მთავრობამ პენსიების ზრდის საკითხს წაუყრუა

მთავრობამ პენსიების ზრდის საკითხს წაუყრუა

მთავრობამ პარლამენტის მოთხოვნას წაუყრუა და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში პენსიების მატების საკითხი არ გაითვალისწინა. ის კი არადა, ფინანსთა სამინისტრომ დეპუტატთა არც ერთი შენიშვნა არ მიიღო მხედველობაში.

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე შევიდა. ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენა ბიუროს სხდომაზე მოხდა და ის რეგლამენტის დადგენილი წესით, კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცა. ამის შემდეგ ბიუჯეტი განხილვისთვის სესიაზე უნდა გავიდეს, ხოლო 15 ნოემბრამდე მთავრობას შენიშვნებით უკან კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ კომიტეტებიდან წარდგენილი არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. კანონმდებლები სამთავრობო უწყებებისათვის დაფინანსებების გაზრდას ითხოვდნენ. ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უნდა შეხებოდათ, რაც დამატებით 200 მილიონი ლარის მობილიზებას გულისხმობს. დეპუტატები მომავალი წლიდან, ასევე, პენსიების გაზრდას ითხოვენ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია კომპონენტია, რომლითაც ხელისუფლება საარჩევნო წელს თავის მოწონებას აპირებს.

მიუხედავად ამისა, პენსიების მატება მთავრობამ არც 2016 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში გაითვალისწინა. კანონპროექტის მიხდევით, საპენსიო უზრუნველყოფისთვის ზუსტად იგივე თანხაა გაწერილი, რაც პირველ ვარიანტში იყო. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1 მილიარდ 480 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 90 მილიონით მეტია, ვიდრე 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები.

ეს თანხა პენსიების თუნდაც 10 ლარით გასაზრდელად საკმარისი არ არის. იგი უნდა მოხმარდეს მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები ადამიანების პენსიების ზრდას და ასაკით პენსიონერთა რიცხვონობის მატებიდან წარმოშობილი ხარჯის დაფარვას.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა მთავრობას პენსიების ზრდისკენ არაერთხელ მოუწოდა, ამ ეტაპისთვის ეს შენიშვნა გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე, პენსიების ზრდის შანსი თანდათან მცირდება. მთავრობა ამ საკითხისადმი ზედმეტად ფრთხილია.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პენსიების ზრდის შანსი არსებობს და ამას უახლოეს დროში თავად ფინანსთა სამინისტროც დაადასტურებს.

ის კი არადა, დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ პენსიების მატება მოხდება და ეს არ იქნება მხოლოდ 10-ლარიანი მატება თუმცა, როდის და რამდენით მოიმატებს პენსია, კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.

„ველოდებოდი, რომ ამ ვარიანტით შემოვიდოდა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი. მუშაობა გრძელდება ამაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ვარიანტის გამოტანის დროს ფინანსთა სამინისტრო უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ მატების პერსპექტივა არის რეალური“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ბოლო ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ოქტომბრის თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლის დამუშავებას ელოდება, რათა მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდის სურათი მეტ-ნაკლებად დაადგინოს. ასე რომ, პენსიების ზრდის საკითხი, შესაძლოა, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში აისახოს.