საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, ეს არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა და ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას სახელმწიფოს განვითარება“.
კახი კალაძე: „სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ მორალის თავისუფლება, სამწუხაროდ, ბევრს დეფიციტში აქვს“.
გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოს ხელისუფლებისთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და სახელმწიფო არასდროს დაუშვებს იმ დროში დაბრუნებას, როდესაც მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ერთი ნარატივით მუშაობდა“.
„მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა“, – ამ განცხადების ავტორი კი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომლის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად და აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.
თუმცა, ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციით თუ ვისმჯელებთ, საქართველში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია, ასევე, ამავე რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა მედიის თავისუფლების კუთხით. ამ რეზოლუციის მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, რომ სააპელაციო პროცესის დაწყებამდე „რუსთავი 2“– ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება.
„აშშ ღრმად არის შეშფოთებული „რუსთავის 2“– ის საკითხით და მისი მნიშვნელობით საქართველოში მედია თავისუფლების, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელი უნდა შეეწყოს კრიტიკულ აზრს და არა დუმილს.
როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დასავლური რეაქცია მხოლოდ იმის შედეგია, რომ მათ საფრთხე დაინახეს მედიის შეზღუდვის მხრივ, რაც ეჭვს იწვევს და გაფიქრებინებს, რომ სწორედ ასე მიაწოდეს ინფორმაცია „რუსთავი 2“–ს გარშემო მიმდინარე პროცესები იმ ადამიანებმა, რომელსაც დასავლეთი უფრო ენდობა.
„იმის მიუხედავად, რომ ისტორია ჯერ დამთავრებული არ არის, დასავლეთმა საკმაოდ მკაცრი გამოთქმის უფლება მისცა თავის თავს, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს და ამით, დიპლომატიური ეტიკეტიც დაარღვიეს. მგონია, რომ ეს პოზიცია ცოტა გასაკვირიც კია და უფრო გვაფიქრებინებს, რომ მათ ამისკენ უბიძგეს ისეთმა ადამიანებმა, ვისაც ისინი ენდობიან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გამზარდია თვლის, რომ დასავლეთის ეს რეაქცია გამოწვეულია იმ შიშის ფაქტორით, რომ საქართველო არ იქცეს ისევ იმ რეჟიმის მატარებელი, როგორც ეს იყო წლების განმავლობაში. მისივე თქმით, დღეს დასავლეთი საქართველოს განიხილავს არა როგორც დემოკრატულ ქვეყანას, არამედ ევროპის ნაწილს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ასაოცირების ხელშეკრულებაზე და მოთხოვნები საქართველოს მიმართ არის ბევრად მეტი.
„დღეს ჩვენს მიმართ მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე იყო 7 წლის წინ. იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ არ აღგვიქვამდნენ სახელმწიფოდ და ევროპის ნაწილად. მაშინ სრულიად სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ, ჩემთვის სრულიად გასაგებია ის გარკევული შფოთვა, რასაც დასავლეთი გამოხატავს და უფრო მკაცრი შეიძლება იყვნენ ჩვენს მიმართ,
რადგან დასავლეთი აღგვიქვამს თავის ნაწილად და პრიორიტეტულ ქვეყანად, რომლის მიმართ ძალიან დიდი იმედები გააჩნია. შესაბამისად, როგორც იქ არის ღია და გამჭვირვალე პროცესები, ამასვე მოითხოვენ ჩვენგან, რაც სავსებით ნორმალურია. სინამდვილეში, ეს კრიტიკა არის აღიარების ტოლფასი, ვიდრე ნეგატივი“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მძევალი გახდა „რუსთავი 2“ და ამ დავამ უკვე პოლიტიკური ელფერი მიიღო. შესაბამისად, მისივე თქმით, დასავალეთში ეს კონფლიქტი ინტერპრეტირებულია როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე.
„აქ არის აშკარა დისონანსი. ვინაიდან, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ არავითარ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ მიმდინარებს, არამედ მიმდინარეობს დავა იმ ტელევიზიაზე, რომელიც 2005 წელს ნაციონალების მიერ უხეში ფორმით იყო პრივატიზირებული. შესაბამისად, აქ გაკვირვებას იწვევს ის რეაქცია, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ის რეაქცია, რომელსაც გვთავაზობს დასავლეთი“, – აცხადებს გორგილაძე.
მისივე განცხადებით, ამ პროცესში მთავარი პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება არ მუშაობს ადექვატურად, ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში და უფრო მეტად სკეპტიკურ დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ.
„ამდენად, ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა, ეს დასავლეთის პრობლემაც არის. დასავლეთი არ არის თანმიმდევრული, როდესაც აქვს ორმაგი სტანდარტები. მსგავსი რეაქცია არ მომისმენია დასავლეთის მხრიდან, როდესაც ტანკებისა და ავიაციის მეშვეობით იღებდნენ ტელეკომპანია „იმედს“ და როდესაც ხურავდნენ სხვადასხვა მედია საშუალებას.
რაც არ უნდა მოხდეს „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, მედია პრულარიზმის თავალსაზრისით, ვითარება ბევრად უფრო შეცვლილია და ბევრად პოზიტიურია. ამდენად აქ ჩვენი წუხილიც არის, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დასავლეთის ინტერესი. თუ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან ასეთი მკაცრი პოზიციის დაფიქსირება, რომელიც არ შეესაბამება მოსახლეობის უმრაველსობის განწყობებს, ეს არის დიდი ხიფათი და ეს დიდი პრობლემა დასავლეთისთვის“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.