რატომ ვერ დაიჭერს ,,ოცნება'' გადატრიალებაში ეჭვმიტანილ ნაციონალებს
დაძაბულობა რომელიმე ტელევიზიის გარშემო, ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა და წინასაარჩევნო აგონია, გააქტიურებული, რადიკალური ოპოზიცია, ქუჩის გამოსვლები, პიკეტისა და დაუმორჩილებლობის ანონსი, ფარული სატელეფონო ჩანაწერები ან მიმოწერა - თუ სახეზე ყველა ეს სიმპტომია, მაშინ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომელიმე ოპოზიციონერს 315-ე მუხლით საქმის აღძვრა არ ასცდება. თავად ეს მუხლი, რომელიც საქართველოში ასე პოპულარულია, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მოწყობას გულისხმობს და სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურია.
უკვე ყველამ იცის, რომ ხელისუფლებამ, ,,რუსთავი 2''-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავების პერიოდში, საქმე 315-ე მუხლით აღძრა და ტელევიზიის გენდირექტორი ნიკა გვარამია და ნაციონალების საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია დაკითხა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის გამო. საუბრების ამ ციკლში, ბოლო დღეებში მომღერალი სოფო ნიჟარაძეც გამოჩნდა და თემურ ჯანაშიაც, რომლებიც ასევე დაიბარეს მოდულის შენობაში. რა ოპერატიულ ინფორმაციას ფლობს შს სამინისტრო და სუს-ი ამ ჩანაწერების გარდა, არც პირველ და არც ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში დაუკონკრეტებიათ, საქმესაც ,,საიდუმლო'' გრიფი ადევს, თუმცა გამოძიების მთავარი ხელჩასაჭიდი რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი უკრაინული საიტია, სადაც პირველად სააკაშვილი- ბოკერიას, შემდეგ კი სააკაშვილი- გვარამიას საუბრის ჩანაწერი დაიდო. საქმე ეხებოდა ,,ვიღაც ბიჭებს'', რომლებიც ყველას დაასისხლიანებენ, ოპერატორ ,,გაგუშას'', რომელიც ამ ყველაფერს გადაიღებდა, შვილებიან ქალს, რომელიც უნდა მომკვდარიყო და პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც ნაციონალების ერთ-ერთ მოკავშირეს. მოქმედების არეალი კი დასარბევად გამზადებული ,,რუსთავი 2''-ის ტერიტორია უნდა ყოფილიყო. ეს პირველი ჩანაწერი ბეჭდვური სახით გავრცელდა, იმ დღის მერე კი საიტზე ახალი აუდიოვერსიები გამოჩნდა. ვისმენთ, როგორ ურჩევს სააკაშვილი გვარამიას, ,,რუსთავი 2''-ის შენობა რკინის ბარიკადებით გაამაგროს და ,,ბოევიკებს'' დააცვევინოს. ცინცხალი ჩანაწერებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ამ ,,ბოევიკების'' გზა-კვალი და მისამართი ცნობილ ,,გადამტრიალებელს'', გივი თარგამაძეს სცოდნია. ჯერჯერობით ბოლო ჩანაწერში კი, როგორც აღმოჩნდა, ხალხის მობილიზებას საკუთარ თავზე კობა ხაბაზი და მისი ,,თავისუფალი ზონა'' აიღებენ, ფრონტის წინა ხაზზე კი ნუგზარ წიკლაურსაც ვიხილავთ. თუმცა, მსგავსი საუბრები და ჩანაწერები, უფრო სერიოზული მტკიცებულებების გარეშე, ამ მძიმე მუხლით საქმის აღძვრის საფუძველს არ იძლევა და დღეს ამაზე ქვეყანაში ბევრი თანხმდება; მეტიც - ზოგადად, 315-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის დამტკიცება ძნელია, რაშიც ,,ოცნება'', წესით, 1 წლის წინ უნდა დარწმუნებულიყო. ზუსტად ამ მუხლით საქმე ერთხელ უკვე აღიძრა ნაციონალების წინააღმდეგ, როცა მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი მოადგილე, ლევან იზორია სააკაშვილის მიერ კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე საუბრობდნენ. თურმე, ექსპრეზიდენტმა 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნა, რომელსაც სტრატეგიულ ობიექტებზე გაფიცვები უნდა მოეწყო, ფინალი კი ,,თბილისური მაიდანი'' და თავისუფლების მოედანზე საბურავების დაწვა იქნებოდა. ამ საქმეზე არც არავინ დაუკითხავთ და არც ბრალი წაუყენებიათ ვინმესთვის, რამდენიმე თვის მერე კი პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, გამოძიება დაწყებულია და ,,ყველა პოტენციური დამნაშავე თუ დანაშაულის ჩამდენი დაისჯება''. ასე ეძებს ,,ოცნება'' ,,პოტენციურ დამნაშავეებსა'' და დამკვეთ- შემსრულებლებს, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების ექსკლუზივი როდია. სად იყო ,,ოცნება'', ნაციონალები 315-ე მუხლს ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებს რომ უფრიალებდნენ!? მეტი თვალსაჩინოებისთვის, ,,ვერსია'' დაანონსებული, მაგრამ არშემდგარი შეთქმულებების ქრონოლოგიას გთავაზობთ:
შეთქმულება #1. არშემდგარი შეთქმულებების სეზონი 2006 წელს გაიხსნა, ე.წ. იგორ გიორგაძის მომხრეების საქმით, როცა ზუსტად 315-ე მუხლის მსხვერპლი 12 ადამიანი გახდა. ამ ბრალდებით იგორ გიორგაძის მომხრე რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს, მათ შორის გიორგაძესთან დაკავშირებული ფონდის, ,,ანტისოროსის'' ხელმძღვანელი, სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მაშინ ის ერთადერთი იყო, ვინც ბრალი აღიარა და საოცარ აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი. ჩვენების მიხედვით, მას უნდა ეპოვა 500 კაცი, რომელსაც შეაიარაღებდა. მერე ეს ხალხი პარლამენტისკენ დაიძვრებოდა და ჯერ ნინო ბურჯანაძეს მოკლავდა, შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილს და ხელში სტრატეგიულ შენობებს ჩაიგდებდნენ, ფინალი კი სახელმწიფო გადატრიალება უნდა ყოფილიყო. 6-წლიანი დუმილის შემდეგ, აღიარებითი ჩვენების ავტორმა, იმ მუქარასა და ზეწოლაზე ისაუბრა, რის გამოც გამოძიებასთან ,,ითანამშრომლა''.
შეთქმულება #2. ისევ რუსული სპეცსამსახურები, ისევ ძლიერ ტელევიზიაზე, ,,იმედზე'' თავდასხმა, რომელიც მაშინ სააკაშვილის მთავარ ოპონენტს, ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, ოპოზიციის გამარგინალება და იგივე ბრალდება, შეთქმულება საქართველოს ხელისუფლების დასამხობად - ეს 2007 წელია, რომლის სცენარი ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელ მოვლენებს. ნოემბრის აქციების ფონზე, ნაციონალებმა ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერს ბრალი დასდეს ჯაშუშობაში, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და ,,ოცნებაზე'' შორსაც წავიდნენ. მათ დადეს კადრები, სატელეფონო ჩანაწერები, ერთმანეთთან საუბრის აუდიო და ვიდეომასალა და ასე შეეცადნენ ,,იმედზე'' შევარდნისა და არხის პარალიზების გადაფარვას. საქმე აღიძრა ,,ლეიბორისტების'' ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც პირადად ნიკა გვარამიამ წაუყენა ბრალი 2007 წლის 8 ნოემბერს. ბრალს საფუძვლად დაედო ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ნათელაშვილი რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრობდა. სწორედ ამავე საელჩოს თანამშრომელთან საუბრის ჩანაწერი გახდა მთავარი კომპრომატი რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ გაუგებარია, თუკი მსგავს შეთითხნილ მასალებზე 2007 წელს ეცინებოდა, დღეს რატომ არ აქვს იგივე რეაქცია ,,ოცნების'' კოალიციის დეპუტატს. 2007 წლის 9 ნოემბერს გენპროკურატურა უკვე ცოტნე გამსახურდიაზე გავიდა. მისი ინფორმაციით, გამსახურდია რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებთან, სოკოლოვთან, სოლომატინსა და ვოლინკინთან ,,კავშირში იყო შემჩნეული''. მას დაუდეს საკუთარ ძმასთან საუბრის ჩანაწერი, სადაც იგი კონსტანტინე გამსახურდიას საყვედურობდა, 2 ნოემბერს აქციაზე 100 000 კაცი რატომ არ გამოიყვანე, ხელისუფლების დასამხობადო. იგივე ბრალდება ისმოდა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის, გოგა ხაინდრავას მისამართითაც, რომელიც სრულიად საქართველომ ფარულ ჩანაწერში გაჟღერებული ,,პრივეტსტვუიუ, მაესტრო''- თი დაიმახსოვრა. ცოტა უფრო მასშტაბური სახე კი ვალერი გელბახიანისა და ბადრი პატარკაციშვილის შეთქმულებამ მიიღო, რომლის კვანძის გახსნაში ლომის წვლილი ერეკლე კოდუას მიუძღვის. გელბახიანს ბრალი 2007 წლის 17 დეკემბერს წარუდგინეს და შსს-მ ასეთი განმარტება შემოგვთავაზა: გამოძიებამ დაადგინა, რომ გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული, შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. მან ბადრი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად, შეიმუშავა ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომლის თანახმად, ორგანიზებულ ჯგუფებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად, ძალადობრივი პროვოკაციებით, ქუჩაში უკმაყოფილო ხალხი უნდა გამოეყვანა და მასობრივი არეულობა დაეწყო.
შეთქმულება #3. მორიგი შეთქმულება 2009 წლის 5 მაისის ,,მუხროვანის ამბოხის'' სახელითაა ცნობილი. ამბოხის პრეისტორია ასეთია: შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 5 მაისს, როცა ამბოხში ბრალდებულები დააკავეს, პრესკონფერენციაზე გვამცნო, რომ ჩაიშალა სამხედრო ამბოხის გეგმა, რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. უტიაშვილის თქმით, ეს გეგმა რუსეთთან იყო კოორდინირებული და მიზნად, მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას, მაქსიმუმ კი - ქვეყანაში სრულმასშტაბიან სამხედრო ამბოხს ისახავდა. საქმის 41 განსასჯელიდან, მოსამართლემ ათამდე კაცი დაიჭირა, ზოგს დიდი გირაო შეუფარდა. უფრო ,,მსხვილი დამნაშავეები'' მაშინ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე და გადამდგარი გენერალი კობა ოთანაძე იყვნენ, ხოლო კობა კობალაძე, რომელიც დღეს ასევე ,,ოცნების'' ხელისუფლებაშია, დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოძიების ინფორმაციით, ამბოხი იგორ გიორგაძის მინისტრობის დროს შექმნილი სპეცდანიშნულების ცნობილი რაზმის, „ომეგას“ ყოფილმა წევრმა, გია ღვალაძემ, მეტსახელად „ზამპალიტამ“ გასცა. თურმე, ქართველი სამხედროები რუსული ტანკების კოლონას გზას უხსნიდნენ ცხინვალიდან, ამ დროისთვის კი, თბილისის სტრატეგიული ობიექტები უკვე დაკავებული უნდა ჰქონოდათ. მოქმედ პირთა შორის იყო გადამდგარი პოლკოვნიკი გია კრიალაშვილიც, რომელიც ე.წ. აყვანის სპეცოპერაციის დროს შემოაკვდათ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ 20 მაისის სპეცოპერაციაზე გია კრიალაშვილის სიკვდილი უბრალოდ ,,გააფორმა''. ჯამში, ,,სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის'' ნაცვლად, ხელთ ერთი მოკლული და ერთიც ოპოზიციაში გადასული გენერალი შეგვრჩა.
შეთქმულება #4. თემურ ხაჩიშვილი, რომან დუმბაძე, ვალერი გელბახიანი, დავით შუკაკიძე, ნიკოლოზ გოგუაძე, პაატა მოდებაძე - ეს ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის არასრული შემადგენლობაა, ხომერიკით სათავეში, რომელთაც ნაციონალებმა მორიგი გადატრიალება დააბრალეს. 2011 წლის 26 მაისს აგორებულ ამ საქმეს ე.წ. ყინწვისის შეთქმულების სახელით ვიცნობთ. ,,შეთქმულების'' პარალელურად, ქუჩებში ნინო ბურჯანაძის გაუთავებელი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ხან საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხან რუსთაველზე, ხან თავისუფლებაზე. ამ აქციებს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები უერთდებოდნენ და ერთ-ერთი ეროვნულსარწმუნოებრივი მოძრაობა იყო, რომლის წევრები 26 მაისს, გამთენიისას, ყინწვისში აიყვანეს, 26 მაისს კი, ზუსტად ღამის 12 საათზე ნინო ბურჯანაძის აქცია დაარბიეს. ,,ყინწვისის შეთქმულებაში'' იყო კოდური სახელები, წიგნში დაშიფრული სტრიქონები და სხვა მსგავსი სპეცეფექტები, რომელიც შემდეგ საქმის მასალებიდან გააქრეს. შეთქმულთა გვარები და გეგმები კი, დიდწილად, ბურჯანაძის ქმარს, ბადრი ბიწაძეს დაუკავშირდა, რომელსაც მაშინ ხელისუფლება ეძებდა და ბრალიც კი წაუყენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხაჩიშვილის შეიარაღებულ ძალას ბიწაძე- უჩავას ,,შეფიცულები'' იგოეთში უნდა შეერთებოდნენ და თბილისზე იერიში გაერთიანებული ძალებით მიეტანათ. მეორე ვერსიით, ნიკა გოგუაძე ცხინვალიდან 2 000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სამხედროს უნდა შემოძღოლოდა. ამ დროს, გენერალი გია უჩავა თბილისში იყო და ბურჯანაძის აქციებისთვის ე.წ. შეფიცულთა რაზმს წვრთნიდა. ჯამში, 25 მაისს, დილით, სწორედ უჩავა დააპატიმრეს და მისი და გოგუაძის აღიარებითი ჩვენება გახდა ,,ყინწვისის შეთქმულების'' გახსნის საფუძველი. სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფს კი წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების მცდელობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ბიწაძე პოლიტდევნილი გახდა, უჩავა შეწყალებით გამოვიდა, ხოლო ყინწვისის საქმეზე დაპატიმრებული ჯგუფისა და ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი, პოლიტპატიმრად აღიარეს და მას ამნისტია შეეხო.
შეთქმულება #5. ,,ზილების რევოლუციის'' სახელით ცნობილი სპეცოპერაცია 26 მაისს მიება და ირაკლი ოქრუაშვილსა და ,,ქართული პარტიის'' წევრებს ეხებოდა. ამბის მოკლე შინაარსი ასეთია: 2011 წლის მაისის ბოლოს, ძებნილი ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში შემოსვლას ვლადიკავკაზიდან გეგმავდა. ის ჯერ ცხინვალში შემოვიდოდა, მერე კი რუსი სპეცრაზმელებისა და ქართველი მეკავშირეების დახმარებით, ცხინვალი- გორი- თბილისის სისხლიან რეისს მოაწყობდა, ,,ზილების'' დახმარებით. ოქრუაშვილი, რუსი ბოევიკებიანად, ერთ-ერთ, ვითომ ცარიელ ,,ზილში'' უნდა მჯდარიყო და ქართული საგუშაგოსთვის ცეცხლი გაეხსნა. ნაციონალებმა მაშინ ,,ქართული პარტიის'' ლიდერების გარდა ყველა ადამიანი დაიჭირეს, ვინც ამ პარტიის ოფისის შორიახლოს ჩაიარა. თან, ყველა დაკითხულსა თუ დაპატიმრებულს სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოუჩინეს: ზოგს სათავსოში, ზოგს სარდაფში, ზოგსაც ბოსტანში. ერთ-ერთი ბრალდებით, რევოლუციის ავტორებს დიდი ოდენობით იარაღი სწორედ ბოსტანში გათხრილ ორმოში ჰქონდათ ჩამარხული, თუმცა ეს ,,ბოსტნის ორმო'' დღემდე ყველას ღიმილს გვგვრის. ჯამში, ათზე მეტი პირი დააკავეს. საქმეში კი ბევრი საინტერესო, ძირითადად, თავდაცვისა და შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებდა. დაკავებულთა შორის იყვნენ თავდაცვის სამინისტროს ექსთანამშრომლები შალვა და გიორგი საბაშვილები, თავდაცვის მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, ,,ქართული პარტიის'' რეგიონული კოორდინატორი ლევან ტერაშვილი და სხვები. რევოლუცია ერთ-ერთმა დაკავებულმა საბაშვილმა გასცა და აღიარებით ჩვენებაში ,,ზილებიანი ირაკლის'' გეგმები წვრილად ჩაარაკრაკა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 315-ე მუხლი როგორც ამ, ისე წინა ხელისუფლების მაშველ რგოლად იქცა, როცა პროცესებზე მართვის სადავეებსა და რეიტინგს კოსმოსური სიჩქარით კარგავდნენ. ნაციონალებს ბოთლიდან ზუსტად იგივე ,,ჯინი'' ამოჰყავდათ, ოპოზიციას ფარულ ჩანაწერებს, აუდიო და ვიდეო საუბრებს უდებდნენ და მერე, 1 საათში იღებდნენ აღიარებით ჩვენებებს სამშობლოს ღალატის დასტურის შესახებ. ყველა ეს საქმე ან ვადამდელ, ან მორიგ არჩევნებს უკავშირდებოდა და ნაციონალები, ამ შეკოწიწებული რევოლუციებით, ხელისუფლებას იხანგრძლივებდნენ. მაგრამ, ისიც გავიხსენოთ, როგორ დამთავრდა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პანტა- პუნტით აღძრული მქუხარე საქმეები - დღეს ყველა ეს ლიდერი ისევ ლიდერია და ძველებურად აქტიურობს. არც არავინ დაუჭერიათ, არც არავინ დასჯილა და არც ჩვენ გვიგრძნია რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებამ სისხლისღვრა აგვაცილა თავიდან. თანაც, 2006 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი სრულიად საკმარისი იყო, ნაციონალებს ერთი ნამდვილი ფაქტი მაინც ეჩვენებინათ, რაც შეთითხნილი შეთქმულების რეალურობაში დაგვარწმუნებდა! რატომ არ შეიძლება, დღევანდელი ,,შეთქმულებაც'' ისეთივე ფარსი იყოს, როგორც წინა ხუთი? როგორც ჩანს, ,,ოცნებაში'' ბრძენები მართლაც არ არიან, რომ სხვის შეცდომაზე ისწავლონ, თუმცა საკუთარზეც ვერ სწავლობენ და ვერც იმას ხვდებიან, რომ თუნდაც მათ მიერ არაერთხელ გამოსროლილ 315-ე მუხლს „ფიშტოს“ ეფექტიც აღარ აქვს! აქ სამწუხარო და სავალალო კიდევ ის არის, რომ შეთქმულებებით ,,ოცნება'' მარტო ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც ერთობა: ჯერ აქ ბრალი კონკრეტულად არავისთვის წაგვიყენებია, გამოძიება ლოგიკურ ეტაპამდე არ მისულა და ჩვენ უკვე ხან უკრაინულ სპეცსამსახურებს მივმართავთ, ხან უკრაინის პრეზიდენტს, სააკაშვილი გაუშვი, არამეგობრულად იქცევიო, ახლა საქმის კურსში ესტონური მედიაც ჩავაყენეთ. რა შედეგი მოჰყვება დაკითხვების ამ სერიას და რა ბედი ეწევა ,,შეთქმულება 2015''-ის საქმეს, რას მოიგებს ამით ხელისუფლება, ზოგადად, რატომ ირჩევს ყველა მთავრობა ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლაში ,,სამშობლოს მოღალატის'' მუხლს და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ასეთი სერიოზული ბრალის დამტკიცება - ,,ვერსიისთვის'' განმარტებას იურისტი, ,,მომავლის ინიციატივების'' დამფუძნებელი ლევან ალაფიშვილი აკეთებს:,,რაც ხდება, მარტო შიდაპოლიტიკის საკითხი აღარაა. ამ ყველაფერში ნატოცაა ჩართული, რადგან შსს-ს დეპოლიტიზება და რეფორმა, ანუ სპეცსამსახურების პოლიტიკიდან გარიდება სწორედ ნატოს რეკომენდაციაა. ეს საქმე კი პირველი ტესტია ჩვენი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სააგენტოსთვის, რადგან ახლა ვნახავთ, რეალურად შედგა თუ არა შსს-ს დეპოლიტიზაცია. რაც შეეხება 315-ე მუხლსა და ჩვენს ისტორიას: ყველა ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ოპონენტს ამ მუხლს უყენებს, რადგან გადატრიალების ბრალდება განსაკუთრებულად მძაფრი და მომნუსხველია და ბრალდებული პოლიტიკური ძალის დისკრედიტების უნარიც აქვს. თავისთავად, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმეა და გამოძიების მასალებს ედება გრიფი, ,,საიდუმლო'', საზოგადოებაში ინფორმაცია არ გადის, რაც ქვეცნობიერში ამ მუხლს უფრო ამძიმებს. თუმცა 315-ე მუხლით აღძრული და ბოლომდე მიყვანილი გამოძიება ჯერ არ მინახავს, მით უმეტეს, ,,ოცნების'' მხრიდან, ეს უკვე მეორე მცდელობაა. რამდენად სერიოზულია ამ მუხლის წაყენება და საფრთხეები, ამას თავად უსაფრთხოების სააგენტო პასუხობს თავისი მოქმედებით - სამართლებრივი საფუძველი რომ ყოფილიყო, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემას ვერავინ დაასწრებდა! გავიხსენოთ საერთაშორისო და საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაც: 90-იან წლებში, ჩვენთანაც, აზერბაიჯანშიცა და სომხეთშიც რეალურად იყო სამხედრო გადატრიალების არათუ მცდელობა, არამედ დანაშაული. იმის მწარე გამოცდილება გვაქვს, რეალურად, რას ნიშნავს კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალება. სამწუხაროდ, ის ცდა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მას გამოძიება და სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია. ამ დროს, 90-იან წლებში რეალური გადატრიალების ყველა მკაფიო ნიშანი სახეზე გვქონდა: ძალადობა, ხელისუფლების ჩამოგდების დასრულებული მცდელობა, შეიარაღებული დაჯგუფებები და ეს ქმედებები აქტიურად იყო მიმართული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ დღესაც ეს ნიშნები რომ ყოფილიყო, უსაფთხოების სააგენტოს ალბათ, ვერავინ დაასწრებდა განმარტებებსა და მოქმედებაში. ნამდვილი გადატრიალების მძიმე ფასი, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა, უკვე გადავიხადეთ. ამიტომ ახლა ცალკე საკითხია, მისაღებია თუ არა ამ მუხლის აპრობირება და გამოყენება ოპონენტის წინააღმდეგ. ზოგადად, მთელ მსოფლიოში, ამ მუხლს ყველა ძალიან ფრთხილად და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან მცირე კითხვის ნიშანიცა და სახელმწიფოს წარუმატებლობა ამ მიმართულებით, ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ შებრუნდება. დარჩენილი კითხვები ისევ პროკურატურის, გამოძიებისა და ხელისუფლების მიმართ დაისმება, რომელმაც იჩქარა, ან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. განვითარებადი და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები განსაკუთრებული სიფრთხილით, მაღალი სტანდარტითა და მაქსიმალური გამჭვირვალობით უდგებიან სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვას. ჩვენ კი ეს საქმე დავხურეთ და მხოლოდ ორ ბრიფინგიდან გვაქვს ზოგადი ინფორმაცია საქმის აღძვრის შესახებ. ასევე, მივმართავთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, თუმცა რატომ და რისთვის, უცნობია, რადგან ჯერ გამოძიება ქვეყნის შიგნით არ დასრულებულა და არც არაფერი დადასტურებულა. როცა თავადაც არ გაქვს დაზუსტებული და დამტკიცებული ინფორმაცია, ასეთი მიმართვები ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის საკმაოდ სახიფათო და დამაზარალებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს''.
ჰოდა, დასკვნა ყველამ ჩვენ ჩვენთვის გამოვიტანოთ - მერამდენედ უნდა ვთქვათ, რომ ,,ეს კინო ნანახი გვაქვს'' და მივხვდეთ, რომ ამ მორიგ ,,დაბალბიუჯეტიან ბლოკბასტერში'' არც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არც კონსტიტუციური წესრიგისთვის!