„ის, რომ ეროსის რამე პრეტენზია ჰქონდა ხალვაშთან, ეს არის ტყუილი - ჩემს თვალწინ გაირა ყველაფერმა“

„ის, რომ ეროსის რამე პრეტენზია ჰქონდა ხალვაშთან, ეს არის ტყუილი - ჩემს თვალწინ გაირა ყველაფერმა“

ზურაბ კიწმარიშვილი თვლის, რომ რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ პროცესებში, როდესაც „რუსთავი 2“–ის მფლობელობის პრეტენდენტები გამოჩნდნენ და მიმდინარეობს ეს პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც საუბარი იმ კონტექსტში, რომ ის იყო ამ ტელეკომპანიის ერთ–ერთი მფლობელი და მას გააჩნდა „რუსთავი 2“–ის მმართველობის წილობრივი მფლობელობა. ზურაბ კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ იქნება მომენტი, როდესაც შემდგომ ინსტანციებში ეროსის ინტერესებზეც იქნება საუბარი.

„ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული წილობრივ საკითხთან დაკავშირებით და თუკი სასამართლო პროცესი წარიმართება დამოუკიდებლად, ამ მოცემულობაში მისი ინტერესებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებელი. ია კიწმარიშვილს ამის თაობაზე აქვს თავისი მოსაზრება და თუ საჭირო გახდება, თავად გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას და შესაძლებელია გარკვეულ პროცესებშიც მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

სწორედ ეროსი კიწმარიშვილის საკითხი იყო ერთ–ერთი მთავარი კითხვა, რომელიც „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან ჰქონდათ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ეროსი კიწმარიშვილი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა ის ქიბარ ხალვაშისა და ტელევიზიის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის შეთანხმების მონაწილე, ან ხომ არ აპირებს ქიბარ ხალვაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კომუნიკაციას და მათთან რაიმეზე შეთანხმებას.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებს მისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ძალიან განსხვავებული იყო კიწმარიშვილის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის პოზიციები.

„ტელევიზიის გასხვისებისას ერთს ათჯერ მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე ორ დანარჩენს. მე არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია ეროსი კიწმარიშვილთან და დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია „რუსთავი 2“– ის ჟურნალისტებს გაგაცნოთ ის მიმოწერა, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა, თუმცა არა საჯაროდ. ეროსი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის ეს არ იყო სიმართლე. როგორც სიტუაციას დასჭირდებოდა, ისე მოარგებდა ხოლმე“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

რაც შეეხება იმას, გადაუხადა თუ არა მან 6 მილიონი ეროსი კიწმარიშვილს ტელევიზიის შესყიდვის დროს, ხალვაშმა აღნიშნა, რომ მას პირადად კიწმარიშვილისთვის თანხა არ გადაუხდია, არამედ აძლევდა ვიღაც X პიროვნებებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული და შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს თანხა ეროსი კიწმარიშვილს გადაუხადეს.

„მიცემული მაქვს ეს ჩვენება პროკურატურაში. ძალიან გთხოვთ ამოიღოთ. მანდ იყო ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირების დანაშაული. ამაში ჩარეული იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი და მთელი ხელისუფლება“, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

თავის მხრივ ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

„მე პირადად ამის შესახებ არაფერი ვიცი. შესაძლებელია ეს რეალურად იყო კიდეც, მაგრამ მე არ მინახავს. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი და ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი ამას ვიგრძნობდი“, – აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.

მოხდება თუ არა „რუსთავი 2“–თან“ დაკავშირებულ პროცესებში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ჩართვა, ჯერჯერობით უნცობია ხალვაშის ადვოკატისთვის. როგორც პაატა სალია აცხადებს მისთვის, როგორც ადვოკატისთვის მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ კონტექსტს.

„მე არ ვიცი რა საფუძვლით მოითხოვს ამ შემთხვევაში კიწმარიშვილი პროცესში ჩართვას. თუ საუბარია კეთილი ნების გამოვლენაზე, როგორც ეს ქიბარ ხალვაშმა ორ ყოფილ პარტნიორთან დაკავშირებით გამოავლინა, ეს ისევ და ისევ მისი კეთილი ნების თემაა და თვითონ უნდა ისაუბრობს. ჩემი კლიენტისგან არ ვარ უფლებამოსილი, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან არ ვმონაწილეობ ამ მოლაპარაკებებში“, – აცხადებს პაატა სალია.

პროკურატურას „რუსთავის 2“–ის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, რომლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მასალებს გაასაჯაროვებს, გამოჩნდება ვინ რა როლი შეასრულა ტელეკომპანიის „გადაფორმების“ პროცესში.

„იქნებ მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ გაასაჯაროვოს ის ინფორმაციები, რომელიც გამოძიებაში დევს. ძალიან საინტერესო მასალებია, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ იმოქმედა, როგორ გაუშვეს გაკოტრებაზე, ვისი დავალებით და ასე შემდეგ. აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან და არა ის ვიღაც კარსანიძე, რომელიც შლოპანცებით ზის, საიდანღაც გამოიყვანეს და გადააფორმებინეს.

ეს ადამიანი სრულიად არაფერ შუაშია. მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია სასაცილო იქნება, ვინც წამართვა ტელევიზია დღეს ოდესაში ზის, სამწუხაროდ ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს“, – ასე მიმართა „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტს დავით დვალმა.

იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურატურა გაასაჯაროვებს „რუსთავი 2“–ის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კანონიერი მესაკუთრეების ჩვენებებს და მათ შორის ეროსი კიწმარიშვილს, ნათელი გახდება, რაში სდებდა კიწმარიშვილი სააკაშვილს ბრალს და ჰქონდა თუ არა მას პრეტენზიები „რუსთავი 2“–ის 100%–იანი წილების მფლობელთან, ეროსი კიწმარიშვილთან.

ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ კიწმარიშვილს პრეტენზიები არ ჰქონდა „რუსთავი 2“–ზე.

„ეროსის ძალიან კარგად ვიცნობდი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან. ის, რომ ეროსის რამე პრეტენზია ჰქონდა ხალვაშთან, ეს არის ტყუილი. ჩემს თვალწინ გაირა ყველაფერმა და ეს ინფორმაცია ვიცი უშუალოდ ეროსისგან და ქიბარისგან, რადგან რაღაცეებზე შეთანხმდნენ. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მეგობარი იყო, მახსოვს ეროსის და ქიბარის შეხვედრა. ამ შეხვედრას ქიბარ ხალვაში არ უარყოფს. ეს შეხვერდა შედგა მიუნხენში, საუბარი იყო „რუსთავი 2“–ზეც. ასე რომ, ხალვაშს „რუსთავი 2“–ზე დავა გუშინ და დღეს არ დაუწყია. ჯერ კიდევ 2006 წლიდან დავობს მის საკუთრებაზე“, – ამბობს გიორგი ფოფხაძე.