რა პრობლემას შეუქმნის ბიზნესს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სპეციალურად „რუსთავი 2“-ისთვის მიღებული გადაწყვეტილება? სპეციალისტები მიუთითიბენ, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის შეჩერება ბიზნესს შეაფერხებს და დააზარალებს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაბიჯი უარყოფითად იმოქმედებს საბანკო სისტემაზე და ზოგადად ქართულ ეკონომიკაზე. ასოციაციის წევრის პაატა ბაირახტარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით, შეჩერებულია უამრავი გადაწყვეტილების აღსრულება. მაგალითად, მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ, მუშაკისთვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, თამასუქისა და „ჩეკის“ თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, გაჩერებულია ისეთი შეთანხმების გადაწყვეტა, როცა მათი დაუყოვნებლივი აღსრულება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. „სწორედ ეს უკანასკნელი აისახება ბიზნეს გარემოზე განსაკუთრებით უარყოფითად და ასევე შემაფერხებელი ფაქტორი გახდება ფიზიკურ პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობისასაც. თუ ერთი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამრღვევ მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სახდელის გადახდა დაუყოვნებლივ არ დაეკისრება და აღსრულება გადაიწევს მესამე, საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ეს მეორე, კეთილსინდისიერი მხარის ეკონომიკურ საქმიანობაში სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი გახდება. ეს ყოველივე კი აუარესებს ქვეყანაში ბიზნეს და ეკონომიკურ აქტივობას“, - ამბობს აფბა-ს წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მთლიანად ფინანსური სექტორისთვის, პირველ რიგში, ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გასცემენ იპოთეკურ სესხებს. ამ მუხლის შეჩერებით, მათ შეეზღუდებათ და დროში გაურკვეველი ვადით გაეწელებათ კუთვნილი თანხების დროულად ამოღების შესაძლებლობა.
„თავის მხრივ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სტიმული მისცეს ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, შეზღუდონ ისეთი რისკის შემცველი სესხების გაცემა, რომლის ამოსაღებადაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა. ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს“, - მიიჩნევს ბაირახტარი.
თუმცა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების გაუქმებით ბანკებისთვის ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს. ქადაგიძე ირწმუნება, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება ბანკების მიერ გამოიყენება ძალიან იშვიათად. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის მომტანი ვერ იქნება.
ქადაგიძის აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი აზრით, სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის შეჩერებით ბიზნესს პრობლემები შეექმნება.
„ვშიშობ, ეს გადაწყვეტილება დიდ უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ბანკებზე. ზოგადად ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვისაც ცუდი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო კარგა ხანს არ დაუბრუნდება. უკვე გაკეთდა კიდეც განცხადება, რომ ამ სარჩელის განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე თვე დასჭირდება.