31 ოქტომბერს, თბილისში სომხური საკათედრო ტაძრის - სურბ გევორქის აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ხელახალი კურთხევის ცერემონია გაიმართა. 3,5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის დამფინანსებელთა შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. ეკლესიის აღდგენა საქველმოქმედო ფონდის - ”სომხეთის განვითარების ინიციატივები”-ს (IDeA) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მანამდე კი, ამავე ფონდის ორგანიზებით, სომხეთში ქართული მედიის 9 წარმომადგენლის მონაწილეობით პრეს-ტური შედგა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები შევხვდით ფონდის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ ექსპერტებს, მოვინახულეთ სომხეთის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები.
თბილისში ჯერ კიდევ 1251 წელს აშენებული საკათედრო ტაძრის სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) აღდგენა-რესტავრაციის საქმეში გაღებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ალბერტ ავდოლიანს და სერგეი სარქისოვს სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო ”წმინდა გიორგი განმანათლებლის” ორდენი მიენიჭათ. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ყოველთა სომეხთა კათალიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ, საქართველოსა და სომხეთის ოფიციალურმა პირებმა, მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა.
ეკლესიის აღდგენის პროექტი 3 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტი არაერთმა სომეხმა და სხვა ეროვნების ცალკეულმა ქველმოქმედმა და ბიზნესმენმა დააფინანსა, ხოლო უშუალოდ რესტავრაციის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც სომეხი, ისე ქართველი სპეციალისტები.. სურბ გევორქის ტაძრის აღდგენა ერთ-ერთია იმ პროექტთა შორის, რომლებიც საქველმოქმედო ფონდის - ”სომხეთის განვითარების ინიციატივების” მიერ ხორციელდება. ფონდი ცნობილმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა რუბენ ვარდანიანმა და მისმა მეუღლემ ვერონიკა ზონაბენდმა დააფუძნეს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ვარდანიანს ”წმინდა გიორგი განმანათლებლის” ორდენი ჯერ კიდევ 2013 წელს გადაეცა, ხოლო უფრო ადრე, 2011 წელს სომხეთის პრეზიდენტმა იგი სომხეთის ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით დაააჯილდოვა.
ფონდის დირექტორის მოადგილის, სერგეი ტანტუშიანის თქმით, ფონდის ყურადღების ცენტრში ის პროგრამებია, რომელთაც მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლიათ და ხელს უწყობენ სომხეთის თვითგადარჩენის მოდელიდან აყვავების მოდელზე გადასვლას. ”ჩვენ ვახდენთ მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების რეალიზებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სომეხი ხალხის სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შენაჩუნებას და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩვენი ერის აღორძინებას. მათ რიცხვშია ქალაქ დილიჟანის აღორძინების პროექტი, ”დილიჟანის კოლეჯი”, ”ტატევის აღორძინება”, ”დახმარება არცახის ბავშვებს”, ”სურბ გევორქის ტაძრის რეკონსტრუქცია თბილისში”, პროექტი ”100 LIVES" ("100 სიცოცხლე”) და სხვები”, - აცხადებს ტანტუშიანი.
5-დღიანი პრეს-ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები საქართველოდან ვეწვიეთ საკურორტო ქალაქ დილიჟანს, დილიჟანის საერთაშორისო კოლეჯს, ეთნოგრაფიულ კომპლექსს ”ძველი დილიჟანი”; სახელგანთქმულ სევანის ტბის სანაპიროს, სიუნიკის ოლქში არსებულ მეტალითისებრ კომპლექს კარაუნჯს; ქალაქ გორისს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზით (”ტატევერი” - 5 752 მეტრი) - ტატევის მე-9 საუკუნის მონასტერს; მე-9-13 საუკუნეების ნორავანკის მონასტერს; სომხეთის ეროვნულ მუზეუმს და უძველესი ხელნაწერების მუზეუმ-ინსტიტუტს ერევანში; მემორიალურ ცენტრ ”ციცერნაკაბერდს”, ”სომეხთა გენოციდის” მუზეუმს, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ ”ტუმოს”, ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს, რომელიც ცნობილ ”რაზდანის” სტადიონს გადაჰყურებს და ერევნის კონიაკის ქარხანა ”არარატს”.
დილიჟანის საერთაშორისო კოლეჯ-პანსიონი 13-19 წლის მოზარდებისთვის 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა. ეს კომფორტული კოლეჯი რუბან ვარდანიანის, მისი მეუღლის, მათი პარტნიორების - კერძო პირებისა და ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია. 259 დონორის მიერ გაღებულმა კონტრიბუციამ 85 მლნ დოლრი შეადგინა. აქ სწავლობენ მოზარდები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ლათინური ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის 60-ზე მეტი სახელმწიფოდან, ასევე ბუნებრივია, უშუალოდ სომხეთიდან, აგრეთვე რუსეთიდან და საქართველოდან. ”დილიჟანში მსოფლიო დონის საერთაშორისო კოლეჯის ფუნქციონირება - ესაა საშუალება სომხეთისთვის, დაფიქსირდეს მსოფლიოს საგანმანათლებლო რუქაზე და საშუალება მისცეს ახალგაზრდებს, ისწავლონ უმაღლესი საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად”, - აცხადებს ფონდის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის და პიარის განყოფილების უფროსი, ფრანგულენოვან ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის სომხეთის სექციის ხელმძღვანელი ზარა ნაზარიანი.
ფონდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ”ტატევის აღორძინება” 2008 წელს დაიწყო. პროგრამის სავარაუდო ღირებულება 80 მლნ დოლარს შეადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი ტატევის მონასტრის რესტავრაციას გულისხმობს და ძირითადი სამუშაოების დასრულება 2017 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება, როცა მონასტერი დაარსებიდან 1111 წლისთავს აღნიშნავს. კიდევ ერთი კომპონენტი - პროექტი ”ტატევის კარები” მონასტრისკენ მიმავალი საბაგირო გზის - ”ტატევის ფრთების” - ირგვლივ ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებას გულისხმობს. ეს საბაგირო გზა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელია (5 752 მეტრი), 5 წლის წინ გაიხსნა.
ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ედგარ მანუკიანის თქმით, პროგრამა ”ტატევის აღორძინება” სომხეთის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და მასში მონაწილეობენ მთავრობა, ეკლესია, საქმიანი წრეები, ქველმოქმედები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მისი ინფორმაციით, საბაგირო გზის ამოქმედებამდე ტატევის სამონასტრო კომპლექსის ვიზიტორთა რიცხვი წელიწადში 12 ათასი იყო, ხოლო საბაგირო გზის აშენების შემდეგ 145 ათასს მიაღწია. ”ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ სომხეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის, მათ შორის ქართველი ტურისტებისთვის. მნიშვნელოვანია
ქართული და სომხური ტურ-ოპერატორების თანამშრომლობა, რათა ევროპელ თუ ამერიკელ ტურისტებს კომპლექსური ტურები შევთავაზოთ, რათა მათ ერთი პაკეტის ფარგლებში მოინახულონ როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის ზრდას”, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია ფონდის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით ”100 LIVES", რომელიც სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს ეძღვნება. ”პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიოს მოვუყვეთ იმ ადამიანთა ისტორიები, ვინც გენოციდი განიცადა, რათა მსგავსი მასშტაბური ტრაგედია აღარ განმეორდეს კაცობრიობის ისტორიაში და აგრეთვე მათი ისტორიებიც, ვინც ეხმარებოდა ადამიანებს გენოციდისგან თავის დასაღწევად და მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ”, - აღნიშნულია პროექტის ორგანიზატორთა განცხადებაში.
რაც შეეხება მეზობელი სომხეთის საგარეო პოლიტიკას, მის მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის სერგეი მინასიანის თქმით, სომხეთისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის ერთგვარ შეკვეცასაც კი დათანხმდა. რუსეთსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციას აქვს აღებული ვალდებულება სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის თაობაზე. რუსი მესაზღვრეები იცავენ სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 350 კმ-იან მონაკვეთს. სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის სამხედრო ბაზის საკუთარ ტერიტორიაზე 2044 წლამდე ყოფნის შესახებ გადაწყვეტილება აქვს მიღებული.