ავტოგაზის ბიზნესში კარტელური გარიგება არ დადასტურდა

ავტოგაზის ბიზნესში კარტელური გარიგება არ დადასტურდა

კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო გაზის ბაზარზე კარტელური შეთანხმება ვერ აღმოაჩინა, შესაბამისად, ავტოგაზის ბიზნესში მონოპოლია და ოლიგოპოლია გამოირიცხა. სრულიად გასხვავებული ვითარებაა ნავთობიმპორტიორებთან დაკავშირებით.

სააგენტომ შეისწავლა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ მიერ წარმოდგენილი ფაქტები, ასევე, საავტომობილო დანიშნულების ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. მოკვლევის პერიოდი მოიცავდა 2014 წლის აგვისტოსა და დეკემბრის თვეებს.

მოკვლევის პერიოდისთვის საქართველოში ფუნქციობდა დაახლოებით 100-მდე საავტომობილო გაზის რეალიზატორი კომპანია, 160-მდე გაზგასამართი სადგურით. კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენდა 1665,6 ერთეულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი იყო ზომიერად კონცენტრირებული.

სააგენტომ მიიჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, საქმეში არ არსებობს მყარი ეკონომიკური და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის აგვისტოში და მით უმეტეს დეკემბერში, კომპანიების მხრიდან საავტომობილო გაზზე ფასების ზრდა განპირობებული იყო ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შეთანხმების შედეგად.

„2014 წლის აგვისტოს და დეკემბრის თვეებში ბაზრის სუბიექტების მხრიდან, პარალელურ რეჟიმში ფასის ერთგვაროვანი ოდენობით - 5 თეთრით გაზრდის მიუხედავად, ეს ფაქტი არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება. ფასის ზრდის დღეები ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია.

ზოგიერთ კომპანიას საერთოდ არ გაუზრდია ტარიფი და განსხვავებული იყო მათი სარეალიზაციო ფასიც. უფრო მეტიც, ცალკეული კომპანიები გაზს სხვადასხვა ადგილებში (მათ შორის ერთსა და იმავე ქალაქში) განსხვავებულ ფასადაც კი ყიდდნენ, რაც ბაზარზე კონკურენციის არსებობის ერთ-ერთი მიმანიშნებელი ფაქტორია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფასწარმოქმნაზე ზეგავლენას ახდენს კონკურენტის ქმედება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სხვა“, - მიაჩნიათ სააგენტშო.

„ჯიბისის“ ინფორმაციით, მარეგულირებელმა ბაზრის გაჯანსაღების მიზნით რეკომენდაციებიც შეიმუშავა. იგი ეხება ბუნებრივი აირის საბითუმო მიწოდების ფასებს, გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტებით მშენებლობას, ტექნიკურ აღჭურვილობას, უსაფრთხოების ნორმების სისტემატიურ კონტროლს და ბუნებრივი გაზის მოწოდების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობას.

თუკი ავტოგაზის შემთხვევაში კარტელური გარიგება არ დადასტურდა, სულ სხვა მდგომარებაა თხევადი საწვავის ბაზარზე. აქ ნავთობიმპორტიორებსა და კონკურენციის სააგნეტო შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ზორბა დაჯარიმების შემდეგ, სასამართლომ ნავთობკომპანიების სარჩელი კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო. სასამართლოში სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კომპანიებმა - “ვისოლი”, “ლუკოილი”, “გალფი” და “სოკარი”.

რამდენიმე თვის წინ ანტიმონოპოლისტებმა სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის, “ვისოლს”, “სოკარს”, “რომპეტროლს”, “გალფს”, “ლუკოილს” და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: “სოკარი” - 14 381 385 ლარი, “რომპეტროლი” - 10 885 806 ლარი, “გალფი” - 11 267 384 ლარი, “ვისოლი” - 10,426 393 ლარი, “ლუკოილი” - 4, 740 260 ლარი. შპს “ელ იოლი” - 1 209 800 ლარი, შპს “ითიაი” - 1 172 776 ლარი, შპს “ბინული 1” - 654 445 ლარი.

საკუთარ სიმართლეში და შესაბამისად სასამართლო საქმის მოგებაში დარწმუნებულია კონკურენციის სააგენტო. მისი ხელმძღვანელი, გიორგი ბარაბაძე ამბობს, რომ სააგენტო ნავთობკომპანიებთან სანქცირების მაქსიმალური გზით არ წასულა.

ბარაბაძის ინფორმაციით, 2012 წლამდე ბაზარზე 179 იმპორტიორი ოპერირებდა, 2010 წლიდან 2012 წლამდე კი მათი რიცხვი 7-მდე შემცირდა.

„2010-12 წლამდე ბაზარზე 7 კომპანია დარჩა, დანარჩენი ყველა კი ბაზრიდან გავიდა. 2012 წლიდან დღემდე მათი რიცხვი დაახლოებით 33-მდე გაიზარდა. ტენდენცია მიდის დადებითისკენ. გაიხსნა საზღვრები და 2012 წლის პერიოდის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნა“, - აცხადებს ბარაბაძე.