ბოლო ხანს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ახალ-ახალი გადაწყვეტილებებით გვანებივრებს. სულ ახლახანს გიორგი პაპუაშვილის უწყებამ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „თავისუფლების ქარტიის“ მიერ სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სახელმწიფო სამსახურებში თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საუბარია საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ნოდარ მუმლაური არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
„თავისუფლების ქარტიის“ სადავო ნორმების თანახმად, სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების ყოფილ წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს და ახალგაზრდულ ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქამდე ეკრძალებოდათ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავება.
დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩამორთმევა მათი არა სამართლის სუბიექტებად, არამედ სამართლის ობიექტებად განხილვის ტოლფასია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების უფლება.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ მუმლაური „მწვანეთა პარტიიდან“ თელავის მერობის კანდიდატი იყო და, მერად არჩევის შემთხვევაში, თელაველებს, პირველ რიგში, წყლის პრობლემის მოგვრებასა და მრიცხველების გაუქმებას ჰპირდებოდა. მუმლაური 1951 წელს დაიბადა და 1985-86 წლებში პარტიის თელავის რაიკომის მდივანი იყო, 2003 წლამდე კი მუშაობდა კახეთის გუბერნატორის მოდგილედ.
რაც შეეხება „თავისუფლების ქარტიას“, სააკაშვილის დროს ამ თემამ კუდიანებზე ნადირობის ელფერი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ლუსტრაციის პროცესი პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაცემისთანავე დაიწყო, საქართველოში, არაერთგზის მცდელობის შემდეგ, ლუსტრაციის ელემენტების მქონე კანონი მხოლოდ 2007 წელს შემუშავდა და პარლამენტმა მხოლოდ 2011 წელს მიიღო.
„თავისუფლების ქარტია“ სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა - ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ლუსტრაცია და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. კანონი, ასევე, ითვალისწინებდა თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილამდე საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებთან დაკავშირებულნი იყვნენ.
თუმცა ლუსტრაციის ელემენტების მქონე კანონის მიღებამ იმთავითვე გაურკვევლობა შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი საბჭოური ანტიპათიას იწვევდა, ეს არ გამორიცხავდა, რომ საბჭოთა ნომენკლატურაშიც იყვნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც შეფარვით მაინც ემსახურებოდნენ საქართველოს. ამდენად, ალბათ, ამ ადამიანების წარსული ინდივიდუალურად უნდა განეხილათ და ყველანი მოღალატეებად არ გამოეცხადებინათ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან ადამიანების დაწუნება იმის გამო, რომ წინა რეჟიმის დროს მსახურობდნენ, დაუშვებელია. ასეთი რამ გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკებსაც კი არ უკადრებიათ და მაშინდელ საბჭოთა კავშირში მეფისდროინდელი ძალზე ბევრი ჩინოვნიკი მსახურობდა. ელემენტარულად, სტალინის უახლოესი თანამებრძოლი, გენერალური შტაბის უფროსი, მარშალი საპოჟნიკოვი მეფის ოფიცერი გახლდათ, რომ არაფერი ვთქვათ ლეგენდარულ ჩაპაევზე, რომელიც მეფის ოფიცერი იყო, ასევე, ტუხაჩევსკიც ოფიცერი იყო.
„ასე რომ იყოს, მაშინ პირველი ვოლსკი უნდა გაუშვან სამსახურიდან, რადგან ვოლსკი ცეკაში მსახურობდა, ეს მშვენივრად მახსოვს, თანაც, მსახურობდა საორგანიზაციო ანუ კადრების სამჭედლოს განყოფილებაში. თორემ მეცნიერები, ჩვენი კოლეგები, არავინ არ ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. ზოგადად, ადამიანების ამ ნიშნით დათხოვნას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც უნდათ, გაამართლონ, რომ პარტიის, ერთგულების გამო ნიშნავენ კადრებს და არა- პროფესიონალიზმით. ნეპოტიზმის პრინციპი როცა ბატონობს, მაშინ არავის სურს ძველი კადრები. ასე რომ ყოფილიყო, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრი-ფუშე არ იქნებოდა თანამდებობაზე, რადგან წინა ხელისუფლებასაც ემსახურებოდა, ისევე, როგორც -ტალეირანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გერმანიაში ჰიტლერის დროს ვინც მსახურობდა სამინისტროებში, ჰიტლერის შემდეგაც ახალ გერმანიაში ისევ მსახურობდნენ. წინა რეჟიმის დროს მომსახურე ჩინოვნიკები არ მივიღოთო,- ასეთი დოკუმენტი თვით ჰიტლერსაც არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვაიმარის რესპუბლიკა ჭირის დღესავით ეჯავრებოდა და, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო 1934 წლის დეკემბერში“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში სოსო ცინცაძემ და განმარტა, რომ ეს გამოქვაბულის ეპოქის მენტალობაა, რაც, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნებს ახასიათებს, სადაც თანამდებობები ცოტაა და ყველას არ ჰყოფნის.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხრა კაცისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილებაა და, ალბათ, მსჯელობის გარეშე ასეთ ცვლილებებს არავინ მიიღებდა. თუმცა, თავისთავად, კომპარტიის ჩინოსნებისთვის თანამდებობაზე დანიშვნის აკრძალვის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ბევრს არაფერს შეცვლის, ისევე, როგორც არაფერს ნიშნავდა თავად „თავისუფლების ქარტიაც“. სინამდვილეში, ნაციონალებს არანაირი ლუსტრაციის კანონის მიღება არ უნდოდათ და მარტივი გამოსავალი იპოვეს - ლუსტრაციის კანონი ჩაანაცვლეს ფსევდოლუსტრაციის კანონით.
„რეალურად, წლების წინ ამ კანონის მიღებით არაფერი შეცვლილა ქვეყანაში. ლუსტრაციის კანონს იმ მოტივით იღებდნენ, რომ ქვეყანაში დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება, რუსეთის მე-5 კოლონას, აგენტურას არ ემუშავა. არადა, ვინ არის ეს მე-5 კოლონა, თავიდან ბოლომდე არც მაშინ ვიცოდით, არც დღეს ვიცით. ეს კანონი მაშინაც და დღესაც მხოლოდ პიარის შემადგენელი ნაწილი იყო და მეტი არაფერი. ამიტომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არც არაფერს ნიშნავს. ის ხალხი, რომელზეც კანონი უნდა გავრცელდეს, დღეს 60 წელს გადაცილებულია და რაღა აზრი აქვს? 60 წელს გადაცილებულს ვინმე ნიშნავს თანამდებობაზე“? - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.