ხადური უფრო მეტი ხარჯვის უფლებას ითხოვს

ხადური უფრო მეტი ხარჯვის უფლებას ითხოვს

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა წელს უკვე მეორედ დადგა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის თხოვნით მიმართა. ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას წელს თითქმის 100 მლნ ლარი დააკლდა.

მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირების საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენა და მისი შესრულების შესახებ ანგარიშიც წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა, საერთო ჯამში, შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 84 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

ამასთან, გადასახდელების თვალსაზრისით, იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაღებულმა ხარჯმა კი 1 მლრდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

„ამ ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონი მილიონით გვინდა შევამციროთ სესხები შიდა ბაზარზე - სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის.

100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. არის კიდევ გარკვეული დეტალი, მაგალითად, მოიმატებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით. ამავე დროს აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა.

უკვე მერამდენე წელია ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფილ თანხას სრულად ვერ ითვისებს. მართალია წელს ხარჯების მიმართულებით გარღვევა მინიმალურია, მაგრამ ხარვეზის სრულად აღმოფხვრა მაინც ვერ ხერხდება. მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, არც ერთ კონკრეტულ დაგეგმილ პროექტს აღნიშნული 77 მილიონი არ მოაკლდება.

„პირიქით, ვნახოთ. თუ რიკოთის საკითხი გადაწყდება, შეიძლება მოიმატოს კიდეც. ამ შემთხვევაში ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ბოლომდე დაფინანსდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეიძლება რამე დაემატოს კიდეც“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ამასობაში მიმდინარე და მომავალი ბიუჯეტის პარამეტრები საქართველოში სტუმრად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმდება. სსფ-სთან განხილვის ძირითადი თემა მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების პარამეტრების დაზუსტება იქნება.

„როგორც ცნობილია, ძირითადი პარამეტრები თითქმის შეთანხმებულია, უბრალოდ, გვინდა, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, როგორც საქართველოსთან, ისევე მთელ რეგიონთან მიმართებაში რა მოლოდინი აქვს წელს სავალუტო ფონდს, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მომდევნო წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგ კაკაურიძემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსისტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, უკვე დამუშავებული საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოდარ ხადურს ეთანხმება და პირობას იძლევა, რომ წარმოდგენილ პროექტს განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს მალევე მიაწოდებს.