ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობა არ ერევა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში, რადგან ეს არის დავა ყოფილ და მოქმედ მესაკუთრეებს შორის. საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში სპეციალური საბჭოს შეიქმნება, რომელმაც არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
მინისტრის განცხადებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს რაიმენაირი ზეწოლა მოახდინოს, ან ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში.
„მე ვისურვებდი, პროცესი შემდგომში ძალიან გამჭვირვალედ წარიმართოს, რომ ყველა მხარისთვის, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სჭირდება, მაქსიმალური ჩართულობა ჰქონდეს. ჩემი სურვილი იქნება, რომ ორივე მხრიდან არსებობდეს კონსტრუქციული მიდგომა, რათა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი. მე მოვისმინე ტელეკომპანიის, არ ვიცი, არსებული ვუწოდო თუ ყოფილი, მფლობელების განცხადება, რომ უარი თქვეს რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე.
ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში, ან რაც გნებავთ ის ვუწოდოთ, შექმნან პროფესიული ნიშნით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო, რომელიც თავის მხრივ, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მეტი ჩარევის ბერკეტი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თავის მხრივ საინტერესო განცხდებას აკეთებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი, რომლის განცხადებით, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მუდმივად დგას კანონის უზენაესობის პრობლემა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაზეც გაჩნდება კითხვები.
„შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ იცით - ეს სასამართლოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მგონია, ვინმეს ბოლომდე სჯეროდეს ამის. იმის გათვალისწინებით, ან მას მერე, რაც ხელისუფლებას უთქვამს მედიასთან დაკაშირებით, ისევე როგორც კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ის შესახებ, რთულია, ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო და რომ არ იყო რაიმე ტიპის ზეწოლა პრემიერისგან, ან ყოფილი პრემიერისგან.
ეს ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურას ამყარებს, ან „ნაციონალების მსგავსები“ არიან და მათსავით ცუდად იქცევიან. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ პირობით, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ეს ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ეს საქმე“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე პრეზიდენტის შეფასებით, „რუსთავი 2“ საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. რობერტ ჰერმანის განცხადებით, „რუსთავი 2“ -ის საკითხი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულებელყოფს სამართლებრივ პროცესებს და უარყოფს კანონის უზენაესობას. ჰერმანი ამ ყოველივეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ცენზურის მცდელობად აღიქვამს.
რობერტ ჰერმანის განცხდებას არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაუგებარია „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება. როგორც ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, როგორც ჩანს, მათ არ იციან რაზეა საუბარი.
„რამდენი ხანია, მიდის ეს საკითხი და ვერავინ გამცა პასუხი - რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, გამაგებინეთ, „ფრიდომ ჰაუსია“ ეს, თუ „რუსთავი 2“? თუ მოქალაქემ ვიჩივლე, სასამართლომ არ განიხილოს? მაპატიეთ, მე სულ არ ვიცოდი, ყარამანაშვილებისაა ეს „რუსთავი 2“, თუ ვისი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეს.
სხვა ტელევიზიებში როგორ არის, არ იცვლებიან დამფუძნებლები? ყოფილი მეპატრონე ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ მაშინ? ჰკითხეთ ერთი, ეს „ფრიდომ ჰაუსი“, თუ ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში? ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაში არ არის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელსაც ხელისუფლების შეცვლიდან 3 წლის თავზე კუთვნილი ქონება დაუბრუნდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკან კიდევ სამ კერძო პირს დაუბრუნდება.
„ჩამორთმეული, წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ 3 კერძო პირს, რომელსაც 2010 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.