„პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს რაღაც წაართვეს, აქამდე მხოლოდ ნახმარ პიჯაკს და პალტოს ედავებოდნენ“

„პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს რაღაც წაართვეს, აქამდე მხოლოდ ნახმარ პიჯაკს და პალტოს ედავებოდნენ“

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების თანახმად,  რუსთავი 2-ში დროებითი მმართველებად - რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს- „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას დროებით შეუჩერდათ აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.

მოსამართლე ურთმელიძის განჩინებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერები, გარკვეული პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ქვეყანა და სასამართლო ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ნორმიდან გავიდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი თვლის, რომ სამართალი აღსრულდა, რადგან ტელევიზია კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

„ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია თვლის, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა კონტროლი „რუსთავი 2“-ზე, რომელსაც უკანონოდ ფლობდა.

„შემიძლია ჩამოგითვალოთ 300 მილიონის ქონება, რომელიც მას და მის ოჯახს აქვს მითვისებული უკანონოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქონება მილიარდს აჭარბებს, მაგრამ ჩემთვის ცნობილია 300 მილიონის ქონება და რომელზეც ჩვენ საუბარი შეგვიძლია ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით.

„რუსთავი 2“ იყო ის პროპაგანდისტული მანქანა, რაზეც იდგა სააკაშვილის უნამუსო და უსინდისო მთავრობა. „რუსთავი 2“-ის საშუალებით ხდებოდა დამალვა და გათეთრება იმ უმძიმესი დანაშაულებების, რასაც სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა სჩადიოდა“, - აცხადებს ბაღათურია For.ge-სთან საუბარში.

ჩვენს შეკითხვაზე, დღევანდელი გადაწყვეტილება რამდენად შეიძლება გახდეს იმ პროცესების პრეცენდენტი, რომ უკანონოდ წართმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეთ, ბაღათურია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს რაღაც წაართვეს, რადგან აქამდე მას მხოლოდ ნახმარ პიჯაკს და პალტოს ედავებოდნენ.

„იმის მიუხედავად, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ჰქონდათ პირადად ჩემს მიერ მიწოდებული ხელმოწერილი დოკუმენტი იმ ქონების შესახებ, რასაც სააკაშვილს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული, მათ მაინც დაუყადაღეს ბებიამისის 25 წლიანი ავტომობილი „ჰონდა“. ვნახოთ, როგორ დამთავრდება მოვლენები.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ფაქტი სამართლიანობის აღდგენას დავუკავშირო, მაგრამ თუ ჩვენ ვნახავთ მსგავს ისტერიკას ქონების უკან დაბრუნების შემთხვევაში - როდესაც „კავაკსუს ონლაინი“, კუს ტბა, „ელმავალმშენებელი ქარხანა“ დაუბრუნდება თავის პატრონებს და კანონიერ მფლობელებს, ყველაფერზე თუ ასეთი ისტერიკა ატყდება და ყველაფერზე თუ ასეთი ენერგიით იბრძოლენ ეს ნახევარკაციანი პარტიები, როცა სააკაშვილს და მისი პარტიის წევრებს უკანონოდ მითვისებულ ქონებას ჩამოართმევენ, გაუგებარია, რას დაემსგავსება ეს პროცესი“,-აცხადებს ბაღათურია.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, ამ შემთხვევაში შეაფასება არის ცალსახა - როდესაც სასამართლო გადის სამართლებრივი სივრციდან და როდესაც მოსამართლე ხდება ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების ავტორი, იქ დემოკრატიულ სახელმწიფოზე საუბარი ზედმეტია.

„ის პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში მიდის, რეალურად არის დიქტატურის გაფორმება. როდესაც მოსამართლე საკუთარ განჩინებაში წერს, რომ აუცილებელია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ განჩინებას ასე ასაბუთებს, იქ მთავრდება ყველაფერი. დიქტატორულ ქვეყნებში გადაწყვეტილებებს დემოკრატიული სარჩულით მაინც ფუთავდნენ და ვფიქრობ, დღეს ძალიან რთულ პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც თავად ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ველიდან და ცდილობს მიიტაცოს ტელევიზია“, - აცხადებს ლეიბორისტი For.ge-სთან საუბარში.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის არადამახასიათებელი რაფინირებულობით მიდის პროცესი, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ქმედებები, როგორც ყოფილი მმართველი ძალის, რომლის ტყვეობაში იმყოფებოდა „რუსთავი 2“.

„პროცესი მიდის ღია და გამჭვირვალე ფორმით, კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად მომზადებულები არიან მოდავე მხარის, ანუ ხალვაშის ადვოკატები. თუკი სიმართლე ხალვაშის მხარესაა და თუკი მისი ადვოკატები ნორმალურად მომზადებულები არიან და „რუსთავი 2“-ის ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესს აგებს, ეს უკვე არ არის არავის, მათ შორის სახელმწიფოს ბრალი.

 ყველაზე მთავარია, რომ დადგინდეს სიმართლე, მოეხსნას ამ მედიასაშულაებას ის პროპაგანდისტული უღელი, რაც პოლიტიკური პარტიის დაქვემდებარებაში ყოფნას გულისხმობს და მიეცეს საშუალება მედიისთვის გათვალისწინებული სტანდარტებით იმუშაოს“, - აცხადებს გამზარდია და აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, არსებობს რაღაცეები, რაზეც დავობენ იურისტები, ზოგჯერ რაღაც დეტალები პროცედურულად, კონკრეტული წვრილმანები გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა აქაც არის სივრცე „რუსთავი 2“-ისთვის.

„მათ შეუძლია გასაჩივრება. იშვიათია ასეთი დახვეწილი პროცესი, როგორიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს, თუ რა თქმა უნდა, ხელოვნურ ისტერიულ ფონს არ ჩავთვლით, რომელსაც კონკრეტული პარტია და მისი აქტივისტები ახორციელებენ“, - აღნიშნავს გამზარდია.