია, როდესაც ასეთი გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლე არ ცხადდება იუსტიციის საბჭოში?
ევა გოცირიძე: ბატონი თამაზ ურთმელიძე მართლაც არ ყოფილა დაბარებული. ის იყო მოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტა ქალბატონმა ნინომ გვენეტაძემ, რომ მისი მოწვევა ნამდვილად არ ემსახურებოდა კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას. აქ ჩაფიქრებული იყო მხოლოდ ის, რომ მისთვის დაესვათ შეკითხვები მართლაც ხომ არ ხორციელდებოდა ვინსმეს მხრიდან ზეწოლა, ან გააჩნდა თუ არა სირთულეები ორგანიზაციული თუ სხვა თვალსაზრისით.
ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მისი მოწვევა მაინც არ იყო სწორი, რადგან ძალიან ძნელია საზოგადოებას განუმარტო, ან დააჯერო, რომ მოსამართლის აქ მოწვევა და მასთან გასაუბრება, არ იყო დაკავშირებული ამ კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა და ა.შ.
ანუ, თქვენ თვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მოსამართლის მხრიდან, როდესაც არ გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე?
- რა თქმა უნდა. ძალიან სწორად მოიქცა ბატონი თამაზი, როდესაც უარი განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსვლაზე და გამოგზავნა წერილობითი დასაბუთებულობა, სადაც განმარტა, რომ ნებისმიერი ჩემი მოსვლა და კონტაქტი საბჭოსთან, ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს აღქმული როგორც ჩემთვის ანგარიშის მოთხოვნაო და მთლიანად ვეთანხმები ამაში. მართლაც ძნელია, მით უმეტეს როდესაც კეთდება ცალსახა განცხადება და, ამის მიუხედავად, სულ სხვაგვარი ინტერპრეტაციით მიდის საკითხის განხილვა მედიაში, ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.
სწორედ ამის და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დასრულებული არ არის სამართალწარმოება, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა. იგივე, ამ საქმეზე თამაზ ურთმელიძეს გამოსატანი აქვს კიდევ სხვა გადაწყვეტილება, ვგულისხმობ მის ბოლო განჩინებას, რომელსაც მოპასუხე მხარე გაასაჩივრებს. შესაბამისად, ტაქტიკურად გამართლებული არ იყო მისი მოწვევა.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საუბარია, რომ ხელისუფლება ჩაერია ამ განაჩენის მიღებაში, მისი გამოცხადება, ალბათ, იგივე დასავლეთის მხრიდან აღქმული იქნებოდა, როგორც ზეწოლა?
- რა თქმა უნდა, და საბჭოს სხდომაზეც სწორედ მაგას გავუსვი ხაზი, რომ ძალიან ხშირად ხდება სამართლებრივი საკითხების არაკომპეტენტური კრიტიკა, მათ შორის სასამართლოს სამართლებრივ ღირსებებზე მსჯელობა. ხშირად ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი განმარტება, ვიღაცა ამას აიტაცებს და გულწრფელად იჯერებს, რის შემდეგადაც ხდება სასამართლოს და მოსამართლის ზღვარსგადასული ლანძღვა, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ფაქტობრივად, მოსამართლე ურთმელიძე ანათემას გადაეცა. მით უმეტეს, რომ საქმეზე არ არის დასრულებული სამართალწარმოება, ეს მორალური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ურთმელიძეზე ხორციელდება, იმ მოსამართლეებზეც ახდენს გავლენას, რომლებსაც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მოუწევს ამ საქმის განხილვა. არავინ მოიწადინებს ამ საქმეზე ისეთი განაჩენის დადგომას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შინაგანი რწმენა ისეთი იქნება, როგორიც ბატონი ურთმელიძის იყო.
ყველა მოერიდება ამ საქმეზე განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ თვითონაც არ გახდეს ისეთი შეურაცხყოფის მოტივი, როგორც გახდა ურთმელიძე. ამიტომ არის ძალიან საშიში სასამართლოს ასეთი ლანძღვა და კრიტიკა. საზოგადოდ სასამართლოს წესრიგი და ავტორიტეტი არის ის ღირებულება, რომელიც კონვენციის საფუძველზე უნდა იქნას გათვალისწინებული და თვით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს წესრიგისა და ავტორიტეტის დასაცავად.
სწორედ, ამ განცხადების გამო თქვენ გაგაკრიტიკათ დღეს საიამ და განაცხადეს, რომ ეს არის არაევროპული მიდგომა...
- ამაზე შემიძლია მხოლოდ გავიღიმო. ეს იმდენად ცხადი და გასაგებია, რომ კომენტარიც ზედემტია. ეს მითითებულია ადამიანის უფლებათა კონვეციის მე-10 მუხლში და ამ სტანდარტით ხელმძღვანელობს დღეს მსოფლიო. მაშინ გააუქმონ კონვეცია. საქმე იქითკენ მიდის, რომ რა მუხლის გამოყენებაც დასჭირდა ამ საქმეზე ადვოკატებს, ყველა ანტიკოსტიტუციურად სცნეს. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეროვნულ კონვეციასაც გააუქმებენ.
ის კამპანია, რომელიც სასამართლო განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა ურთმელიძის წინააღმდეგ, დედის თემა, გარდაცვლი და, მისი არასრუწლოვანი დისშვილი... განცხადება, რომ მოსამართლე არის კორუფციაში ჩართული, ეს იყო თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე, რომ მას არ მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ურთმელიძის შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის მხრიდან დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლი?
- იცით რა, ცალკეული განცხადება შეიძლება მოსათმენი იყოს, ზოგადად, შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა, მაგრამ ერთობლიობაში ამან შეიძინა უკვე მოსამართლის დაშანტაჟების შინაარსი და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან დიდი ღირებულება, მაგრამ ის შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს ავტორიტეტის და დამოუკიდებლობის დასაცავად.
თუკი გვეყოლება შეშინებული მოსამართლეები, რომლებსაც შეეშინდებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღების, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაშინ მათ გაუჭირდებათ შინაგან რწმენაზე გამყარებული გადაწყვეტილების გამოტანა. სამართლებრივი საკითხების განხილვა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოში, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც სამართლებრივი საკითხები უნდა იქნას გადაწყვეტილი.
ასევე ძალიან საშიშია ის ტენდენცია, რომელიც შეინიშნება - თითქოსდა მარათონში ჩაება საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო, არ მინდა ამას დაპირისპირება ვუწოდო, მაგრამ სრულად განსხვავებული პოზიციები ყალიბდება და ამან შეიძლება წარმოქმნას სამართლებრივი ჩიხი. ყველას მოეთხოვება გონივრულობა და სამართლის უზენაესობის დაცვა. მოსამართლე ურთმელიძეზე ყოველი მხრიდან ხორციელდება წარმოუდგენელი ზეწოლა. მიკვირს, როგორ უძლებს ის ამდენ ზეწოლას.
რამდენად სწორად მიგაჩნიათ იგივე ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა? მით უმეტეს, როდესაც კეთდება შეფასება, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც არ შეესაბამება რეალობას...
- ყველას მოეთხოვება თავი შეიკავონ, მით უმეტეს ვგულისხმობ დემოკრატული ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ასეთი რამ დაშვებულია. ჩვენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გვევალება, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ არავის მივცემთ უფლებას, არც პოლიტიკოსებს, არც ხელისუფლებას და არც უცხოელებს, რომლებიც უცხოეთიდან აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის აბსურდი.
როდესაც საერთაშორისო სასამართლო იხილავს ასეთ საკითხებს, მას აქვს სერიოზული თვითშეზღუდვა. ის ამბობს, ეს ის თემებია, რომელიც არ შეიძლება მე ვიცოდე კარგად, ვიდრე ეროვნულმა მოსამართლემ და ამიტომ არ ჩავერევი მის შეფასებებში. ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სტანდარტები და ვუთხრათ, რომ ამის უფლება არ აქვთ. არავის აქვს უფლება, ხელყოს და ფეხქვეშ გათელოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესტიჟი და მართმსაჯულების ინტერესი.