„საქართველო, მედიის თავისუფლების მხრივ, უპირობო ლიდერია“

„საქართველო, მედიის თავისუფლების მხრივ, უპირობო ლიდერია“

„ვფიქრობ, პრორუსული განწყობების ზრდას ხელს უწყობს სწორედ მსგავსი რეაქციები, რომელთაც ჩვენ ვიღებთ დასავლეთის მხრიდან, თუნდაც „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, როდესაც კერძო მესაკუთრეების დავა სასამართლოში მოულოდნელად იწვევს მკვეთრ პოლიტიკურ შეფასებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე.

მისივე განცხადებით, სწორედ ამის შედეგად ვიღებთ ძალზედ ნიშანდობლივ სოციალურ დინამიკას - 8 ნოემბრის აქციაზე „პატრიოტთა ალიანსი“ ახდენს 10 ჯერ მეტი ხალხის მობილიზებას, ვიდრე იმავე დღეს კონცერტის თანხლებით ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „რუსთავი 2“ -ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

დამეთანხმებით, რომ ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას სახელმწიფოს განვითარება. დღევანდელი გადასახედიდან და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რამდენად დაცულია სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა ქვეყანაში?

ვალერიან გორგილაძე: გეთანხმებით, თუმცა არ უნდა გვავიწყდებოდეს არც საკუთრების უფლების შესახებ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაში ხშირად გვესმის მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, დამოკიდებულ თუ მიკერძოებულ მოსამართლეზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, დიქტატურის გაბატონებაზე და მთელ ამ ისტერიულ კაკაფონიაში შეუმჩნეველია მესაკუთრეების უფლებების აღდგენა, საკუთრების უფლების სამართლიანი და სამართლებრივი უზრუნველყოფა.

მოდით განვიხილოთ ზოგადი ტენდენცია, რომელიც ამ მომენტისთვის ახასიათებს ჩვენს მედია ბაზარს. ზოგადი, საერთო მდგომარეობის შეფასება დაგვეხმარება მედია ბაზარზე და საერთოდ, მედია თავისუფლების დონის განსაზღვრაში და არა პირიქით, როდესაც ცალკეული შემთხვევის აჟიოტაჟური მანიპულაციით საზოგადოებას აიძულებენ გენერალური დასკვნის გაკეთებას საერთო პროცესის შესახებ. ასე მაგალითად, დღეს საქართველოში მაუწყებლობს 60 სატელევიზიო არხი. აქედან დაახლოებით 35 სატელევიზიო არხს გააჩნია საინფორმაციო გადაცემების და საზოგადოებრივი - პოლიტიკური პროგრამების მაუწყებლობის ლიცენზია. ყოველდღიურად ჩნდებიან ახალი საინფორმაციო სააგენტოები, იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის აქტიური მომხმარებლის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში 50%-ს აღემატება, ხოლო ქალაქებში 60-70% შეადგენს.

აქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინფორმაციის მიღება, მით უფრო დაინტერესებული აუდიტორიისთვის, პრობლემას არ წარმოადგენს?

- რა თქმა უნდა და ციფრულმა მაუწყებლობამ რევოლუცია მოახდინა და ნიველირება იმ უპირატესობების, რომლითაც სარგებლობდნენ თავისი ფართო დაფარვის ზონის გამო, რამდენიმე მსხვილი სატელევიზიო სადგური. დღეს ნებისმიერ ოჯახს შეუძლია მინიმუმ 30 სატელევიზიო არხის ყურება და მოსმენა. ამ თვალსაზრისით საქართველოს მედია ბაზარს ჯერ კიდევ არ ამოუწურავს ზრდის პოტენციალი და ერთ-ორ წელიწადში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კერძო სატელევიზიო სადგურების რაოდენობა მოიმატებს კიდეც.

რაც შეეხება მედია თავისუფლების და პლურალიზმის საკითხებს - ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა აუცილებლად აისახება ხარისხში. შეუძლებელია ხელისუფლებამ გააკონტროლოს ამდენი მედია საშუალება თუკი არ უქმნის მათ ადმინისტრაციულ ბარიერებს და შეზღუდვებს მათი დაფუძნების სტადიაში (როგორც ეს ჩინეთში და რუსეთში ხდება). დღესაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო არხების 90% არის კრიტიკულად ან მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციით თუ ვისმჯელებთ, საქართველში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია, ასევე, ამავე რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა მედიის თავისუფლების კუთხით. ამ რეზოლუციის მიუხედავად,  ჩვენ ვიღებთ მკაცრ შეფასებებს...

- საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ, უპირობო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სხვა, თავად ევროკავშირის ქვეყნებსაც კი უსწრებს. ნებისმიერი მოქალაქე, თუკი ის ელემენტარულ ობიექტურობას ინარჩუნებს, არ შეიძლება არ გრძნობდეს ამ პროგრესს. საქართველოში არსებობს მკვეთრად ოპოზიციური „ობიექტივი“, კრიტიკული „კავკასია“, ლიბერტარიანული „ტაბულა“, კონსერვატიული „ქართული არხი“ და ა.შ.

ამასთან ერთად, საქართველო მართლაც წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას რეგიონში და თავისი მედია თავისუფლების ხარისხით, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, ბევრად უსწრებს რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი, საქართველო, პრესის თავისუფლების კუთხით, უსწრებს იტალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, მაკედონიას და ევროპის სხვა ქვეყნებს. ამდენად, მედია თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით, საქართველომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თვისობრივი გარღვევა მოახდინა და ეს პოზიტიური ტენდენცია ეჭვს არ უნდა ბადებდეს.

და თუკი დაცუალია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, მაშინ რასთან არის დაკავშირებული დასავლეთის მკაცრი ტონი?

- დასავლეთის მკაცრი ტონი არის განპირობებული ძალზედ არაეფექტიანი კომუნიკაციით, რომელსაც ავლენს მმართველი გუნდი. თუკი რამე აქვს სასწავლი „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისაგან“ ეს არის კომუნიკაცია, პიარ ტექნოლოგიები და ძირითადი შეტყობინებების გავრცელების ტექნიკები.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს კომპეტენციის დაბალ ხარისხზე. არადა, ეფექტიანი კომუნიკაციის გარეშე, თანამედროვე მსოფლიოში პრაქტიკულად, წარმოუდგენელია რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ეკონომიკაში და პოლიტიკაში. მეორე მხრივ, დასავლეთიც უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მოსახლეობის უმრავლესობის განწყობები განპირობებულია გარკვეული და ხშირად დრამატული გამოცდილებით, მათ შორის იმედგაცრუებით, რომელსაც ხშირად იწვევდა სხვადასხვა პროცესების მიმართ დასავლეთის არაადეკვატური შეფასება.

რამდენად უწყობს ხელს მსგავსი რეაქცია პრორუსული განწყობების ზრდას?

- ვფიქრობ, პრორუსული განწყობების ზრდას ხელს უწყობს სწორედ მსგავსი რეაქციები, რომელთაც ჩვენ ვიღებთ დასავლეთის მხრიდან, თუნდაც „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, როდესაც კერძო მესაკუთრეების დავა სასამართლოში მოულოდნელად იწვევს მკვეთრ პოლიტიკურ შეფასებას, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ სასტიკი დარბევა, მხოლოდ ახალი დემოკრატიის ექსცესად იყო შეფასებული იგივე დასავლეთის მხრიდან. ამის შედეგად, ვიღებთ ძალზედ ნიშანდობლივ სოციალურ დინამიკას - 8 ნოემბრის აქციაზე „პატრიოტთა ალიანსი“ ახდენს 10 ჯერ მეტი ხალხის მობილიზებას, ვიდრე იმავე დღეს, კონცერტის თანხლებით ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „რუსთავი 2“ -ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორ ფიქრობთ, დასავლური რეაქცია მხოლოდ იმის შედეგია, რომ მათ რეალურად საფრთხე დაინახეს მედიის შეზღუდვის მხრივ, თუ ამის მიზეზია ის, რომ ინფორმაციის წყარო არისნაციონალური მოძრაობა“?

- „ბუნებრივია, რომ ტელევიზია „ობიექტივის“ რაიმე შეზღუდვის შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოვისმენდით დასავლეთისაგან ასეთ ინტენსიურ და მკაცრ კრიტიკას არა მხოლოდ იმის გამო, რომ „ობიექტივი“ ნაკლებად რეიტინგული ტელეკომპანია, არამედ იმის გამოც, რომ პატრიოტთა ალიანსს არ გააჩნია ფრაქცია არც პარლამენტში და არც ლობისტური ჯგუფები დასავლეთში.