ოქტომბერში ინფლაციამ პატარა ნახტომი გააკეთა და ეროვნულმა ბანკმაც თავისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაიწყო. თუმცა, ეს ძალიან დაგვიანებულია, რამდენადაც მიზნობრივი ინფლაციის ჩარჩოებში დაბრუნება უკვე შეუძლებელია. წინ ტრადიციულად რთული ნოემბერი და დეკემბერია, შესაბამისად, პროდუქციის გაძვირებას აწი ვერაფერი შეაკავებს.
საქართველოში ფასების ზრდის ზრდის ტემპი დაჩქარდა და მისი დონე 2015 წლის ოქტომბერში 5,8%-ით განისაზღვა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5,2% იყო, აგვისტოში კი - 5,4%.
სტატისტიკური მონაცემებით, ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2011 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ინფლაცია 7,2%–ს შეადგენდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა, ივნისში – 4,5%, მაისში – 3,5% შეადგინა, აპრილში – 2,5%, მარტში - 2,6%, თებერვალში – 1,3%, იანვარში – 1,4%. ოქტომბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0,9%-ით გაძვირდა. რძე, ყველი და კვერცხი - 3,3%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული - 6,5%-ით გაძვირდა, სამაგიროდ, გაიაფდა ხილი და ყურძენი 9,2%-ით.
ჯანდაცვის სექტორში კი ფასების ზრდა ისევ გრძელდება, ამჯერად ჯამურად 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მათ შორის, ფარმაცევტული ნაწარმის ღირებულება 6,7%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2%-იანი ზრდა, რაც ენერგომატარებლების 10,5%-იანმა გაძვირებამ განაპირობა.
ასეთი ინფლაციის შემხედვარე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვიტა კვლავ გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი წლის ბოლომდე ვერაფერს შეცვლის. ნოემბერი და დეკემბერი ერთ-ერთი ყველაზე ინფლაციური თვეებია. ამიტომ ფასების ზრდის დინამიკა გაგრძელდება და წლის ბოლოს შესაძლოა 7,5%-იანი მაჩვენებელიც კი მივიღოთ.
სებ-ის კომიტეტმა კი 2015 წლის 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი ახლა უკვე 7.5 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც სებ-ი აგრძელებს პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ. განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.
ეროვნულ ბანკში ვეღარ მალავენ, რომ ინფლაციის სადავეები ხელიდან გაექცათ. მათივე პროგნოზით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში მიზნობრივი მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5-პროცენტიან მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში თუ მიაღწევს.
ქადაგიძის უწყებაში მიუთითებენ, რომ ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის გადასახადის მატებამ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს ცნობით, 2015 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5826 ადამიანს და 2761 იურიდიულ პირს აქვს. შესაბამისად, მათთვის სებ-ის ნაბიჯი უარყოფითი იქნება.
„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის საპასუხოდ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. თუმცა, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინი არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე“, -აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.