„თუ ვინმე აპირებს კაბინეტში გამაგრებას, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება“

„თუ ვინმე აპირებს კაბინეტში გამაგრებას, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება“

„საყევარიშვილს და დვალს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას“, -აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, მოსამართლის განჩინება უკვე ძალაშია და ფაქტობრივად, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები არიან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის იცავს „რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანების უფლებას.

„რაც შემეხება მე და ჩემს კოლექტივს, კოლექტივი თვითონ გააკეთებს განცხადებას. ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას, იმუშაონ თავისუფლებად, კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების ფარგლებში. მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

„თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება“, - ასე უპასუხა გვარმიას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ახალ მმართველებს თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება უნდა მიეცეთ.

„ჩვენ არანაირ იძულებას, ძალადობას არ ვაპირებთ. თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, საზიანო იქნება თქვენთვის, ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები. ზიანს კი ისინი პირადად აანაზღაურებენ და ა.შ. იმისათვის, რომ მოხდეს ჩვეული საქმიანობა, ხელფასების დარიგება, გარკვეული ნივთების შესყიდვა, ყველაფრისთვის საჭიროა რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის უშუალო ჩართულობა, ეს არის სასამართლოს განჩინება. ყველანი უნდა ვიყოთ კანონმორჩილნი და შევასრულოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებს პაატა სალია.

უფლებაშეჩერებული გვარამია ტელევიზიიდან გამოსვლას არ აპირებს, თუმცა „კარგად გათვლილ პროვოკაციაზე“ წასვლას არ აპირებს ჯარჯი აქიმიძე, რომლის განცხადებით, ტელეკომპანიაში შესვლის პროცესში არ მოხდება „სპექტაკლის“ დადგმა, როგორც ნიკა გვარამია იქცეოდა.

„დღეს არის 6 ნოემბერი, ისეთი რამ, რაც იყო გვარამიას მიერ დადგმული სპექტაკლი 7 ნოემბრის დოკუმენტური კინოს შესახებ, არ იქნება. არავინ არ შერბის და არავინ აკეთებს იმას, რაც მათ გააკეთეს შემდეგ კი გაახმოვანეს, დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება და თურმე დღეს არის დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის დამცველი, როდესაც დუბინკებით დასდევდნენ კოლეგებს“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ტელეკომპანიის დრობითი მმართველის, დავით დვალის განცხადებით, დღეიდან ვერავინ ვერ ეღირსება სისხლის დაღვრას, რადგან მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ი ერთადერთი ხელომოსაჭიდი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ვერავინ მოახერხებს მისი საშუალებით სიტუაციის არევას ქვეყანაში.

„ტელევიზია ერთადერთი ხელმოსაჭიდია ექსტრემისტულად ქცეული ჯგუფისთვის, ერთადერთი ბასტიონი, რომელშიც არის გამაგრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერზე წავა, არაფერზე არ დაგინდობთ. სისხლის დაღვრა უნდათ? არ დაგინდობთ. აწი მე და რეზო ვართ ოფიციალური მმართველები. ვერავინ ვერ ეღირსება მაგას. მხოლოდ მშვიდობიანად იქნება ყველაფერი. არანაირი პრობლემა არ შეექმნება არავის, არანაირი ძალადობა არ იქნება! აღკვეთილი იქნება ყველა მცდელობა, თუ მეორე მხრიდან ამის ექნება ადგილი.

ყველამ სკაუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად სამართლიანაადაა გამაგრებული ის ხალხი იქ და იქცეოდა ამ წლების განმავლობაში, ან იქცევა დღეს. ეს პაატას სათქმელია, მაგრამ მე ვიტყვი. ის ადამიანი, ვინც თქვენი დირექტორი იყო, უფლებაშეჩერებულია და ნებისმიერი მისი ქმედება იქნება უკანონო. აწი თქვენი გადასაწყვეტია ისევ მის ავანტიურებს შეასრულებთ, თუ კოლექტივი დაფიქრდებით იმაზე, რომ იზრუნოთ თქვენს მომავალზე, ღირს თუ არა ამის გაკეთება“,- აღნიშნა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიას არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს და ისინი არ იქნებიან გათავისუფლებულებული სამსახურიდან.

„შემიძლია, ერთი რამ გითხრათ ხაზგასმით, როგორც დამფუძნებელს, მსურს და პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, ჰქონდეს რეიტინგი, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე. ხაზს ვუსვამ, არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს ტელევიზიას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ დავდგებით ჟურნალისტების კედლად, რომ იყვნენ თავისუფლები საქმიანობაში“, - განაცხადა დავით დვალმა.

ამავე თემაზე ისაუბრა ქიბარ ხალვაშმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია კომერციულად გამართული უნდა იყოს, რის გამოც ხელფასების დაბალანსება მოხდება.

„არ არის მართებული, როდესაც აღნიშნულ პირობებში ადამიანებს 30 და 45 ათასი აქვთ ხელფასი და მოხდება რეალური თანხის შეთავაზება, თუმცა ეს არ მოემსახურება ვინმეს დამცირებას. ხოლო, თუკი, ვინმეს შეთავაზებული პირობები არ დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვოს ტელევიზია. ჩემი მიზანია, ჟურნალისტების მაქსიმუმი შენარჩუნდეს, რათა ვინმემ არ თქვას, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. პირობას ვერავის მივცემ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები და სპეცრაზმელები პოსტებს შეინარჩუნებენ“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

დღესვე, ბიზნესმენმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტყვა „ზონდერის“ გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, მან სიტყვა არასწორად შეარჩია და არაობიექტური უნდა ეთქვა. „ზონდერად თუ ვინმემ ჩათვალა თავი, ეს მისი პრობლემაა“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.