თავისუფალი ინდუსტრიული ზონების იდეას ვერც ახალი ხელისუფლება ელევა, არადა ფაქტია, რომ თიზ-ების მუშაობა ქვეყანაში არ ამართლებს. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ინტენსიურად ხდება ახალი ინდუსტრიული ზონების დაანონსება.
ამჯერად ცნობილი გახდა, რომ თბილისში ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით ინდუსტრიული ზონა გლდანის რაიონში 17 ჰექტარზე მოეწყობა. ზონის მოქმედების ვადა 49 წელია. ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კი შპს
„ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“ იქნება. ახალი ინდუსტრიული ზონის მოქმედება არაუგვიანეს 30 ნოემბრიდან უნდა მოხდეს. ზონის ოპერატორი ვალდებულია თიზ-ის ტერიტორიაზე ზონის ფუნქცინორებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს. მათ შორის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა ნაგებობის და სპეციალური ტექნიკის განთავსება, საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა. საბაჟო გამშვები პუნქტის ტექნიკური აღჭურვა, შემოსავლების სამსახურთან კავშირის უზრუნველყოფა.
პარალელურად, გლდანში ტექნოლოგიური მეგა ცენტრის მოწყობის შესახებ ბიტკოინის ლიდერმა საინვესტიციო კომპანია BiTfury-მ მიმდინარე წლის ზაფხულში განაცხადა. BiTfury-მ ქონების ეროვნული სააგენტოსგან გლდანის რაიონში 185 00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა BiTfury-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ვივილოვის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოში ახალი პროექტის დაწყების გამო, რომელიც გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური ზონის შექმნას იმისათვის, რომ მოხდეს ტექნოლოგიის სექტორში თანამედროვე მოთამაშეების მოზიდვა, ასევე მეგა დატა ცენტრის აშენება.
ამ ეტაპზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქუთაისსა და ფოთში მოქმედებს და ისინიც მცირე დატვირთვით. დანარჩენი ზონები (რუსთავის, ბათუმის, თბილისის) პრაქტიკულად ჩანასახშივე გაუქმდა. ამ ბოლო დროს მთავრობამ ანაკლიაში კიდევ ერთი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებაც განაცხადა, მაგრამ რამდენად იმუშავებს ძნელი სათქმელია, რადგან ჯერ ანაკლიაში პორტის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
თიზ-ების შექმნა საქართველოში წინა ხელისუფლების იდეა იყო. მათი ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით სამი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც შეიქმნა: ფოთში, ქუთაისსა და ყულევში, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რამდნიმე წლის შემდეგ აღიარა, რომ პროექტმა არ გაამართლა.
მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლების პირობებში ტენდენცია გაგრძელდა. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში არსებულ თიზ-ებში და გაამართლა თუ არა მფლობელების გათვლები ინდუსტრიულმა ზონებმა?
თავსუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვახტანგ ლეჟავა ქართული თიზ-ების მენეჯმენტით კმაყოფილი არ არის და აცხადებს, რომ მათ მეტი უნდა იმუშავონ ახალი ინვეტორების მოსაზიდად. როგორც წესი, ასეთ ზონებში ოპერირებით, ძირითადად, გადამამუშავებელი და დამახარისხებელი კომპანიები არიან დაინტერესებულნი და მენეჯმენტმაც უნდა იზრუნოს, რომ სწორედ ასეთი კომპანიები მოიზიდოს.
ლეჟავას თქმით, ზოგადად ქვეყნებში, სადაც საგადასახადო განაკვეთები დაბალია, იქ თიზ-ის ამუშავება რთულია. საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.
„ასეთ ქვეყნებში რთულია თიზ-ის ამოქმედება, რადგან საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, სხვაობა ზონასა და ჩვეულებრივ გადასახადს შორის არის ნაკლები. თუმცა, მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თიზ-ის წარმატება მეტწილად არის დამოკიდბული თიზის მენეჯმეტზე. ვფიქრობ, საქართველოში არსებული თიზ-ის მენეჯმენტმა მეტი უნდა გააკეთოს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლეჟავამ.