საქმე ჰააგაში – რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ხელისუფლების გარეშე

საქმე ჰააგაში – რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ხელისუფლების გარეშე

 

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჩააგდო მოტივით, რომ საქმის წარმოება მის იურისდიქციაში არ შედიოდა. ქართველი ექსპერტები სარჩელის ჩავარდნის გამო, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, ვინც სარჩელი ამ სახით წარადგინა.

„სარჩელი ისე იყო შეტანილი, რომ განწირული იყო დამარცხებისთვის. ხარვეზები უმეტესად პროცედურული ხასიათის იყო, რაც ორი მიზეზით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული – ნაწილობრივ საერთაშორისო მართლმსაჯულების პრინციპების არცოდნით, ან არასაკმარისი ცოდნით და ნაწილობრივ სამსახურებრივი დაუდევრობით“, - აცხადებენ ექსპერტები.

მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული მხარის არაკომპეტენტურობა რბილად ნათქვამია. სინამდვილეში, ჯერ კიდევ დავის საგანია რატომ დამარცხდა რუსეთის წინააღმდეგ ქართული მხარე. ბევრ მიჩნევს, რომ სარჩელი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, თუმცა იგი შევიდა იქ, სადაც არ უნდა შესულიყო და რატომ შევიდა იქ, სადაც არ უნდა შესულიყო, ამაზეც არაერთგვაროვანი პასუხები ისმის.

გასული წლის თებერვალში ჰააგაში კიდევ ერთი საქმე შევიდა, რომელიც ამ ეტაპზე ძიების პროცესშია. რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მტკიცებულებები მთავარ პროკურორს, ამჯერად, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.

თინა ხიდაშელი თავად იმყოფებოდა ჰააგაში და კონკრეტულ დეტალებზე თავად ისაუბრებს პრესაგე.ტვ–თან. თუმცა, მანამდე ქართული ხელისუფლების წაგებულ საქმეს შეაფასებს, რომელიც, როგორც მოსალოდნელ იყო, კვლავ გამარჯვებად შემოგვასაღეს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოს კიდევ აქვს შანსი გაარძელოს საქმის განხილვა. რამდენად რეალურია ეს დაპირება?

– ასეთი თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ეს შანსი იმდენად თეორიულია, რომ პრაქტიკულად, გამორიცხულია ამის რეალურად განხორციელება.

რატომ?

– საქმის წარმოების თავიდან დასაწყებად მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ისეთი ახალი გარემოება გამოჩნდა, რომელიც აქამდე სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი და ამის საფუძველზე შესაძლებელია ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტაციის ის ნაწილი, რაც მე წაკითხული მაქვს და მთავრობამ გაგზავნა, შინაარსობრივად, არ იყო ცუდად გაკეთებული სარჩელი. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულის დამატება შეიძლებოდეს, რაც ახალი წარმოების საფუძველი გახდება. საკმაოდ ამომწურავი და სრულყოფილი იყო სარჩელი, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემთვის გაუგებარია რატომ არ ელოდნენ მარცხს.

მაინც, რა იყო მარცხის მიზეზი არაკომპეტენტურობა თუ?...

– ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში, როცა გავიგე, რომ საქართველომ სარჩელი ჰააგაში მართლსაჯულების სასამართლოში წაიღო სპეციალურად პრესკონფერენცია გავმართე და საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვდი იმ მომენტისთვის წარმოებაზე უარი ეთქვა. 

ჯერ ერთი, საერთოდ რა გვინდოდა მართლმსაჯულების სასამართლოში, რომც მოგვეგო ეს პროცესი მერე რა? ეს ზუსტად ის ამბავია, რაც აქამდე ძალიან ბევრჯერ მოხდა – ბევრ გადაწყვეტილებაში, რეზოლუციაში და ა.შ. ჩაიწერა, რომ რუსი არის ოკუპანტი, კიდევ ბევრგან ჩაიწერა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ თუ  აღსრულების მექანიზმი არ იქნება ამით რა იცვლება?

ეს სასამართლო არის გაეროს სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც გაეროს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ სასამართლოს ძალიან მაღალი მორალური ავტორიტეტი აქვს, ძალიან ბევრი ქვეყანა დასჯილა იმის გამო, რომ ამ სასამართლოს გამოუტანია გადაწყვეტილება, მაგრამ არა რუსეთისნაირი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება არის ისეთივე პოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორიც გაეროს რეზოლუციები – სასარგებლო, მნიშვნელოვანი, კარგი, მაგრამ იმავე ტიპის, რაც ბევრი გვაქვს.

სარჩელის ამ სასამართლოში წაღება არასწორი იყო, მაგრამ თუ მაინცდამაინც, ამ სასამართლოში აპირებდნენ წასვლას, მაშინ, ყურადღებით უნდა  წაეკითხათ ის კონვენცია, რომლის საფუძველზეც საქმისწარმოება დაიწყეს. კონვენციაში შავით თეთრზე წერია, რა შემთხვევაში აქვს სასამართლოს იურისდიქცია ამა თუ იმ საქმის განხილვაზე.

დავიწყოთ იქედან, რომ სარჩელში შეტანილი იყო სამაჩაბლოში პირველი ომის ამბები და სრულიად ნათელი იყო, რომ ამაზე სასამართლო ”არა”-ს გვეტყოდა. ყველა კონვენცია მოქმედებს იმ დანაშაულებებზე, რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ იყო ჩადენილი სახელმწიფოების მიერ. პირველი ომი არანაირ სტანდარტში არ ჯდება ამ თვალსაზრისით. შესაძლოა იცოდნენ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ამ ომის ამბები იმიტომ შეიტანეს, რომ სარჩელში დაემძიმებინათ და დინამიკა ეჩვენებინათ, თუმცა ეს შეეძლოთ ისტორიაში მოეყოლათ და არა მოთხოვნაში დაეყენებინათ.

ამიტომ, თავისთავად არ არის კარგი, როცა ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებები გამოდის, რადგან მინიმუმ, იმას ამბობს, რომ ქვეყანაში მთავარი ორგანო, იუსტიციის სამინისტრო, ღრმად არაკომპეტენტური გყავს, რაც არ არის სიმართლე. ისინი არ არიან არაკომპეტენტურები, მაგრამ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პიარნაბიჯი, რათა ორი წელი ეძახათ როგორი მაგრები არიან - რომ რუსეთს სასამართლოში უჩივლეს. ოღონდ, ისეთ სასამართლოში უჩივლეს, საიდანაც რუსეთი დამარცხებული არ გამოვიდოდა.

რატომ, რა მიზანი ჰქონდათ?

– იმიტომ, რომ მათ არ აქვთ რუსეთის დასჯის არანაირი პოლიტიკური ნება; იმიტომ, რომ საქართველოს პირველ ხელისუფალს არაფერი ეტყობა, რომ ის ამას გულწრფელად აპირებს. ძალიან ბევრი რამ ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ეს დასკვნა გავაკეთოთ – დაწყებული რუსეთის აგენტების სკანდალური დაჭერებით, რომელიც შემდეგ, უცებ, ჩუმად უკან გადასცეს რუსეთს. ყველაფერი პიარზეა აგებული და ამ პიარით საბოლოოდ დაზარალებული საქართველოა, რომელსაც დაუკეტეს რუსული ბაზარი, გამოუყარეს უკან მოსახლეობა, რომლის ტერიტორიის მეტი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და სამაგიეროდ, გამარჯვებული დარჩა მიშა იმ თვალსაზრისით, რომ ყველგან მოიხსენიება, როგორც დიდი ანტირუსი და რუსეთთან მებრძოლი გოლიათი.

ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში რომ არ ხდებოდეს და ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს ჩვენთვის.

რაც შეეხება თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს, რომელ სასამართლოს მიმართეთ, რას ითხოვთ და რა პერსპექტივა ექნება ამ საქმეს?

– ჩვენ წავედით იმავე ქალაქში, ოღონდ ერთი გაჩერებით იქით მდებარე სასამართლოში – საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. გასული წლის თებერვალში პირადად ვიყავი ჰააგაში, სადაც 2008 წლის ომის დანაშაულებების შესახენ ყველა მასალა წარვადგინეთ.

საქმე ჯერ პროკურორის ოფისშია და იქ, როგორც ასეთი, სარჩელი არ შედის. იქ ითხოვ დანაშაულის გამოძიებას, რომელიც მოხდა და შესაბამისად, უნდა ამტკიცო, რომ ეს დანაშაული ნამდვილად მოხდა. ჩვენ დაახლოებით 6 ათასი მტკიცებულება წავიღეთ სხვადასხვა ფორმის – ვიდეო, ფოტოები, სატელიტური არხებიდან მოპოვებული მტკიცებულებები და ა.შ. შემდეგ იყო სხვადასხვა სახის კომუნიკაციები, ისინი პირადადაც იყვნენ ჩამოსულები საქართველოში.

ერთი თვის წინ იყო ამ ეტაპის შეჯამების შეხვედრა ჰააგაში, სადაც მიწვული იყო ყველა ის ქვეყანა, რომელთა საქმეებიც გამოძიების ეტაპზეა და მათ შორის – მეც საქართველოდან. მთავარ პროკურორთან და მის აპარატთან ერთად გავიარეთ მთელი საქმე და ძალიან კმაყოფილი ვარ, საქმე საკმაოდ წინ არის წაწეული – მესამე ფაზაში გადაგვიყვანეს, რაც წინასწარი მოკვლევის დასკვნითი ეტაპია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში შედეგების დადგომა დაიწყება.

მთავარი ისაა, რომ ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა დანაშაულის სიმძიმე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროკურორი დაინტერესდეს და საქმე საერთაშორისო სისხლის სასამართლომ განიხილოს. ეს სასამართლო იხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კოტ დ’ივუარის და ახლა, ლიბიის საკითხი, ანუ, ძალიან მძიმე დანაშაულებს.

ჩვენ სიმძიმის ფაზა უკვე გავიარეთ, მე სამჯერ დავუსვი პროკუროს ეს კითხვა და მან მიპასუხა: „ნუ გაქვს ეჭვები. ეს ასეა“. სწორედ ამ პროკურორის და ამ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი დანაშაული მოხდა. დანარჩენი საკითხები არის უკვე პროცედურები და ეს საკმაოდ მძიმე საკითხია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმისწარმოება არ დაიწყოს.

რატომ, ამით მათაც ექმნებათ საფრთხე?

– ბოლო ინფორმაცია, რაც აქვს პროკურორის ოფისს, თურმე საქართველოში აღძრულია საქმე ომის დანაშაულზე. ოღონდ რა დანაშაულზეა აღძრული, ვის წინააღმდეგ, მარტო რუსეთის თუ, ფაქტის მოკვლევა ხდება, პასუხი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უსასრულოდ შეიძლება გაიწელოს ეს პროცესი, მაგრამ, რაც ყველაზე სასაცილოა, იგივე მდგომარეობაა რუსეთშიც.

ანუ, სანამ საქართველოს მთავრობა გამოძიებას არ დაასრულებს, ჰააგაში განხილვა არ დაიწყება?

პროცედურა არის მარტივი – თუ სახელმწიფო ამბობს, რომ დანაშაული არის ჩადენილი და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, მთავარი პროკურორის ოფისი ვალდებულია დაელოდოს.

თუმცა, გაზაფხულის ბოლოს მათი ვიზიტია დაგეგმილი, უნდა გაკეთდეს შუალედური მოხსენება და ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ დავუმტკიცოთ პროკურორს, რომ ეს ყველაფერი დროის გაწელვაა და არაფერი აქვს საერთო ეფექტურ გამოძიებასთან. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ესეც იყო ერთ–ერთი საშინაო დავალება, რომელიც პროკურორის ოფისმა მოგვცა, რომ მათთან მჭიდროდ გვეთანამშრომლა. აქ ორივე საკითხი, ბუნებრივია, თანაბრად მნიშვნელოვანია და მხოლოდ ქართულ მხარეზე ვერ იქნებოდა საუბარი.

როგორ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ დროის გაწელვას ცდილობს?

– თუ დოკუმენტები იქნება ხელმისაწვდომი, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ თუ ჩვენი იუსტიცის სამინისტრო, ან პროკურატურა იტყვის, რომ ინფორმაციას მალავს, მაშინ, ეს კიდევ უფრო ადვილი დასამტკიცებელი იქნება. ამ დანაშაულებებში არაფერი ისეთი არ არის, რომლის გასაიდუმლოება აუცილებელი იქნება, ყველაფერი ტელევიზორში ვნახეთ.

ვთქვათ, საქმე სასამართლოში წავიდა, საქართველო მიერთებულია რომის კონვენციას, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში რა იქნება, ის ხომ არ ცნობს ამ კონვენციას?

– დანაშაული მოხდა რომის კონვენციას მიმარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და აქ ეს არის მნიშვნელოვანი, სხვა არაფერი საინტერესო არ არის. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სახელმწიფო არ ისჯება, იქ სჯიან კონკრეტულ დამნაშავეებს. ამიტომ, შენ თუ ხარ სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირების დანაშაული გამოიკვეთა შეიძლება თუ არა აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე,  მედვედევი, პუტინი, სააკაშვილი თუ მხლოდ გენერალიტეტზე გადატყდება ჯოხი?

–ვინაიდან სასამართლო კონკრეტული პირების დანაშაულებებს იძიებს, დაისჯება ის პირი, ვისზეც ეს ქვეყანა მოახდენს იდენტიფიცირებას. 24 ადამიანი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი დასაჯეს უკვე ამ სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი პრობლემა აქ არ იქნება. მე არ ვიცი, ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე ან ერთი, ან მეორე მხრიდან. დანაშაული, რომლის დადასტურებას ვცდილობთ ამ შემთხევაში 99%–ით არ ეხება ქართულ მხარეს.

ეს არის რამდენიმე დანაშაული – მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, მიზანმიმართული მკვლელობები, ტყვეებისადმი მოპყრობა, რომელიც წამების ტოლფასი იყო, ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ქონების მიზანმიმართული განადგურება, რომელმაც გამოიწვია სოფლების დაცარიელება და მოსახლეობის გადაადგილება.

ამ ყველა დანაშაულს ყავს ავტორი და მთავარი კითხვა, რომელსაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მე მისვამენ ჰააგაში ისაა, რომ ჩემი აზრით, სადამდე მიდის ეს საქმე და ვინ იყო ბრძანებების გამცემი? ეს არის მნიშვნელოვანი საშინაო დავალება პროკურორის ოფისისთვის, რომ დაადგინონ და იპოვონ ბრძანების გამცემი.

ქართულ მხარეს რა უყენებენ ბრალად?

– იქ არის შეტანილი საქმეები საქართველოს მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, მაგრამ ჩემს საქმეში ამის მსგავსი არაფერი არ არის, არა იმიტომ, რომ მე დავინდე ვინმე, არამედ, მე მგონია, რომ დანაშაულის ხარისხიდან გამომდინარე, ქართული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულები იმდენად არაპროპორციულია რუსულ მხარესთან შედარებით, რომ ვფიქრობ, არასერიოზულია ისინი გავათანაბროთ.

თუმცა, როგორც გითხარით, ქართული მხარის წინააღმდეგ, რუსული მხრიდან არის შეტანილი რამდენიმე დოკუმენტაცია, ერთ–ერთი –  გენოციდის მუხლით, რაც ჩემი აზრით, სრული აბსურდია და მათაც ფორმალურად უარი აქვთ ნათქვამი ამ დანაშაულის გამოძიებეზე. მეორე საქმე კი, რომელიც შეტანილია, გაცილებით სერიოზული და ნიშანდობლივია და პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის – ეს არის სამშვიდობებზე თავდასხმა. ამის პრეცენდენტი უკვე ჰქონდა ამ სასამართლოს და ამ მუხლით უკვე დაისაჯა ადამიანი.

მთავარი არგუმენტი, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ სამშვიდობოები აღარ იყვნენ სამშვიდობოები, გასცდნენ თავის სტატუსს და რეალურად, მხარედ იქცნენ – სერიოზულად სუსტი პოზიციები გვაქვს სამართლებრივად. ჩვენ რომ ეს ომამდე ფორმალობად გვექცია, რა თქმა უნდა, მარტივად გვექნებოდა საქმე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დსთ–ში რჩებოდა, ამბობდა, რომ ეს იყო სამშვიდობო ჯარი და წლიდან წლამდე მანდატს უგრძელებდა. მერე კი უამრავი ფაქტი მოიტანა, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ ასე არ ხდება – ერთ დღეს გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ თურმე სამშვიდობო კი არა მხარე გყოლია.

გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, რუსული მხრიდან, ასევე წარდგენილია დოკუნემენტაცია მოსახლეობის მიტოვების შესახებ, თუმცა ეს დოკუმენტი მე არ წამიკითხავს და არ ვიცი რა ფაქტოლოგიას ეყრდობა და ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია.

თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ამ სასამართლომ თუ რუსეთისთვის გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა, საქართველო ამით რას მიიღებს?

– გააჩნია განაჩენის სიმძიმეს, თუ რუსული მხრიდან კულახმეტოვი გამოცხადდა დამნაშავედ და ამით დამთავრდა ყველაფერი, ეს ჩაითვლება, რომ გადაწყვეტილება ადგილზე იქნა მიღებული და ვიღაცამ გადაამეტა უფლებამოსილებას.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პუტინი იყო, რთულია ამის დამტკიცება?

– სამწუხაროდ, პუტინამდე საქმე არ მივა, ეს ძალიან, ძალიან არარეალისტურია, სააკაშვილისგან განსხვავებით, პუტინი არ არის ჯარების მთავარსარდალი. ჩვენ კი ვიცით, რომ ბრძანება პუტინისგან მოდიოდა, მაგრამ ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ფორმალურადაც კი არ გვაქვს ამის ნიშნები. პრეზიდენტის შემთხვევაში ამის ფორმალური ნიშნები მაინც არსებობს. ჩვენ ბევრი რამ ვიცით და ბევრ რამეზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ სასამართლო არ არის პოლიტიკური არგუმენტების არენა, ეს არის სამართლებრივი არგუმენტების და მტკიცებულებების არენა.

სხვათა შორის, როცა ჰააგაში ვიყავი ძალიან საინტერესო საქმე დაიწყო კენიელი დამნაშავეების წინააღმდეგ. სამი ადამიანის გასამართლება დაიწყო, ერთი დეპუტატია, მეორე – მინისტრი და მესამე არის კენიის სატელევიზიო არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. თავიდან, მეგონა, რომ როგორც ჟურნალისტი იარაღით ხელში იბრძოდა, მაგრამ როცა საქმე ვნახე, აღმოჩნდა ამ ადამიანის წინააღმედგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ იგი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხელს უწყობდა იმ ძალადობას და დანაშაულბს, რაც იქ ხდებოდა.

პრეცენდენტზე როცა ვსაუბრობთ, ასეთი რამაც ხდება, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივი იყო, ჩამოიტანეს 500 კასეტა, რომელიც საქმეს ერთვოდა. რაც შეეხება პუტინს, თუ ვინმე პუტინის სატელეფონო ჩანაწერს მოიტანს... ასე რომ, ეს ძალიან რთული ბრალდებაა და ამას მე და თქვენ, თავიც რომ მოვიკლათ ვერ დავამტკიცებთ. საერთოდ, ბრძანების გამცემზე საკითხი რომ დგას - ძალიან სასაცილოა. ხელისუფლება, რომელიც ყველას გვისმენს და ომის დროსაც გვეუბნებოდა, რომ მისი მთავარი მტკიცებულეები მოსმენებზე გადიოდა, იმ სასამართლოს, რომელსაც მართლა შეუძლია ხალხი დასაჯოს, ამ მასალებს არ უგზავნის.